სიმონა გახევდა, პირიც კი დაეღო. ვაჟამ იგრძნო, როგორ ბურუსში გაეხვია ყველაფერი. მაგიდას რომ არ დაყრდნობოდა, სკამიდან გადმოვარდებოდა. უცებვე დალაგდა ოთახი, გადაუარა და ახლა მარცხნივ, მკერდში მტკივნეულად გაჰკრა. ბიჭი წამოდგა, საწოლისკენ გააბიჯა და რაღაც საიმედოდ გაუნათდა. უბრალო, მარტივი სიკეთის აღმომჩენივით იკითხა, – იქნება არ არის ფეხმძიმედ?

ისეთი სახით კითხულობდა ამას ბიჭი, ისეთი გაბრწყინებული თვალები ჰქონდა, რომ ოთახში მყოფნი უცებ ვერც მიხვდნენ კითხვის მნიშვნელობას. მათაც გადაედოთ იმედის სხივი. ვაჟა სულ მთლიანად მოიცვა სიხარულმა და ახლობლების ბედნიერების განსამტკიცებლად გაიმეორა, – იქნებ არ არის ფეხმძიმედ?

– ამას რა მნიშვნელობა აქვს, – ჩუმად თქვა ვასიკომ და ყველაფერი ძველებურად დალაგდა, ყველასათვის აშკარა შეიქნა, რომ სრულიად უიმედო ახალი ამბავი შეიტყვეს.

– ვინ დავსაჯო, ვის ვუჩივლო… თვითონ არაფერს გვიმხელს, – ბუტბუტებდა სულ მოშვებული ვასიკო.

– სხვაგან ხომ არსად მოხდებოდა ასე, – ლილის ცრემლები ჩამოსდიოდა. ყოველთვის თავშეკავებული ქალი არავის ერიდებოდა, ისე გაკაპასებული სლუკუნებდა, – უარესებიც გამიგია, მაგრამ ასე უცებ ხელიდან წასვლა, ასე უტიფრად გამოცხადება… ჩვენი, ჩვენი ოჯახია დაწყევლილი.

– არა თქვა მაგი, – სიმონა წამოდგა, – ყველა ოჯახში დუღს თითო ქოთანი სიმყრალე, ზოგან გობითაც დგანა, მარა ბევრი მალავს, ბევრი… ყველაფერს ეშველება, ყველაფერს უნდა თავიდანვე მიხედვა, იქნებ არცაა გვიან.

ვაჟა სამზარეულოში გავიდა. სწრაფად გამოსწია კარადის უჯრა. აქ წვეტიანი დანები, საგანგებოდ ალესილი დანები ეწყო. ეს დანა-ჩანგალი იყო ერთადერთი, რაც ლილის მშობლებისაგან დარჩენოდა. სულ ბავშვმა დაკარგა დედ-მამა, ერთად წაყვანილები და მერე ღმერთმა იცის, სად და როგორ დაღუპულები. დანას დასწვდა და რეიტუზის უკანა ჯიბეში ჩაიდო. სწრაფად გავარდა სადარბაზოში. გაუყვა ქუჩას, გაუყვა სირბილით. სკოლისკენ მირბოდა ბიჭი. უკნიდან ვიღაც მოეპოტინა და შეაჩერა. მოტრიალდა.

– სად მიხვალ?! – ხვნეშით ჰკითხა სიმონამ.

– მოვკლავ.

– ვის, ბიჭო! – შეანჯღრია სიმონამ.

– კაკუჩას, – ვაჟამ მხარი გაითავისუფლა და გზა განაგრძო, გარღვეული ჯიბიდან დანა ჩასრიალდა და ჟღარუნით დავარდა ქვაფენილზე. სიმონა უცებ დაიხარა, – გაგიჟდი?! წამოდი, ერთად ვნახოთ.

ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სრბილით მიუყვებოდნენ ქუჩას სიმონა და ვაჟა. ბიჭი ფიქრობდა, კაკუჩა სკოლის ახლოს იქნება სადმეო. კვირა დღე რომ იყო, ცოტათი კი ეჭვობდა. სიმონა ასაკის და სიმძიმის მიუხედავად, მშვენივრად მირბოდა. მხოლოდ ოდნავ ქშინავდა.

– რა ხნისაა ის მამაძაღლი? – იკითხა სიმონამ.

– ვინ?

– ის ბიჭი.

– ოცის იქნება, ალბათ… რა იყო?

– ქურდი ბიჭია?

– რაა? – გაუკვირდა ვაჟას, უცებ გაეღიმა, – ძველბიჭობს.

სულ ცოტაც და სკოლა გამოჩნდებოდა. ვაჟამ ისევ იგრძნო ტკივილი. ყრუ, მაგრამ ხანგრძლივი ტკივილი.

– დავისვენოთ, – შედგა ბიჭი და ერთ-ერთი სადარბაზოს დაბალ საფეხურზე ჩაჯდა.

– რა მოგივიდა? – დოინჯშემოყრილი სიმონა ზემოდან დაჰყურებდა.

– ერთი წუთით დავისვენოთ, – ვაჟას შერცხვა იმის გამეორება, გული მტკივაო. თავი ჩაღუნა. ასე უფრო ესიამოვნა და ხელებში ჩარგულმა დაგუდული ხმა მიაწვდინა სიმონას, – ერთი წუთით, ამ წუთში.

თითქოს ჩათვლიმა კიდეც რაღაც წამებით. უცებვე გამოფხიზლდა. თავი არ აუწევია. ისე ნათლად წარმოიდგინა ამხანაგებიანი კაკუჩა სკოლასთან, რომ დარწმუნდა კიდეც მათ იქ ყოფნაში. მუდამ სკოლასთან აყუდებული ბიჭები ერთგვარ დისციპლინასაც კი ამყარებდნენ მათდაუნებურად. გაუბედავები ან ოდნავ გაბედული მოსწავლეები მათი შიშით, სირცხვილითაც კი ჩხუბს ვერ ატეხავდნენ. თითქოს უხეშობა, ჩხუბი ამ ბიჭების საკუთრება, აღმოჩენა ყოფილიყოს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28