– სად უნდა წავიდეთ, შე შტერო, – ტატიანას ხმამაღლა მოუვიდა შეძახება, იმდენად ხმამაღლა, რომ დაბნეულმა ქალმა ტუჩთან მიიდო თითი და ნანას ანიშნა, ჩუმადო.

ნანას არ გაღიმებია, არც მიუქცევია ტატიანას დაბნეულობისთვის ყურადღება, პირიქით, ეტყობა, მიაწვა შიში, ღელვა და ჩამოსძახა, – არსად წახვიდეთ, – მარტო არ დამტოვოთ.

– შედი, დედიკო, წამოწექი. სად უნდა წავიდეთ?

ნანა მორჩილად მოშორდა ფანჯარას. მერე ყველანი მოსაცდელში კარგა ხანს ხმისამოუღებლად ისხდნენ. მხოლოდ იშვიათად ჩამოდიოდა მომვლელი ქალი და ლილის გაღიმებული, იმედიანი ელაპარაკებოდა. ვაჟამ იმას მოკრა ყური, როგორ თქვა ქალმა, ეგეთ ლამაზ გოგოს კარგი ბავშვი ეყოლებაო.

ადრეული ზაფხული იდგა, ზაფხულის მშვიდი საღამო, როცა ნანამ, მკერავთან გამყევიო, თხოვა ძმას. როდესაც ძველი უბნის ქუჩებს შეუყვნენ, ვაჟამ ერთგვარი სიამოვნება იგრძნო. დას კმაყოფილმა გახედა. არც ნანა წყვეტდა კავშირს აქაურობასთან, თორემ ახალ სახლშიც იყვნენ მკერავები. სტვენა მოესმა. ნანამაც მიიხედა და ისე ცივად მოაბრუნა თავი, რომ აშკარად მას უსტვენდნენ. ვაჟამ იცნო ვანიკო.

– ნანა! – ახლა დაუძახა კიდეც, – ნანა!

მერე ვანიკო მიუახლოვდა მათ და ძალიან ზრდილობიანად მიეალმა. ნანას უბოდიშოდ გამოსდო ხელი. გოგოს არ უნდოდა გაყოლა, ეს იგრძნობოდა მის ოდნავ გაძალიანებაში, მაგრამ არც ვანიკო თმობდა და მოუშორებელი ღიმილით რაღაცას უმტკიცებდა. უცებ ფერი ეცვალა, ეტყობა, ნანამ უთხრა ფერსაცვლელი და საწყენი. ვანიკომ ხელჩანთა გამოსტაცა გოგოს და ამხანაგს გადაუგდო. მან ჰაერშივე დაიჭირა. ნანამ მიირბინა ბიჭთან და ხელი გაუწოდა, – მომეცი ახლავე! ბიჭმა გაუღიმა და ის იყო ნანას გაწვდილი ჩანთა უნდა გამოერთმია, რომ თავსზევით გადაიგდო. იქ უკვე სხვა ელოდა.

– მომეცი! – ახლა იმ ბიჭთან მივიდა ნანა. ვაჟაც იქ გაჩნდა, წართმევა მოინდომა, მაგრამ ჩანთა უკვე ვანიკოსთან იყო.

– მიეცი, ახლავე დაუბრუნე! – მიიჭრა ვაჟა ვანიკოსთან. ვანიკომ ორივე ხელი დაანახა, მე არა მაქვსო. მოესწრო გადაგდება და თავისსავე სიმარდეზე გაღიმებულმა გასძახა ამხანაგს, – აბა, რა წესია ქალიშვილი ქალის ჩანთაში ხელის ჩაყოფა.

ვაჟა მიბრუნა. წითური ბიჭი იქექებოდა ნანას ჩანთაში. ვაჟა გაფითრდა უცებ, ეუცნაურა ნათქვამი და ვანიკოს მიაშტერდა:

– ვის ჩანთაში არ შეიძლება?

– ქალიშვილი ქალის, – გაუღიმა ვანიკომ და ისე ხმამაღლა გაიმეორა, რომ მის ამხანაგებსაც გაეგოთ.

– მე და კაკუჩამ დავცხეთ ზოგიერთებს! – იყვირა უცებ ვაჟამ და მართლა დაცხო. გრძნობდა, რომ ხან რბილს, ხან მაგარს უბასკუნებდა, მომუჭული ხელებიც ასტკივდა, მაგრამ არ ცხრებოდა ბიჭი, თან იმეორებდა, – მე და კაკუჩამ დავცხეთ ზოგიერთებს, მე და კაკუჩამ დავცხეთ ზოგიერთებს. თითქმის ხელის მოქნევაზე ყვირდა ამას. შეამჩნია, როგორ დადაბლდა და ჩაიკეცა ვანიკო. უცებ გააჩერეს. აქეთ-იქედან ამოუდგა ორი ბიჭი და გააკავეს. ფეხებს მაინც იქნევდა და იქნევდა. ვანიკო წამოიწია და სახეში გაულაწუნა, მერე კიდევ და კიდევ.

– მილიცია მოდის! – მოისმა ვიღაცის ხმა.

– გაუშვით, შარი მინდა ახლა! – ვანიკომ უკან დაიხია და ვაჟასაც უშვეს ხელი. ბიჭები გზას გაუყვნენ, ვანიკო იღიმებოდა, ეს რა მიქნაო. ვაჟა მიხვდა, მიუხედავად იმისა, ვანიკო გაილახა, მაინც თვითონ იყო სასაცილო, მაინც შემთხვევას, ყველასთვის ღიმილის მომგვრელ შემთხვევას მიეწერება ეს ამბავი, რომ ამ წყნარმა ბიჭმა გაბედა და ვანიკოს, წარმოგიდგენიათ, ვანიკოს გაარტყა. ვაჟა ამან გაამწარა ახლა, სირბილით წამოეწია და ვანიკოს პანღური ამოსცხო.

– ფეხი არ გადმოადგათ! – ვაჟას ნანა გადაეფარა, – ფეხი, თორემ!.. რას აპირებდა გოგო, ვერავინ იტყოდა, ერთი კი იყო, ვანიკო და მისი ამხანაგები კიდევ უფრო აიძაგრენ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28