– ხომ სწავლობ კარგად, – წამოიწია უფროსი.

– ისე რა.

– ფერზე გეტყობა, ხუთოსანი იქნები, – არ დაუჯერა უმცროსმა.

– არა, არა ვარ ხუთოსანი.

ვაჟას ოთახი ეუცხოვა. ავეჯი, ალბათ, მამიდამისს ჩამოეტანა. სარკესთან უამრავი პატარა ბოთლი იდგა. ვაჟას გაახსენდა, შარშან ეს ყველაფერი ნანამ დატოვა. ბოთლები ცარიელი იყო. სამაგიეროდ ფერადი. ვაჟას ისე მოეძალა ქავილი, აღარც ერიდებოდა ბიჭებს, გადაიძრო ჯემპრი, პერანგი.

კედელზე მამიდაშვილების სურათები ეკიდა.

– უბანში იცნობ ბიჭებს? – ისევ უმცროსი ეკითხებოდა.

ვაჟას რაც შეეძლო, ბევრი ბიჭის სახელი უნდა ეთქვა, ასე აჯობებდა. ასე უფრო მოიგებდა მამიდაშვილის გულს. თანაკლასელების გარდა, ვინც სკოლიდან, ეზოდან გაახსენდა, ყველა ჩამოთვალა და ბოლოს დაუმატა კაკუჩა.

– ჩემი ძმაია კაკუჩე, – უფროსს სახე გაუნათდა, – შარშან ქობულეთში დავცხეთ ზოგიერთებს.

ვაჟას ყოველთვის უმართლებდა მსგავს ხალხთან, როდესაც ძალიან ფეხებზე მკიდია სახეს მიიღებდა, თან ვითომც არც არაფერი აინტერესებდა და ყველაფერს აგდებით იხსენიებდა.

– კაკუჩას ბევრი ურტყამს თავში, – სადღაც გაგონილი ფრაზა მამიდაშვილებისათვის ზედგამოჭრილად ჩათვალა.

– მაი სხვა კაკუჩე იქნება, – იუარა უფროსმა.

საუზმეზე თავიდან ყველა ჩუმად იყო, გულნარამ ჭიქები შეავსო და ქმარს ანიშნა, თქვიო. ქმარმა ვასიკოზე მიუთითა. ქალმა არ დათმო და თვალები დაუქაჩა.

– აბა, გაუმარჯოს ჩემი სიდედრის ხსოვნას, – ასწია ჭიქა უზარმაზარი ტორით, – მოგონება იყოს.

– ხსოვნა იყოს, – ვასიკო სიძის პირველი სიტყვებიდანვე შეეჩვია, შეეგუა, რომ თვითონ სტუმარი იყო.

– ვასიკო, – წამოიწყო გულნარამ შესანდობარის ჩამოთავების მერე, – გაკეთდა შენი გოგო?

– მაგის დროა ახლა… იმას რატომ არ მეკითხები, სად არისო.

– ლილიმ მითხრა, არ გამოუშვესო, ენაცვალოს მამიდა, მაი კი გამოგივიდათ ჯიშიანი.

– ლილიმ გითხრა, – ცოლს გადახედა ვასიკომ. ის ერთი ჭიქა ემჩნეოდა უკვე გამოხედვაში, – კაი რამესაც გეტყოდა ლილი.

ვაჟას ყოველთვის უკვირდა მამის. მეზობელს რომ ეწყენინებია, ცოლზე გადატეხავდა. რას ერჩოდა, რა უნდოდა? ალბათ, ყველაზე ერთგულ და მორჩილ ადამიანად თვლიდა და მისი ხასიათიც, მამის ბუნებაც აქ მჟღავნდებოდა. სხვას ვერავის უბედავდა სიტყვის შებრუნებას, ხმის აწევას, ამიტომ უთქმელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

– ნანა აქ უნდა ყოფილიყო, – ტატიანამ ლილის უთხრა ეს, მაგრამ ვაჟამაც გაიგონა და ისევ არ ესიამოვნა, ისევ შეეშინდა ნანას სიმარტოვის. გაახსენდა როგორი ოდნავ დარეტიანებული სიარული იცოდა დამ, ნანას გაშტერებული ცქერა… და უცებ იმ ვაშლის ხესაც გახედა ფანჯრიდან. ცივად მოაშორა თვალი.

მეზობლის ქალმა რძე შემოიტანა ქოთნით. ტკბილი ორთქლი დადგა სუფრაზე. ვაჟამ ჭიქაში გადმოისხა და სიამოვნებით მოხვრიპა.

– შეხედე, – ქმარს უჩურჩულა გულნარამ, მაგრამ უჩურჩულა ისე, რომ ყველას გაეგონა, – შეხედე, რა ჭკვიანი ბიჭია, – მერე რძალს გადახედა, – ყოჩაღ, ლილი, ყოჩაღ. აბა, ჩემები, თუ მჟავე და ცხარე არ იქნა, პირს არ დააკარებენ. ყოჩაღ, ლილი, რომ მიგიჩვევია ბაღანე დაჯერებას.

ვაჟა ვერ ხვდებოდა, ასე საქები რა ჩაიდინა. ნელ-ნელა სვამდა ცხელ რძეს.

– რეიზა ხართ ამფერი დოუჯერებლები, ამფერი თქვენის გამტანები და ამაყები, – ახლა შვილებს მიმართავდა გულნარა, – მიბაძეთ თქვენს ბიძაშვილს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28