როგორც ვთქვი, ბოლოს ართანაში ჩავედით. მე ყოველთვის მიჭირდა ამ სახლში შესვლა. საქმე იმაშია, რომ როდესაც ზალიკომ სახლი იყიდა, მე ეს ჩვენგან კარსნის მიტოვებად მივიღე და ეს ნაწილობრივ ასეც იყო. მამაჩემთან ერთად ადრე ორჯერ ნამყოფი ვიყავი ართანაში და ვიცოდი, რა შესანიშნავი ადგილიც იყო, მაგრამ მაინც დავიბოღმე. მამაჩემის სიცოცხლეში მისი ნაყიდი სახლი მხოლოდ ერთხელ მოვინახულე. ამასობაში კი ზალიკო, როგორც სჩვეოდა ხოლმე, მთელი სოფლის მეგობარი, სული და გული გახდა. მისი დაღუპვის შემდეგ დედაჩემმა ლამის გვიბრძანა მე და ჩემს დას, ართანაში წავსულიყავით, ბავშვებიც წაგვეყვანა და იქაურობისთვის მიგვეხედა. ეს მარინას მიერ გადადგმული კიდევ ერთი ბრძნული ნაბიჯი იყო. ნელ-ნელა მეც შემიყვარდა იქაური ხალხი, ხოლო ჩახუტაშვილების ოჯახთან დაახლოება ბედის ნამდვილი საჩუქარი იყო. და მაინც არასოდეს მტოვებდა შეგრძნება, რომ ამ ხალხის და ამ სოფლის ჩემდამი კეთილგანწყობა დაუმსახურებელი იყო, ხოლო სიყვარული – მოპარული. განსაკუთრებით, როდესაც მარტო ჩავდიოდი და ცარიელ სახლს ვაღებდი, მთლად მიმძიმდებოდა გული.

ამ ჯერზე ართანაში გვიან ღამით ჩავედით. ვივახშმეთ და დაღლილებმა დავიძინეთ. დილით მდინარეზე ვიბანავეთ, მერე მარტო წამოვწექი ზედა სართულზე და გულში მამაჩემს ჩვენი მოგზაურობის ამბავი ვუამბე. ზალიკო უკანაფშავიდან, სოფელ მათურიდან მიღმახევში გადასული არ იყო და თითქოს ვუყვებოდი, როგორი მარშრუტი იყო, ღირდა თუ არა იქ უცხოელი ტურისტების წაყვანა. მერე სხვა ფიქრები მოვიდა, ყველა მსუბუქი და ნათელი. მამაჩემის დაღუპვის შემდეგ პირველად ვფიქრობდი მასზე ყოველგვარი სიმძიმის გარეშე. და მარტო მასზე არა, ყველაზე – ცოცხალზეც და გარდაცვლილზეც, ჩვენს ოჯახზე, მეგობრებზე… არც ვიცი, როგორ აღვწერო ჩემი მდგომარეობა, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა და ღირს თუ არა საერთოდ მისი აღწერა, მაგრამ რატომღაც არ მეშინია, რომ ამით მოგონებას გავაუფასურებ. თითქოს ყველა იმ ოთახში იყო, ვინც კი ოდესმე მყვარებია და ჩემთვის ძვირფასი ყოფილა. დაუვიწყარი რაღაც მოხდა მაშინ…

მეორე ამბავი კი ზალიკოს „მაგრობებზეა“. საქმე იმაშია, რომ მამაჩემი ძალიან იშვიათად იცლიდა შვილიშვილებისთვის. ბავშვებისთვის რომ ეს სიცარიელე შემევსო, მე თვითონ ვუყვებოდი ზალიკოს თავგადასავლებს, რომელთაც, არ მახსოვს რომელმა – ფიქრიამ თუ ზალიკომ, „ზალიკო პაპას მაგრობები“ დაარქვა. ძილის წინ ხშირად მიკითხავს, წაგიკითხოთ რამე-მეთქი, და არა, „პაპას მაგრობები“ მოგვიყევიო. ამ ამბების წყალობით პაპა ნელ-ნელა გმირად გადაიქცა და დაღუპვის შემდეგ პირდაპირ გახდა მითოლოგიის ნაწილი. დასაფლავების შემდეგ ჩემმა მეუღლემ, რუსუდანმა, ბავშვებს ყველაფერი უთხრა და მერე მთაწმინდაზე მოიყვანა. იმ ღამეს ატყდა ელვა და ჭექა-ქუხილი. პატარა ზალიკო, რომელიც მაშინ ოთხი წლის იყო, ფანჯარას ეცა და ყვირილი დაიწყო: „გაანათე, ზალიკო პაპა, გაანათე!“ და ეს ყველაფერი ისეთი ბუნებრივი იყო…

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21