თვალები ეწვოდა. დედამისი და ტატიანა ერთად ისხდნენ და ტატიანა რაღაცას ელაპარაკებოდა. დედა თავისქნევით, დუმილით უსმენდა. ვაჟა მათთან ჩამოჯდა.

როგორც იქნა, მოვიდა ვასიკო მანქანით. ბიჭი გზაში გათბა და ჩაეძინა. ცოტა ხანში შეწუხებულს გამოეღვიძა. კისერი ექავებოდა და ამან გამოაფხიზლა. მერე ხელი მოექავა, მოგვიანებით ლოყა და გაახსენდა თავი, დაეწყო გამოყრა. მანქანა სოფელს უახლოვდებოდა. ეზოს რომ მიადგნენ, მხოლოდ ახლა მოაგონდა სულ მოფუსფუსე ბებია და ცრემლიც მოაწვა. სახლში მხოლოდ ერთგან ენთო სინათლე. იქით წავიდნენ. დაცლილ ოთახში ტახტზე ესვენა სუდარაგადაფარებული მიცვალებული. იქვე, ორმხრივ შემორაგულ სკამებიდან ერთ-ერთზე მოკუნტული თვლემდა ვაჟას ბაბუდა, გარდაცვლილის მული. კარის გაღებისთანავე შეიშმუშნა მოხუცი, ვაჟამ იფიქრა, ახლა იტირებს, მოგვაკივლებსო, მაგრამ ქალმა ვასიკოს საწყლად, მოფერებით ჰკითხა:

– ჩამოხვედი, მამიდა?

მერე ყველა გადაკოცნა და ჩუმად ჩიფჩიფით დაიწყო ტირილი.

მოხუცი ქალი მიცვალებულს მიუახლოვდა და სახეზე გადახადა. ამ გადახდამდე ვაჟას მხოლოდ სიცივე და უსიამოვნო გრძნობა აწუხებდა, მაგრამ ნაცნობი სახის გაყვითლებულმა ფერმა შეაკრთო ბიჭი. სიცივე კიდევ უფრო მოეძალა. ვასიკო მიუახლოვდა ცხედარს და აკანკალებული ხელი ჯერ შუბლზე, მერე თავზე გადაუსვა დამნაშავესავით. შერცხვენილი ბავშვივით ოთახს ნამიანი თვალები მოავლო. ლილიმ მზერა აარიდა ქმარს. მასაც ეტირებოდა. ათრთოლებულ ნესტოებზე და ოდნავ აკანკალებულ ნიკაპზე ეტყობოდა ეს, ტატიანას ხელი გამოსდო და ფანჯრისკენ მიტრიალდა. ახლა ვაჟას უყურებდა მამა, რატომ შეტრიალდა დედა და თვითონაც ძველ კარადას დაუწყო თვალიერება. ვასიკოს განმარტოება მშობლის ცხედართან მაინც არ მოხერხდა, თუმცა სულ ერთი წამით მეორე ხელიც შეახო და ღრმად ამოიოხრა. მოხუცი ქალი მისჩერებოდა ძმისშვილს და გამხმარ მკერდში მჯიღს იცემდა. არც უშლიდა მისი მზერა ვასიკოს სიმარტოვეს. დაჩიავებული დედაბერი უბედურების, ამ სახლში გამჯდარი უბედურების აუცილებელ დეტალს წარმოადგენდა, როგორც სუდარა, კუბო, ტახტი და ცხედარიც კი. კარის უეცარ ჭრიალზე ყველა შებრუნდა. ზღურბლზე გულნარას ქმრის უზარმაზარი სხეული გამოიკვეთა. თავის დაკვრით მიესალმა ყველას. მერე ცოლისძმას მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა. ვაჟა ბებიას ასე უთავსაფროდ პირველად ხედავდა. ახლა შენიშნა, რა თეთრი თმა ჰქონია ბებიას.

– რამდენი ხანია არ მინახავს, – თქვა გულნარას ქმარმა, კაცი ვაჟას ათვალიერებდა, – რა ხნისაა ახლა აგი?

– თხუთმეტის, მეთექვსმეტეშია.

ვასიკომ ფაქიზად გადააფარა მიცვალებულს სუდარა.

– პატარეა, ხომ იცი, – ისევ აათვალიერა ვაჟა, – ტანადაა პატარე, – მერე ვასიკოს მკლავში გამოსდო ხელი, – არაფერზე იფიქრო, ყოლიფერი გაკეთებულია.

ეს ვითომ ჩუმად განდობილი ამბავი ყველამ გაიგონა.

– ვაი, ჩემო კარგო რძალო, – მოულოდნელად წამოიწყრო ტირილი მოხუცმა ქალმა, – შენ უნდა დაგეტირებიე, შენ… ვაი, ჩემო საყვარელო რძალო, ჩამევიდა შენი ბიჭი, ხომ ჩამევიდა? რავალი ტკბილი იყავი ჩემზა, გეცოდებოდი, მივლიდი… ჩემო ანგელოზო რძალო, შენ უნდა გეტირე, აბა სხვაი ვინაა ჩემი შემბრალებელი.

– კაი მამიდა, – ცრემლმორეულმა ვასიკომ ხელი გადახვია მოხუცს.

– გეყოფა ახლა, ფედოსი, – გულნარას ქმარი გვერდში ამოუდგა. იმხელა განსხვავება იყო მათ სიმაღლეში, რომ ვაჟას გაეღიმა კიდეც, – რას ჰქვია, პატრონი არ მყავს, შემბრალებელი? იმფერი ოთახი მოგიმზადეთ, იმფერი… ჰოდა, წაგიყვანთ ჩვენსას, – კაცმა ვასიკოს გახედა, რა აზრისაა ცოლისძმა ამაზეო და ვერაფერი რომ ვერ შეამჩნია, გაბედულად განაგრძო, – ზაფხულ-შემოდგომას აქანე ვიქნებით, ზამთარში იქინე და აგია უპატრონობა, ფედოსი?

გულნარაც მალე გამოვიდა, კიდევ უფრო გასუქებულიყო. ყველა ჩაკოცნა. რძალს დიდხანს, ხაზგასმით ეფერა. დაჯდა და რაღაცების ბუტბმუტი დაიწყო, ცოტა ხანში ბუტბუტი ენის მოჩლექაში გადავიდა. ეს, ალბათ, დაბაში რომელიმე სამაგალითო მანდილოსანს შენიშნა გულნარამ და ახლა იმეორებდა, ვიღაცის მიბაძვით უჩლექდა ენას მიცვალებულს. ამას ისე ხელოვნურად და უგულოდ აკეთებდა, რომ ვაჟას ისევ გაეღიმა. ლილიმ მკაცრად გაუქნია თავი, სირცხვილიაო.

– ლავალი საკვალელი იკავი, ლავალი კალქი კველაზე და ცურგუმელა…

ვაჟამ მკლავზე იგრძნო ქავილი და სხვა ოთახისაკენ წავიდა. ჯემპრს ზემოდან არ უშველიდა მოფხანა, უნდა გაეხადა სასწრაფოდ, თორემ აუტანლად აწუხებდა.

იმ პატარა ოთახში, სადაც შარშან ნანასა და ვაჟას ეძინათ, ახლა გულნარას ბიჭები ჯერ კიდევ მშვიდად ფშვინავდნენ. ვაჟას შესვლაზე უფროსმა ცალი თვალი გაახილა და იმხელა იყვირა, ვა, შე ძველოო, რომ ვაჟა შეხტა კიდეც მოულოდნელობისაგან. უმცროსმა, ვაჟას კბილამაც გამოიღვიძა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28