– ეგ სადა? – დაინტერესდა ახალგაზრდა.

– ჭიათურა როა, არა, მარგანეცი რამე, იმის ზემოთ.

– შენც რო აგეღო იქ ერთი სახლი, მეც ვიყიდდი დაჩას, კანეშნა ეგეთ ფასში.

– ვკითხამ, – ჰამომ სავარცხელი ბამბას დაუსვა, – დაგვარცხნო?..

– ეგეთი რა, – ახალგაზრდა პარიკმახერს არ უნდოდა დაწყებული საუბრის შეწყვეტა, – ეგეთი მაღალი სოფელი აქ ახლოსაცაა. ჰოდა, ერთი ორი სული კაცი რომ შევიკრათ, ნაპრიმერ, მე, შენ, შენი ძმა…

– ჩემი ძმა სოხუმთან იყიდა, მორე რამე რა, – ამაყად თქვა ჰამომ.

– კარგი, მე, შენა, – ახალგაზრდა ჩაფიქრდა, – ჩემ ნათლიასაც ვეტყვი, ლოვიკასაც. მშვენიერი დაჩები გვექნება, კანეშნა. შენ რო ამბობ, ეგეთ ფასში თუ იქნა… მერე მოდნიც გახდება.

– რატომ ახლა, ვითომ?! – ჩაერია საუბარში ახალგაზრდა პარიკმახერის კლიენტი. უცებ მოიხსნა თეთრი წინსაფარი, გაუპარსავ, ქაფიან ლოყაზე მოისვა, წამოდგა და სავარძელში ჩააფერთხა, – რატომ ვითომ?! ეს, შენ და ლოვიკა გახდით სოფელს მოდნის?! – კაცი ჩქარი ნაბიჯით გავიდა.

ვაჟამ სარკეში გააყოლა თვალი. სარკიდან საპარიკმახეროს შემოსასვლელი და ქუჩის ნაწილიც მოჩანდა, ვაჟასთვის საყვარელი, ნაცნობი ქუჩის ნაჭერი. მოჩანდნენ გამვლელებიც.

– გაგიჟდა ეგ შობელძაღლი, – თქვა ჰამომ და როგორც იქნა მოაშორა ვაჟას თმას სავარცხელი.

ბიჭმა მაინც თავისებურად თითები შეიყო თმაში, სარკისკენ წაიხარა და გაშეშდა. პირდაპირ მისკენ მომავალი გოგონა გამოჩნდა. ნანა! სარკეში ნამდვილად ასე ჩანდა, რომ ვაჟას ეჯახებოდა და ბიჭს უსიამოვნოდ დაუარა რაღაცამ ტანში. ასე შეღებილი და ამგვარი ვარცხნილობით არასოდეს გამოსულა ნანა სახლიდან. კიდევ უფრო მოეღუშა სახე. და მარტო არ იყო, მას კაკუჩა ახლდა. ისე იქცეოდნენ, ისე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, რომ ვაჟას შერცხვა კიდეც. ნანა კართან გაჩერდა. კაკუჩა საპარიკმახეროში შემოვიდა. ერთი წუთითო, ჰამოს სავარცხელი აიღო და თმის მონდომებით ვარცხნას შეუდგა. ვაჟასთვის არ შეუხედავს. ვაჟა ცდილობდა, არც ნანას შეემჩნია იგი. გოგო ქუჩაში იდგა და ძმისთვის სრულიად უცხო მზერით აქეთ-იქით იყურებოდა, როგორც იქნა, მორჩა კაკუჩა თმის დაწყობას. მადლობთ, ბიძაჩემოო და გავიდა. ვაჟამ შვებით ამოისუნთქა, ფული გადაუხადა ჰამოს და მანაც დასტოვა იქაურობა.

ქუჩაში გაზაფხულის თბილი საღამო იდგა. ეს ისედაც მშვენიერი დრო ბევრად უფრო სასიამოვნოა, თუ საყვარელი ქალაქის საყვარელ ქუჩაზე შემოგვხვდება. ნელა გაუყვა ვაჟა ქუჩას. უცებ შეჩერდა. რომ არ შეჩერებულიყო, ნანასა და კაკუჩას გვერდით აღმოჩნდებოდა. კაკუჩას გოგოსთვის ხელი გადაეხვია და ისე მიაბიჯებდნენ. ვაჟაც გაჰყვა. გრძნობდა, არ იყო კარგი საქციელი, რასაც შვრებოდა, მაგრამ რაც მეტად ერცხვინებოდა, უფრო და უფრო შედიოდა დევნის აზარტში. ახლა თვითონ მარჯვნივ უნდა გაეხვია, მაგრამ არა, საითაც ნანა და კაკუჩა წავიდნენ, იქით, პირდაპირ იქით წავიდა ბიჭიც. ეს ქუჩა უფრო ვიწრო და ჩაბნელებული იყო. ამ ქუჩის ბოლოს პატარა პარკი იყო, პარკი დილით სავსე ბავშვებით, დედებით, შინამოსამსახურეებით, საღამოს კი ბევრი გვერდს უვლიდა, ბევრი ზიზღით იხსენიებდა, შიშნარევი ზიზღით. ერთხელ მამამ ისიც თქვა, რამდენი ჩავიარე, ჩვენი სოფლელი ცაცა დავინახე ბიჭებთანო. საიდან გაახსენდა ვაჟას ეს, საიდან, ან ცაცა ან მამის სიტყვები. არა და კარგა ხნის ამბავია. წელს კი როგორ იტირა ცაცამ ბებია. ყველა აგდებით უყურებდა სახელგატეხილ ქალს, ცაცა კი ტიროდა, შენ გესმოდა ჩემიო. ვაჟა შეჩერდა, საიდან გამახსენდა ცაცაო. რაც უფრო უნდოდა, ცაცაზე არ ეფიქრა, მით უფრო ხშირად უდგებოდა თვალწინ. ახსენდებოდა ყველაფერი, რაც კი ქალს უთქვამს, გაუკეთებია. ნანა და კაკუჩა ბაღში შევიდნენ. ვაჟას აღარ გაუგრძელებია გზა. შემობრუნდა და სახლისკენ სირბილით წავიდა. ისევ შეჩერდა, დავბრუნდები და შევალ პარკში, ვითომ შემთხვევით მოვხვდი იქო. ამას კი ფიქრობდა, თითქმის გადაწყვიტა კიდეც, მაგრამ სახლისკენ მირბოდა, მირბოდა სწრაფად. კიბესთან სული მოითქვა და ორ-ორი საფეხურის გამოტოვებით დაიწყო ხტუნვა. ისევ ცაცა გაახსენდა. როგორ შეხედა გულნარას უფროს ვაჟს, როდესაც ბიჭმა იხუმრა, დასცინა ქალს. ვაჟას გული შეეკუმშა. სახლის კართან იდგა. ქალიშვილი ქალის რედიკულის ნახვა რა წესიაო, გაიკრიჭა მამიდაშვილი და უმცროს ძმას თითი დაუქნია. უმცროსი გაბუსუნებული იდგა, ვერც მიხვდა, რა რედიკულზე იყო საუბარი. უფროსმა ცაცას ხელჩანთაზე ანიშნა და გაიმეორა, ქალიშვილი ქალის რედიკულიო… ბიჭმა ჩაიფხუკუნა, გაეღიმა მამამისსაც, ენა კი არა, სამართებელი აქვსო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28