– ადექი, გეყოფა, – სიმონამ მსუბუქად დაჰკრა მხარზე ხელი.

ბიჭი წამოიწია. არ ეგონა, თუ ასე მკვირცხლად წამოდგებოდა. ისევ სირბილით გაუყვნენ.

ვაჟა არ შემცდარა. კაკუჩა მართლა იქ იდგა და ვიღაც ძაღლიან ბიჭს ელაპარაკებოდა. დიდ ინგლისურ დოგს წითელი ენა გადმოეგდო და აქეთ-იქით იყურებოდა. პატრონს საყელურით ეჭირა.

– რომელია? – იკითხა სიმონამ, როდესაც ვაჟა შეჩერდა და მისი მზერაც დაიჭირა.

– მაღალი.

– ქურდი ბიჭია? – ისევ გაიმეორა შეკითხვა სიმონამ. ვაჟას ღიმილი შენიშნა და დამრიგებლურად უთხრა, – როცა საქმეზე მიხვალ კაცთან, ყოლიფერს აქვს მნიშვნელობა, – კაკუჩას ერთი კიდევ შეავლო თვალი და გასძახა, – ბიჭო!

ორივე შებრუნდა. ძაღლიანმა ხელი მიიდო, მეო? სიმონამ კაკუჩას შეხედა, – მოი აგერ.

– მეე? – ახლა კაკუჩამ იკითხა.

– შენ, შენ, მოი, – სანამ ბიჭი მიუახლოვდებოდათ, ვაჟას ჰკითხა, რაო, – რა ქვიაო?

– კაკუჩა.

– სახელი კაი ქონია, – გაეღიმა სიმონას და უკვე გვერდით მდგარ კაკუჩას ხელი გაუწოდა, – გამარჯობა შენი, მე ნანას ბიძა ვარ.

– გამარჯობათ, – კაკუჩამაც ჩამოართვა ხელი.

– ვმოყვრდებით? – სიმონა მარჯვენას არ უშვებდა. პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

– რაა? – ბიჭმა ხელი დაქაჩა. სიმონას მაგრად ეჭირა.

– რა მოხდა თქვენში? – ეტყობა, რაც მოადგებოდა სიმონას პირზე, იმას წამოისროდა ხოლმე. დაბნეული იყო კაცი, აღელვებული, მაგრამ სახეზე ეს არ ემჩნეოდა. მხოლოდ ვაჟა ხედავდა, ქუდს ქვემოთ დანაოჭებული კეხი უთრთოდა.

– რაა? – ისევ დაქაჩა ხელი კაკუჩამ და თვალი ძაღლიანი ბიჭისკენ გააპარა.

– ეს ნანას ძმაია, – გააცნო სიმონამ ვაჟაც.

– სასიამოვნოა, – ჩუმად დაუმტა, – ხელი გამიშვი, ბიძაჩემო.

– რა მოხდა თქვენში, შენსა და ნანას შორის?

– ხელი გამიშვი, კაცო! – აუწია ხმას კაკუჩამ და უფრო მაგრადაც დაიქნია მარჯვენა, არაფერი გამოუვიდა.

– უნდა შეირთო!.. არ ვარ კიდო მე შენი კაცო.

– მიდი, რა, კაცო, – ეტყობა, კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა ბიჭს, მაგრამ არ დასცალდა, სიმონამ მარცხენა ხელი სტკიცა სახეში.

ძაღლიანი ბიჭი დაიძრა მათკენ. კაკუჩამ ისე გახედა, ეტყობა, სულ არ უნდოდა მისი სიახლოვე და მოწმეობა.

– სადარბაზოში შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ, შესთავაზა კაკუჩამ კაცს.

– წამოი, – თვითონ გაუძღვა სიმონა, ისე რომ ხელი არ გაუშვია. კაკუჩამ უკან მოიხედა და ძაღლიანს გაუღიმა, აქ მომიცადე, ახლავეო.

– რა გინდა, კაცო, ჩემგან, – მთელ სადარბაზოში გაისმა კაკუჩას ხმა, – ის შენი ნათესავი პატიოსანი ხომ არ გგონია.

ისევ მოხვდა ყურის ძირში. ეს ტკაცანიც ექოდ მოედო იქაურობას. ვაჟა უხმოდ იდგა, კედელს აკვროდა. ყველაფერს მშვიდად უყურებდა. სულ გადაუარა ბრაზმა, ბოღმამ.

– ბიძაჩემო, ჩემთან ეგეთები არ გაგივა, არ შეგრჩება, რა, – მშვიდად ეცადა ახსნას კაკუჩა, – შენ აზრზე არა ხარ, მე რა კაცი ვარ, – სწორედ გამოიცნო, მომხვდება ამ სიტყვების მერეო და მარცხენა ლოყაზე თავისუფალი ხელი აიფარა. ერთში კი შეცდა, სიმონამ მარჯვენა უცებ უშვა და დაუცველ მხარეს გააწნა სილა. ისე ღონივრად მოიქნია, რომ ქუდი მოძვრა თვითონვე.

– მოიცა, კაცო, შენთან ლაპარაკი არ შეიძლება, – კაკუჩამ სადარბაზოს ბაქნიდან საფეხურებზე აიწია და ხელშეუხებლობა მოკლე დროით გაინაღდა, – მომისმინე, როგორც გინდა ისე გეწყინოს, მაგრამ რა ვქნა, მართალს გეუბნები, სულ ცოტა, ათი კაციდან რაღა მე შევირთო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28