რკინიგზის საწინააღმდეგო მოძრაობაში აქტიურობიდან გამომდინარე, მგონი, ბევრი ელოდა, რომ ზალიკო ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაშიც ჩაებმებოდა, მაგრამ მოტყუვდნენ. არ იყო მაგისი ჩიტი, რომ ქუჩაში დაეჩოქა ან სხვებისთვის მოეწოდებინა, დაიჩოქეთო. ძალიან სკეპტიკურად შეხვდა ამ ყველაფერს და მაშინვე ის მრავალი უბედურება იწინასწარმეტყველა, რაც უცაბედად თავზე დამტყდარ თავისუფლებას მოჰყვა. თუმცა პროცესებში არ ერეოდა, ინტერესი ყოველთვის ჰქონდა. ამ მხრივ ნამდვილი გურული იყო – პოლიტიკა აინტერესებდა, სულ თვალს ადევნებდა და, რაც მაშინ ძალიან იშვიათობა იყო, ყველაფერს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ჭრილში იხილავდა – ძალიან დიდი ინფორმაცია ჰქონდა. ორჯერ წაიყვანეს კოლეგა არქეოლოგებმა ამერიკაში, ლექციები ჩაატარებინეს, კარგადაც გადაუხადეს და ორივეჯერ მთელი ფული წიგნებში დახარჯა. ყველაზე ცინცხალ ლიტერატურას კითხულობდა, თანაც კამათის მაგარი ნიჭი ჰქონდა (თუ კაცი არ მოსწონდა, შეიძლება ცოტა დემაგოგობაც დაეწყო) და დისკუსიაში თითქმის დაუმარცხებელი იყო. მოუსმენდა ოპონენტს, არ გააწყვეტინებდა, მერე აიწურავდა მხრებს, იტყოდა: „ვერ დაგეთანხმებით…“ და იწყებოდა, ქვას ქვაზე არ ტოვებდა. არადა, ერთხელ მითხრა, პირველად რომ რაღაც სესიაზე შეკითხვა უნდა დამესვა, გავწითლდი და ენა დამებაო. ესეც გამოიმუშავა, ოღონდ ხანდახან მართლა მეტისმეტი მოსდიოდა. რაც უფრო ახლობელი იყო ადამიანი, რომელიც მისი აზრით, სისულელეს ამბობდა, მით უფრო დაუნდობელი იყო ხოლმე მის მიმართ კამათში. მაგრამ სუსტ მოწინააღმდეგესაც არასოდეს შეებმებოდა და, მით უმეტეს, არ დაჩაგრავდა. მე არ მახსოვს, რომ მთაში, ანდა სოფელში ეკამათოს ვინმესთან, მაგრამ თუკი ინტელექტუალი, რომელიც თვითონ არასოდეს აიღებდა ხელში იარაღს, ომისკენ და სისხლისღვრისკენ მოუწოდებდა, ანდა ისეთ რამეს იქადაგებდა, რაც ისევ ომსა და უბედურებას მოიტანდა, ამას შეიძლება მთლად გამოეყვანა წონასწორობიდან.

ბოლო წლებში, როცა უცხოელების მთაში ტარება დაიწყო და ხანდახან ერთადაც გვიწევდა ამ საქმის კეთება, იქ ბევრი სეირი მინახავს და ზალიკოს შესრულებით „სიტყვიერი პილოტაჟის“ მრავალი შედევრის მომსწრე გავმხდარვარ. საქმე იმაშია, რომ მისი კლიენტები უმეტესად თბილისში მომუშავე დიპლომატიური და ჰუმანიტარული კორპუსის წარმომადგენლები იყვნენ. ხან ისეთი ხალხი შეგვხვდებოდა, ხან – ასეთი. უმეტესობას მაინც მეგობრად შორდებოდა, მაგრამ დამეგობრებამდე ჯერ აუცილებლად უნდა „ჩაეჭრა“ და „დაემიწებინა“ ის, ვინც განსაკუთრებით იბღინძებოდა. შუკშინს აქვს ერთი მოთხრობა, რომელსაც «Срезал» ჰქვია. ვისაც წაკითხული აქვს, მიხვდება რასაც ვგულისხმობ. ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ ზალიკო ჩაჭრის მერე აუცილებლად უნდა მოფერებოდა. ერთხელ პენტაგონის გენერალი წაიყვანა მარტომ მყინვარწვერზე. უკან ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა. ძალიან ცუდი ამინდი იყო და მეტეოსადგურიდან საერთოდ ცხვირი ვერ გავყავით. ამ კაცს ცოტა გავუჩმახე. ბუში ვუგინე, ერაყის გამოც გავუჩმახე, მაგრამ მერე მოვეფერე. და საბოლოოდ კარგი კაცი გამოდგაო. მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი ვიცინე, რომ წარმოვიდგინე რა დღეში ეყოლებოდა საწყალი გენერალი, მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ამგვარი „ჩაჭრების“ მერე მაინც მეგობრებად შორდებოდნენ. იმ კაცთანაც სულ მიმოწერა ჰქონდა. ერთხელ გენერალმა ისიც მოსწერა ამერიკიდან, მთელი დღეები თქვენს თავდაცვის მინისტრთან ერთად ვზივარ მოლაპარაკებებზეო.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21