– მილიცია, მილიცია მოდის! – ისევ ვიღაცის ყვირილმა იხსნა ვაჟა შემობრუნებული და განრისხებული სამეულისაგან. ეს ირაკლი იყო, ვაჟას თანაკლასელი, პატარა და ქერა ირაკლი, რომელიც შეუმჩნევლად იდგა სხვა დაინტერესებულ გამვლელებთან ერთად და მილიციით ემუქრებოდა ვაჟას მტრებს. ვანიკო და ბიჭები თვალს მოეფარნენ. ვაჟა უხერხულად აიწურა. შეჯგუფული ხალხი აყაყანდა. ვაჟამ დაირცხვინა, მერე უცებ დას შეხედა. ნანა მიუახლოვდა და ტანსამცლის გაწმენდაში მიეშველა. ცოტა ხანში ირაკლიც გვერდით დაუდგა და თქვა:

– ამას ჯაგრისი სჭირდება, სველი ჯაგრისი, ასე არ გაიწმინდება.

ვაჟამ გაუღიმა, ნანასაც ღიმილით შეხედა და იგრძნო, რომ ამაღლდა მათ თვალში.

მეორე დღეს მთელმა სკოლამ იცოდა ეს ამბავი, კლასში, როგორც ელოდა, ღიმილით შეხვდნენ ამ სიახლეს.

– დაარტყი? მართლა დაარტყი? – რამდენჯერ ჰკითხეს, ვერც დათვალა ვაჟამ. ერთმა ისიც კი თქვა, ყოჩაღ ვანიკო, რომ არ გაგიმეტაო და ყველა დაეთანხმა. ყველა თანაკლასელი ბიჭი ვანიკოსადმი მეტი სიმპათიით განიმსჭვალა. ვინც ეს აზრი წამოაყენა, ისიც დაუმატა, სიცილით დაუმატა, ხომ წარმოგიდგენიათ, ხელი რომ შეებრუნებინა, რას დაემგვანებოდა ვაჟაო.

– ვერ შეუბრუნა, უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა, – თქვა ირაკლიმ და რადგან მის სიტყვებს არავინ მიაქცია ყურადღება, ოდნავ ხმამაღლა გაიმეორა, – ვერ მოახერხა იმ ბიჭმა ხელის შებრუნება.

მოკლედ, იქამდე მივიდა საქმე, რომ წამოსძახეს ვაჟას, შენ დას მიხედეო… როდესაც დოდოს საუბრის მერე ეზოში გავიდა, სკოლის წინ ირაკლი დაუხვდა. მიაცილებდა ირაკლი და მთელი გზა ამშვიდებდა. იმდენს ლაპარაკობდა, რომ ვაჟა აღარც უსმენდა. მხოლოდ ის არ სიამოვნებდა, წამოძახებასავით აღიზიანებდა, ირაკლი რომ საქმიანად განიხილავდა ნანას ამბავს და ასე დეტალურად იცოდა მათი ოჯახის შერცხვენა. მშვიდი, მეგობრული საუბრით ირაკლი ამას არ მალავდა, სადარბაზოსთან შეჩერდნენ და უცებ ქადაგად დავარდნილ ბიჭს პირზე შეაშრა სიტყვა, ვაჟა სადარბაზოში შევარდა და სულმოუთქმელად აირბინა კიბე.

ეს ყველაფერი აგონდებოდა ვაჟას სამშობიაროს მოსაცდელში. ამას ყველაფერს ცხადლივ ხედავდა, მაგრამ ერთი წუთით არ მოუდუნებია ყურადღება, ერთი სიტყვა არ გამორჩენია არავისი. ყველაფერი მშვენივრად ესმოდა, რაც მოსაცდელში ითქმებოდა. როდესც მომვლელი ისევ ჩამოვიდა და შეატყობინა, გაიყვანესო, ვაჟა სულ მთლიანად მოწყდა ძველსა და განვლილს. სრულად იგრძნო ქვის იატაკის სიგრილე და ახლად გარემონტებული კედლების სუნი. უცებ კედელზე დაკიდებულმა რადიორეპროდუქტორმა დაიხიხინა და ცოტა ხანში დიქტორმა გამოაცხადა, რომ დაიბადა ქვეყნად ახალი ადამიანი, ვაჟი, ახალშობილის წონა, ზომა, დედისა და მამის გვარები.

– ნეტა შენს დედას, – ინატრა ლილიმ და ახლა ტატიანას ჩააფრინდა ხელში, – ჩემი ნანაც ასე კეთილად გადამირჩინოს ღმერთმა.

– თქვენთვისაც მალე მომელოცოს, – ახლად მოვლენილის ბედნიერი მამა ლილის და ვასიკოს ლოცავდა. ბიჭი ტუჩებს ვერ უყრიდა თავს. ვასიკო წამოდგა და ხელი მაგრად ჩამოართვა, მერე უცებ დაფეთებული მიიჭრა ფანჯარასთან და შუშაზე მაგრად მიაბრახუნა:

– ერთი შეხედეთ აგერ, შეხედეთ.

უკვე შებინდებულ ეზოში მოაბიჯებდა სვანურქუდიანი თვალებბრიალა კაცი.

– დედა, რა ადამიანი ბრძანდებით, – ტატიანამ გახარებულმა მოხსნა კარი, – კაცი ხარ, ბატონო, დიდებული კაცი.

– გამარჯობა ყველას! – სიმონამ ჯიბეზე ხელი გაიკრა, – სასროლადაა უკვე საქმე, თუ რავაა?

– ახლა გაიყვანეს, – ლილიმ გაუღიმა კაცს, – სულ ახლახან.

– ბიჭი იქნება, – დაჯერებით თქვა სიმონამ, – ვისაც გინდათ, დაგენიძლავებით, ბიჭი იქნება.

ვაჟა გავიდა. ათვალიერებდა სამშობიარო სახლის ოთხსართულიან შენობას და ცდილობდა მიეგნო იმ ოთახისთვის, სადაც ნანა იყო. რაღაც ხმა შემოესმა, კივილი. ტანში გასცრა ბიჭს, ნანას ხმას მიამგვანა, ეცნო. კივილი განმეორდა.

– ნანა! ნანა! – იყვირა უცებ ბიჭმა, – ნანა, ნუ გეშინია, ყველანი აქა ვართ, სიმონა ბიძიაც ჩამოვიდა, ნუ გეშინია, ნანა!

პირველი სართულის ფანჯარა გამოიღო. რამდენიმე ქალმა ერთად გამოჰყო თავი და ისეთი დღე დააწიეს ვაჟას, რომ ბიჭი უხმოდ შეიძურწა მოსაცდელში.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28