ვაჟამ ცოტა ხანს შეიცადა ხეზე. ერთიანად სულ სველი იყო ბიჭი. ეცადა უხმაუროდ ჩამოცოცებულიყო, მაგრამ ბოლოს უმტყუნა გაოფლიანებულმა ხელმა და სულ ქვედა ტოტზე გაუცურდა. ნანამ მოიხედა.

– შენ აქ იყავი? – მერე ვაშლის ხეს ახედა, – ხომ გითხრა ბებიამ, ჯერ მჟავეა, გაწყენსო, – სხვათა შორის დაუმატა, – იმათთან არაფერი წამოგცდეს, თორემ ხომ იცი, რაღაც ეგონებათ.

მაშინ მიხვდა ვაჟა, რომ ნანასთვის “ისინი”, “ესენი”, “იმათთან”, “ამათთან” მშობლები იყო და გოგო სახელებით მოხსენიების ღირსად არც თვლიდა მათ.

ამ ამბის გახსენებასაც ვერ ბედავდა ვაჟა, თავისთვისაც ეზარებოდა მოგონება. რცხვენოდაო ცოტაა, რაღაც აუტანელი ეუფლებოდა. დის მიმართ არც ზიზღი და მით უმეტეს გაბრაზებაც არ უგრძვნია, პირიქით, სიბრალული დაეუფლა და იმ დღის შემდეგ უფრო მზრუნველად თვლიდა თავს, უფრო მეტ ყურადღებას ივალებდა. ეს ყურადღება მხოლოდ გაფაციცებული თვალყურის დევნებით და ხშირი შეკითხვებით იფარგლებოდა. სად მიდიხარ, ვინ დაგირეკა და ბევრი ასეთი. გრძნობდა ვაჟა, როგორ აბეზრებდა თავს ნანას და მის ირონიულ ღიმილსაც იწვევდა. ერთი კია, არასოდეს წასცდენია გოგოს, შენ ვინ გეკითხებაო. ამ პასუხით, ერთხელ მაინც ასე რომ ეპასუხა დას, გულის დაწყვეტა მოგონილი იქნებოდა, შეიძლება მერე მართლაც არაფერში ჩარეოდა. ეს ნაძალადევი არ იქნებოდა. ალბათ, ნანაც დაახლოებით გრძნობდა, რომ მსგავსი პასუხით ჩამოიშორებდა ძმას და მოაკლდებოდა დიდი ყურადღება, წარმოუდგენლად თბილი და უთქმელი სიყვარული.

ბოლო გაკვეთილამდე არც მოჰგონებია ვაჟას პედსაბჭო. დამრიგებელმა შეახსენა. რა უნდა მითხრან, რით უნდა დამსაჯონო, ფიქრობდა ბიჭი, თვითონაც ხომ იციან, რომ ისეთი არაფერი მიქნია, წავედი გაკვეთილებიდან და ეს იყოო.

რამდენიმე დღის წინ უძილო მივიდა ვაჟა სკოლაში. ისევ იმ მიზეზით, ისევ მამა დაბრუნდა გვიან, ოღონდ უფრო დიდხანს იუზნეურა. ვაჟას თავი რომ არ მოემძინარებინა, ალბათ გაილახებოდა კიდეც. როგორც მამა ამბობდა, დღეს ამის მასწავლებელი შემხვდა და არაფერს აკეთებსო. არასოდეს აკონკრეტებდა კაცი, ვის მიჰქონდა მასთან ენა შვილებისა და ცოლის უსაქციელობაზე.

დილით დედა გაურბოდა შვილებთან ლაპარაკს. თუმცა ნანას არც გაუგია და ვერც ვერაფერს ხვდებოდა.

– დედა, – წამოიწყო ნანამ, – მოდი, ლეკვი ვიშოვოთ სადმე, ან თევზები.

ქალს ამ სრულიად მოულოდნელ და უადგილო წინადადებაზე გაეღიმა.

სამზარეულოდან გასვლისას ონკანთან მდგომ დედას გახედა ვაჟამ. ქალს თხელი მხრები უთრთოდა, ამასაც ისე ფრთხილად, ფარულად აკეთებდა, რომ ვაჟამ ვერ მოითმინა, მიუახლოვდა და ბეჭზე აკოცა. გაღიმებულმა მშობელმა გამოხედა, სველი ხელი ამოისვა თვალში, ამით სახეც გაიწყლიანა და თქვა:

– შენ რომ არ მყავდე, რა მეშველება.

პირველსავე გაკვეთილზე გაიძახა მასწავლებელმა ვაჟა. გასვლისას ფიქრობდა, ვიტყვი, არ ვიცი, ასე აჯობებსო. ნამდვილად არ ეგონა, რაიმე თუ ახსოვდა, არათუ ქიმიის გაკვეთილი, საერთოდ რაიმე. მისდა გასაკვირად უპასუხა. უპასუხა ისე, რომ მასწავლებელმა გულდაწყვეტით უთხრა, სიზარმაცე რომ არა, ფრიადოსანი იქნებოდიო. მერხთან მიბრუნებულმა დღიური კი შედო, მერე ისღა მოახერხა, რომ ხელებში ჩარგო თავი და კლასის ზუზუნში ჩაეძინა. ცოტა ხანში გააღვიძა მასწავლებელმა. გული ძალუმად უძგერდა, თითქოს ამოვარდება საცააო, თვალებიც ეწვოდა უძილობით და ითხოვა ვაჟამ:

– თუ შეიძლება, წავალ სახლში.

– ახლა უნდა ავხსნა, – უპასუხა მასწავლებელმა.

– მაინც დამეძინება, პატივცემულო, – ვაჟამ ჩანთა აიღო და კლასიდან გავიდა.

ქიმიის მასწავლებელი ერთ ხანს დაიბნა. კი ხვდებოდა, რომ უმიზეზოდ არ მოიქცეოდა ასე ბიჭი, მაგრამ შეშინდა, ყველამ თუ თავის ნებაზე იარა, სად წავალთო, და უფრო სხვების გასაფრთხილებლად ვაჟას პედსაბჭოზე გაყვანა მოითხოვა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28