– სიმაღლეში კი მიხვალ და… – მერე ლილის მიუბრუნდა, – რაღაცა ჩამოვიტანე და ვისადილოთ ერთად დღეს, – ვასიკოს სვანურ ქუდს ქვემოდან თვალები გადაუბრიალა, – შენებური არ დეიწყო, შემარგე.

სიმონას ჩამოტანილი ხის დიდი ჩემოდანში ძლივს ეტეოდა შემწვარი გოჭი, მოხარშული ქათმები, რამდენიმე ბოთლი არაყი, თხილის ჩურჩხელები და ხილი.

– ღვინოც მინდოდა, მარა ვერ მოვერიე, – მოიბოდიშა სტუმარმა.

– დიდი მადლობა, ჩემო სიმონა, – ლილი ძღვენს ალაგებდა ჩემოდნიდან.

თითქოს ყველას გადაუარა ბრაზმა, ჯავრმა. პატარა სამზარეულო სასიამოვნო სურნელით გაიჟღინთა, დადგა რაღაც ხალისი, უთქმელი, უმოძრაო, მაგრამ ერთმანეთისათვის გასაგები და გადამდები. სწორედ ერთმანეთის გასაოცრად აქებდნენ ყველაფერს. ვასიკო ანჯღრევდა ბოთლს, მოკიდებულ ჯაჭვს უყურებდა და იღიმოდა, იფიფო. ვაჟამ ისიც შეამჩნია, რომ დედაც გახალისდა. მასაც ეღიმებოდა ქმრის აღტაცებაზე, სასმელით აღფრთოვანებაზე. არ უფრთხოდა მის სიმთვრალეს, არ ჰქონდა ცუდის მოლოდინი და ბიჭმაც ყველასთვის თვალში საცემად შეანჯღრია მეორე ბოთლი, შუქზე გახედა.

– ჭაჭააა, – აუხსნა სიმონამ.

– ვიცი, – გაუღიმა ვაჟამ.

– ბოდიში, მამაშენის შვილს მაი არ გესწავლება, – სიმონას კარისკენ გაექცა თვალი, – ამას ვის ვხედავ.

ნანა მოეხვია კაცს. გოგოს შემოსვლაზე სახეშეცვლილმა ლილიმ უცებ დახურა ჩემოდანი, დახურა ისე ცივად, ტკაცანით, რომ სიმონამ გაკვირვებით შეხედა. ქალი გამოერკვა და ნანას მიმართა (ვერ უყურებდა შვილს, სადღაც სხვაგან ჰქონდა მზერა გადატანილი).

– აი, რაები ჩამოგვიტანა სიმონა ბიძიამ.

– ვაჟა, ქავილი გაწუხებს კიდევ? – სიმონა ჩამოჯდა და ქუდი მოიხადა.

– ქავილი აღარ, რაღაც გული მტკივა, – ისე თქვა ბიჭმა, რომ ყველა გაშეშდა, შეშინდა.

– რა დროს შენი გულია, – მერე ვასიკოს გახედა – ფედოსის რომ რვა მარტი მოულოცა, თუ იცით.

– კაი კაცო, – გაეღიმა ვასიკოს, – მართლა, ბიჭო?

ვაჟამ თავი დაუქნია.

– იშაყირე? – ნანაც იღიმებოდა.

– არაფერიც არ მიშაყირია, – ვაჟას უკვირდა, რა იყო სასაცილო. ბებიის დასაფლავებიდან დაბრუნებულს ასევე ღიმილით შეხვდა მთელი კლასი. ყველამ იცოდა, რომ ნიკასთვის დეპეშით მიელოცა დაბადების დღე. ხუმრობდნენ და რაც ყველაზე მეტად არ ესიამოვნა ბიჭს, ნიკა დასცინოდა კიდეც. მაშინაც ვერ მიხვდა, სასაცილო ან დასაცინი რა იყო. მხოლოდ ირაკლი, ქერა და მსუქანი ბიჭი იჩეჩავდა მხრებს, მერე რა მოხდა, მერე რა მოხდაო, ხშირად იმეორებდა. ვაჟასაც ასე უთხრა, მერე რა მოხდა, მიულოცე და კარგიც გიქნიაო.

– გაგიჟდა, კაცო, ფედოსი, – ისევ გაიცინა სიმონამ, – გონია, არც კი იცის, რვა მარტი რა დღეა.

– ჯანჯუხა, – დაწვდა ნანა, – როგორ მიყვარს ჯანჯუხა და ტკბილი კვერი.

– იქნება მაქანე… ლილი, ის თქვენი მეზობელიც გადმოიპატიჟე, ბიცოლაჩემს რომ სცა პატივი.

– აა, სიმონა ბიძია, შე ეშმაკო, – თვალი მოწკურა ნანამ, – მოგეწონა ტატიანა დეიდა.

სიმონამ ბავშვივთ დამორცხვებულმა დაატრიალა თვალები.

– მაი არ თქვა მეორედ… უყურე, რა მაკადრა, – სიმონა წამოდგა და ქუდი დაიხურა. ყველას გაეღიმა. ნანამ გადაიკისკისა კიდეც, მაგრამ კაცი ნამდვილად განაწყენდა და არც დაუმალავს, – მამაშენზე უფროსი ვარ მე და რაია, შე ეშმაკოო.

ნანა შეცბა, უხერხულად მიიხედ-მოიხედა. ვაჟას შეეცოდა და. არადა, რა თქვა ასეთი, შეიძლება ნანას რომ არ დაესწრო, ბიჭს თავადაც წამოსცდენოდა რაიმე მსგავსი. გოგო გახევებული და ისევ დაბნეული იდგა შუა სამზარეულოში ნახევარი ჩურჩხელით ხელში, რომ ვაჟამ ინატრა, ნეტავ მართლა მე მეთქვაო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28