ბიჭმა წაიფარა საბანი და ყურებში თითები მაგრად დაიცო. ელვისუსწრაფესად ეხატებოდა ძალით, მთელი დაძაბვით გამოწვეული მოგონებები, მოგონებების ფრაგმენტები. ისე სწრაფად ენაცლებოდნენ ერთმანეთს, რომ ვაჟა ვერც გაიაზრებდა, რომელ პერიოდს ან რომელ განვლილ ამბავს ეკუთვნოდა ესა თუ ის არამიწიერად აფერადებული სურათი. ერთი კი იყო – ყველგან, ყველგან, სადაც თავის თავს ხედავდა, იქვე ნანაც ჩამოიქნებოდა, იქვე დის სიახლოვეს გრძნობდა და ამით უფრო მიმზიდველი, უფრო თბილი ხდებოდა ნაძალადევი, გონებით ნაჭყლეტი მოშორება, გაცლა სინამდვილესთან.

როგორც იქნა, დაწყნარდა, დამშვიდდა. ყურები ასტკივდა და თითები გამოიძრო. ნელ-ნელა მოეშვა, თითქოს მხოლოდ ახლა შეიგრძნო ლოგინის ნეტარი სითბო და ძილის სურვილი. მერე უჰაერობამ შეაწუხა და საბანიც გადაიხადა. იმდენად მოჰკიდებოდა ძილი, რომ აღარაფერი ესმოდა, მით უმეტეს, აღარც უხერხულობის თავი ჰქონდა. ჩვეულებისამებრ, ცალი ხელი ბალიშქვეშ შეყო და გათენებამდე გვერდი არ უცვლია.

რვა საათზე გააღვიძა დედამ, მე პურზე მივდივარ, საუზმე მაგიდაზეაო.

– ეგენი ვერ წავლენ პურზე! – მამის ხმაზე მიხვდა ვაჟა, რომ კაცი თვალს ვერ ახელდა. იქეთ გახედვაც არ უნდოდა, – თქვენხელა ყველაფერში ვეხმარებოდი ოჯახს, ყველაფერში.

სამზარეულოში დაუხვდა ნანა. იგი მაგიდას მისჯდომოდა, გრძელ, თითქმის გამჭვირვალე ღამის პერანგისამარა იყო გოგო, პურის თხელ ნაჭერზე ქარვისფერი თაფლი სქლად ეცხო და მიირთმევდა ნელა, აუჩქარებლად. ასევე ზანტი მზერა სადღაც ჭერსა და მოპირდაპირე კედელს შორის მიებჯინა. ძმის შემოსვლაზე არც განძრეულა. ჩუმად დაიწყო ლაპარაკი: შენხელა ბიჭმა თავს მეტად უნდა მიხედო. გარეგნობა კარგი გაქვს და ცოტა უნდა შეიფერო. კაკუჩამ მითხრა, მზესუმზირას ჭამდა ქუჩაშიო.

ვაჟა ერთ წამს დაეჭვდა კიდეც, მე მეუბნება თუ სხვასო, თვითონაც ახედა კედელს. საინტერესო ვერაფერი შენიშნა.

ვინ არის კაკუჩა, სააბაზანო ოთახში გასულ ბიჭს ეს კითხვა დაებადა, მერე უცებ გაახსენდა სკოლის წინ აყუდებული მაღალი, ყოველთვის სუფთად ჩაცმული და საგულდაგულოდ თმადავარცხნილი.

ისე ისაუზმეს, და-ძმას ხმა არ გაუცია ერთმანეთისთვის. სკოლაში წასასვლელად გამზადებულს, უკვე ჩანთაამოიღლიავებულს დაუხვდა დერეფანში ნანა. გოგოს ხელში სავარცხელი ეჭირა. მართალია, ვაჟას დიდი სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც დაუხარა დას თავი. ისიც მონდომებით შეუდგა ჯიუტი თმის ვარცხნას. ისევ ნელა დაიწყო ნანამ ტკეპნა:

– მეტი ყურადღება გმართებს შენი გარეგნობისადმი, მეტი. როგორც გავიგე, სკოლაში ბევრ გოგონას მოსწონხარ… შენც უნდა დაუფიქრდე, რა ჩაიცვა, როგორ. აბა, ამათ ჭკუაზე ჩემმა მტერმა იარა, – თავი მშობლების საწოლისკენ გაიქნია ნანამ.

ვაჟამ სავარცხლიან მარჯვენაში ფრთხილად მოკიდა დას ხელი, მოიშორა და სადარბაზოს კარი გააღო.

ქუჩის სუსხი ესიამოვნა კიდეც. ხალხი ისე ენერგიულად და მონდომებით მიდი-მოდიოდა, რომ ცოტა ხანს ვაჟა მხოლოდ ამ მოძრაობით გაერთო. რძის მაღაზიასთან გრძელი რიგი შენიშნა. უმთავრესად ქალებით იყო სავსე მაღაზიაც და კარსგარე რიგიც. აქა-იქ შეიმჩნეოდნენ მოხუცი კაცები. თეთრ გამჭვირვალე პარკებში მოთავსებული ბოთლებიც ზამთრის სუსხს აერაწკუნებინა. ვერ ჩერდებოდნენ სიცივეში ერთ ადგილზე რძის მსურველები. ზამთარს მართლაც უხდებოდა შუშის რაწკარუწკის ხმა და ვიტრინებში თეთრად გატიკნილი მოზრდილი ბოთლები. უცებ რაღაც თბილი ჩაეღვარა ვაჟას სხეულში. რიგში დედა იდგა. შორიახლოს გაჩერდა და იქიდან დაუწყო ცქერა მშობელს. ისე დახვეწილად მოქმედებდა გამყიდველს მიახლოებული ქალი, რომ ვაჟამ ერთგვარი სიამოვნება იგრძნო, მოეწონა დედის მანერები. აი, ამოალაგა ცარიელი ბოთლები, სანაცვლოდ სავსეები ჩააწყო ჩანთაში. პატარა საფულეში ხურდა მოიძია. გამყიდველს თავი დაუქნია, ეტყობა, მადლობა უთხრა და თმაზე ხელი გადაისვა, გადაისვა გრძელთითებიანი ხელი მოქნილად, ოდნავ არტისტულადაც. ვაჟას ცრემლიც კი მოერია. ახლა უნდა მიბრუნდეს დედა სახლში და რამდენად არ მოუხდება მას საძინებელი ოთახის ღვინისსუნად ქცეული ჰაერი. რამხელა სხვაობა იგრძნო ბიჭმა მშობლებში. გრძნობით ისედაც გრძნობდა ამას, მაგრამ, თითქოს უმნიშვნელო მოძრაობებმა აშკარა გახადა ბიჭისთვის განსხვავება მშობლებს შორის და პირველად მკაფიოდ გამოიკვეთა მის აზროვნებაში ფრაზა, რომელიც აქამდეც გაელვებია და არც აქამდე ყოფილა უცხო. ახლა კი ჩამოყალიბდა, დალაგდა, რამ გააყოლა, საოცარიაო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28