სკოლაში კარგა ხანს არც გახსენებია, რომ ორ საათზე პედსაბჭო იყო. მესამე გაკვეთილამდე არ შეუწუხებია დის მიერ ღერაღერა დალაგებულ ვარცხნილობას. უბრალოდ, ფანჯრიდან კაკუჩას მოჰკრა თვალი და მაშინ გახდა ბიჭისთვის ნათელი, რომ თვითონაც კაკუჩასნაირად დავარცხნეს. თმაში შეიყო ხელი, ოდნავ აიჩეჩა და თავისებურად თითებით გადაივარცხნა. თმასა და ბიჭის პირად ჰიგიენაში ჩარევა ბოლო ხანებში დაიწყო დამ. მარტო დარიგებებს აღარ სჯერდებოდა. ხან კბილის დეფიციტურ პასტას აძლევდა ან ლამაზფლაკონებიან პარფიუმერიას სთავაზობდა. მერე ბიჭს დის სიტყვებიც მოაგონდა, როგორ მოიხსენია დედ-მამა, ამათ ჩემი მტერი აყვაო. ”მაგას მაინც რაღა უნდა”, ვაჟა თან მასწავლებელს უყურებდა. კაცი გატაცებით ხსნიდა გაკვეთილს. საჩვენებელ ჯოხს რუკის უკიდურეს ჩრდილოეთში ადებდა ხშირად. რუკის ეს ნაწილიც თავისი სითეთრით, რძის არ იყოს, ზამთრის სუსხის შეგრძნებას იწვევდა. “მაგას მაინც რაღა უნდა, თავისთვის სძინავს. სულ რომ დახოცონ ერთმანეთი, არც კი გაეღვიძება, თორემ დარდზე ლაპარაკიც ზედმეტია”.

შარშან სოფელში ისვენებდა და-ძმა, ბებიასთან. წელს გამორიცხულია მათი წასვლა, ვაჟასი მაინც. სოფელს მიახლოება და ტანზე გამოყრა ერთი იყო. რა წამალი არ ასვეს, ვისთან არ ჰყავდათ (ბაბუდამ შეულოცა კიდეც), მაგრამ თბილისს მოშორება, უქალაქობა ნამდვილად სატანჯველად ექცა ბიჭს. ერთი ხანი სოფელშიც ცოტა დაუამდა გამონაყარი და მაშინ დაიწყო პატარა ტბაზე სიარული. ნანაც მიდიოდა ხოლმე. წამოწვებოდა ტბის პირას საბანაო კოსტუმში და მზეს ეფიცხებოდა. ნანას გარდა არც ერთი გოგო არ დადიოდა ტბაზე. მხოლოდ ცაცა აჰყვა, მეზობლის განათხოვარი ქალი. აჰყვა და მოკლე ხანში გადააჭარბა კიდეც. მარტო ტბა და მისი სანაპირო არ ეყო ახალგაზრდა ქალს. ცაცამ თავის ეზოშიც დაიწყო მზის აბაზანების მიღება, თან მხოლოდ ქვედა საცვალი ფარავდა. ჯიშიანი მკერდი მზის ქვეშ უმოძრაოდ გაწოლილსაც უთახთახებდა. სოფლის ბიჭებმა ტბაზე ნანას ჭრეტას თავი დაანებეს და ცაცას დედის გასაკვირად, ყველას გაუჩნდა მათთან რაღაც სათხოვარი. მიუხვედრელი მოხუცი ქალი დიდი სიამოვნებით უშვებდა ეზოში მეზობლებს, ზოგს რა მიჰქონდა და ზოგს რა. მერე სულ მოკლე ხანში უბრუნებდნენ და ისე ეზოს გავლით, ნივთებს საკუთარ ადგილზე დებდნენ. ბოლოს ბიჭები რიგრიგობით ეხმარებოდნენ ათასგვარ საქმეში უკაცო ოჯახს.

ერთხელაც დილაადრიან გავიდა ვაჟა ტბაზე. ვიღაცას სატვირთო გაეჩერებინა და მანქანას რეცხავდა. რეზინისჩექმებიანი ახალგაზრდა იყო. წყალში შესულ ვაჟას რაღაც დაუძახა. ბიჭმა ვერ გაიგო. შოფერმა გაუღიმა და გაბერილი კამერა გადაუგდო. ვაჟასაც გაეღიმა, მიწვდა კამერას და შიგ ჩაჯდა. ასე ყოფნა ბევრად სასიამოვნო იყო. გული რომ იჯერა, მერე პატრონს მიუცურა. შენი იყოსო, ღიმილი სახეზე არ მოშორებია ჩექმებიანს. ვაჟამაც გააგორა კამერა სახლისაკენ.

ეზოში, დიდ ხეებშუა ნანას ჰამაკი გაება და მასში ჩაწოლილი კითხულობდა. ვაჟამ ვაშლის მაღალ ხეს ახედა. რატომღაც აცოცება მოუნდა, ვაშლი ჯერ არ შეწითლებულიყო და ბიჭსაც არ უყვარდა ხილი, მაგრამ ძალიან მოუნდა თითქმის კენწეროზე წამოსკუპებულიყო და მწვანე ვაშლი მოეწყვიტა. ბევრი არც უფიქრია და აცოცება დაიწყო ასასვლელად მოხერხებულ ტოტებიან ხეზე. ჭიშკარმა გაიჭრიალა. ვაჟამ ხიდან დაინახა, როგორ შემოაბიჯა ჩექმებიანმა შოფერმა. არავისთვის არ მიუქცევია ყურადღება. ვერავინ დაინახა, ეტყობა, კამერისკენ წავიდა. ხელში აიღო და ის იყო ეზოს ტოვებდა, ნანას ხმა გაისმა:

– ე, სად მიგაქვთ?

ჩექმებიანი ბიჭი ჯერ დაიბნა. მიიხედ-მოიხედა. ჰამაკიდან არ გადმოსულიყო ნანა. წიგნი გვერდით გადაედო. უფრო წაწოლილიყო და ისე, თითქოს თვითონ არ ლაპარაკობსო, კიდევ იკითხა:

– ეს ჩემი ძმისაა. სად მიგაქვთ?

ჩექმებიანი დაიბნა. ერთ ადგილზე გაჩერდა. ნანას ხალათი გახსნილი ჰქონდა, ოდნავ კი არ გახსნოდა, ყველა ღილზე გაეხსნა და ვაჟას შერცხვა დის მაგივრად. ნანა არ ინძრეოდა, მხოლოდ ჰამაკს აქანავებდა ხეზე ფეხის მიჭერით. შოფერი წავიდა ნანასკენ ნელა. ვაჟას ესმოდა, როგორი ჭყაპაჭყუპი გაუდიოდა წყლიან რეზინის ჩექმებს. მიუახლოვდა ნანას და ის-ის იყო ვაჟამ იფიქრა, ჩავხტები, ყვირილით ყელში ვეცემიო, რომ მისდა გასაოცრად, ვაჟმა ხალათი გადააფარა შიშველ ბარძაყებზე და გამომშრალი ხმით თქვა:

– ეს ჩემი კამერაა. უამისოდ ვერ წავიყვან მანქანას.

– მე გიკრავ ხალათს? – გაუღიმა ნანამ და ჩახსნილ პერანგზე შეავლო ხელი, – გეკითხები, გიკრავ? – გოგომ საჩვენებელი თითი მიუთათუნა შიშველ ადგილზე.

– ხვალ გამოგივლი საღამოთი, კლუბში წავიდეთ, – დაბნეული, უნიათო ხმით შესთავაზა ვაჟმა.

ნანამ ჩაიცინა, მერე ღონივრად მიაბჯინა ფეხი ხეს და ჰამაკიც მაგრად გაქანდა. კამერაგადაკიდებულმა ეზოდან გააბიჯა. ჭიშკართან შეჩერდა და ერთი კიდევ მოიხედა ნანასკენ. გოგოს წიგნი აეღო და სქელი ტუჩების ცმაცუნით კითხულობდა, თითქოს სრულიად არაფერი მომხდარიყოს ორიოდე წუთის წინ. ჩექმებიანი დაღმართს დაუყვა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28