– ხომ არაფერი გაგიგიათ? – კარშივე იკითხა.

– ჯერჯერობით მშვიდობააო, – ვასიკომ კისერზე რამდენჯერმე მიუტყაპუნა ხელი, – ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.

– რას შობი, ბიჭო, – სიმონამ ვაჟას გახედა, – აიღე უკვე პასპორტი?

– თვის ბოლოს მისრულდება თექვსმეტი, – გაეღიმა ვაჟას. როგორ არაფერი ავიწყდება ამ კაცს, ყველასთვის ყოფნის ყურადღება და თბილი სიტყვა. ვაჟას სახეზე ღიმილი არ შორდებოდა, ისე უყურებდა. მერე ახლოს დაუდგა სიმონას, თითქოს ამით უნდოდა მოფერება, ყურადღებისათვის მადლობის გადახდა.

ისევ გაიფხიკინა რეპროდუქტორმა და უცებვე ჩაუწყდა ხმა. ყველა კედელს მიაჩერდა. გაიწელა წამები, უსაშველოდ გაიწელა. და აი, მორიგი ფხიკინის შემდეგ გაისმა ნეტარი ბგერები, გალობასავით წინადადება, რომ ნანამ ოჯახს აჩუქა ვაჟი, ჯანმრთელი და უვნებელი.

არც ერთი არ განძრეულა. არავის ამოუღია ხმა. უცებ აუვარდა ლილის ტირილი, უცებ იგრძნო ვაჟამ მუხლებში კანკალი და უცებ იყვირა სიმონამ, – აქანე ვისროლო თუ სახლში? – მერე ყველა დაკოცნა, ყველას აუწია ყური.

ცოტა ხანში შემოვიდა მომვლელი ქალი და წერილი ჩამოიტანა. ლილიმ ატრიალა, ატრიალა და ვასიკოს მიაწოდა:

– ვერ ვარჩევ, შენ წაიკითხე.

– ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამბობენ, კარგი ბიჭი ვარო. გკოცნით ნანა და… – აქ ვასიკოს ქვედა ყბა აუკანკალდა და დარცხვენილი ბავშვივით მიმოიხედა. როგორც იქნა, დაწყნარდა, – გკოცნით ნანა და ვასიკო.

– ვასიკო ვინაა? – გაიკვირვა სიმონამ.

– ჩემი შვილიშვილია, – ისევ მორცხვად გაღიმებული აპარპალებდა აცრემლებულ თვალებს ვასიკო, – ჩემი შვილიშვილია, მაგას ვენაცვალე ბიჭობაში.

დილით ადრე გაეღვიძა ვაჟას. გვერდითა ოთახიდან თეფშების ალაგების ხმა გამოდიოდა. საწოლებში ვასიკოსა და სიმონას ეძინათ. ბიჭს არც ჩაუცვამს, ისე გატანტალდა და ბოლომდე აულაგებელ სუფრას მიუჯდა. გემრიელად ისაუზმა, მერე უცებ წამოხტა, ჩქარა ჩაიცვა და ის იყო, გასვლას აპირებდა, დედის გაკვირვებული მზერა შენიშნა. ჯერ ადრე იყო, კარგად არც იყო გათენებული. ვაჟა ოთახში შებრუნდა და სავარძელში ჩაჯდა. სულ ორიოდე წუთი გაძლო და ისევ წამოხტა. დედას აკოცა და კარი გაიბრახუნა. გარეთ გასულს ძალიან მოუნდა ვინმესთვის გაეგებინებინა. ქუჩის ტელეფონთან შეჩერდა. ნომერს კრეფდა და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. რამდენი მოაგონდებოდა დისშვილი, იმდენი მამის სიტყვები ჩაესმოდა, მაგას ვენაცვალე ბიჭობაშიო. ამაზე ეღიმებოდა და თან მოსწონდა. სახლიდან გამოსულმა კიბეზე ჩამორბენისას ისე იგრძნო მოჭარბებული სიხარული, რომ ხმამაღლა თქვა, თითქოს დაეთანხმა და გადააჭაბა ოჯახის ბედნიერებას, მართლა მაგას ვენაცვალე, მართლა მაგის ჭირიმე…

როდესაც ყურმილში გაისმა დარეკვის პირველი სასიგნალო ზუმერი, მაშინ გაიაზრა, რომ თიკასთან დარეკა, თიკას ნომერი აკრიფა და ის იყო უნდა დაეკიდა, რომ ნამძინარევი გოგოს ხმა გაისმა:

– დიახ, დიახ, გისმენთ… არ ამოიღო ხმა… თუ გგონია, ვერ ვხვდები, ვინა ხარ.

ვაჟამ ახლა ირაკლისთან დარეკა. მერე რა, რომ ადრეა, მერე რა, – იმშვიდებდა თავს.

– ირაკლის თხოვეთ.

– ირაკლის? – გაიკვირვა ქალმა, – ახლავე.

– ირაკლი, გამარჯობა, – იქიდან გაურკვეველი ბუტბუტი ისმოდა, ალბათ მიესალმა, – იკა, ვაჟა ვარ, ბიჭო, ვაჟა… ჩემს დას ბიჭი ეყოლა.

– მომილოცავს, – მერე გამოცოცხლდა ირაკლის ხმა, – მომილოცავს. ვაჟა დაარქვა?

– არა, ვასიკო, მამაჩემის სახელი.

– მე მეგონა, ვაჟას დაარქმევდა, ისეთი მოსიყვარულე, ყურადღებიანი ძმა ხარ.

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს… კარგად იყავი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28