კიდევ ეგვიპტეში გადაიღო ძალიან ბევრი სლაიდი, რომელსაც ექსპედიციების სხვა სლაიდებთან ერთად კედელზე ვუშვებდით ხოლმე და ეს ჩვენს ბავშვობაში დიდი მოვლენა იყო. მამაჩემის პანაშვიდებზე მოვიდა ჩემი კლასელი მანუჩარ ლომთათიძე და გარეთ, ქუჩაში, მითხრა, რომ იმ ეგვიპტის სლაიდების ნახვა მაშინ ჩემთვის სულ სხვა სამყაროსთან ზიარება იყოო და მართლა მჯერა, რომ ასე იქნებოდა.

პაპაჩემი ქუჩუკი რომ მკაცრი კაცი იყო, ალბათ უკვე მიხვდით და მთელი ეს თავის სიმკაცრე და სპარტანული აღზრდა (რომლის გამოყენებასაც მოგვიანებით ჩემთანაც ცდილობდა) თავის უფროს ვაჟს, ზალიკოს, დაახარჯა მთლიანად. როგორც ვიცი, დანარჩენ შვილებსაც ყრიდა ზეზე უთენია და ცივ წყალში დასველებული ტილოებით ტანს აზელინებდა, მაგრამ ამათთვის, ეტყობა, ისე ვერ მოიცალა, როგორც ზალიკოსთვის. ამ აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შედეგი ქართული ცეკვა იყო, რომელსაც მამაჩემი ცეკვავდა ძალიან მაგრად, არა აკადემიურად, არამედ რაღაცნაირად ძალიან ხალხურად და ლაღად. ოღონდ, ეტყობა, მის ბავშვობაში ეგრე ლაღად არ იყო ყველაფერი.

ზაფხულობით ქუჩუკი სახლს ისეთ ადგილას ქირაობდა, სადაც შეიძლებოდა სასროლი ბადით თევზაობა და ოჯახი იქ მიჰყავდა. მამაჩემი თურმე მთელი კვირა ყირაზე გადადიოდა, მაგრამ შაბათს ქუჩუკი ჩამოდიოდა სამსახურის მანქანით (ბაბუაჩემმა მეორე მსოფლიო ომი თითქმის პირველივე დღიდან იომა, მაიორის ჩინით დაამთავრა და შემდეგ სამხედრო სამსახურში დარჩა. პენსიაზე პოდპოლკოვნიკის ჩინით გავიდა), ისადილებდა, მერე ყველას გაუშვებდა ოთახიდან, მამაჩემს დაიტოვებდა და ეტყოდა: „აბა, ხომ არ დაგვიწყებია?!“ და აცეკვებდა. თან მაგიდაზე, როგორც დოლზე ტაქტს აყოლებდაო: „ერთ, ორი, ერთი, ორი, სამი!“ ეგ იყო ჩემი ტანჯვა, შაბათ-კვირებიო. თვალებში ცრემლი მქონდა, თითის წვერებზე ვცეკვავდი და გვერდით ოთახის კარიდან უშანგი და რუსუდანი მეჯღანებოდნენო.

თვითონ ქუჩუკი ომამდე ჯანო ბაგრატიონის პირველი დასის მოცეკვავე იყო და პროფესიონალურად იცოდა ეგ საქმე.

ამ ცეკვის გაკვეთილებმა ისე იმოქმედა მამაჩემზე, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩემს დას სთხოვა, რომ ჩემი დისშვილი მუკა, რომელიც ქართულ ცეკვაზე დადიოდა და იქაურობას ვერ იტანდა, ცეკვიდან გამოეყვანა – „ცოდოაო!“ მუკას ახლაც ახსოვს, რომ ცეკვას პაპის ხათრით დაანებებინეს თავი.

მამაჩემის და პაპაჩემის ურთიერთობა იყო ძალიან უცნაურიც და ხშირად სასაცილოც. რაც მე მახსოვს, მზად იყვნენ ნებისმიერ საკითხზე წაკიდებოდნენ ერთმანეთს. აბსოლუტურად ნებისმიერ თემაზე ეკამათათ და დიდი ჩხუბი და აყალმაყალი მოეწყოთ. ერთხელ რუსი სტუმარი ქალი ცხოვრობდა ჩვენთან. ვინ იყო არ მახსოვს, მაგრამ მეცნიერი იყო. მოვდივარ სახლში და შუშაბანდში ეს ქალი ზის პირდაღებული და შეშინებული, მამაჩემი და ბაბუაჩემი კიდევ ჭურჭლის მსხვრევაზე არიან გადასულები. მერე გავიგე, რაზე მოსვლიათ კამათი. ამ ქალს უთქვამს: დღეს ქალაქში აჩმა ვჭამე და ძალიან მომეწონაო. ჩხუბი კიდევ იმაზე მომხდარა – აჩმა აჭარული იყო თუ აფხაზური. თანაც მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ მართალი იყო და ვინ მტყუანი. ერთს რომ ერთი ეთქვა, მეორე მეორეს იტყოდა. უკვე ძალიან გვიან, როდესაც პაპაჩემი მოტყდა, ზალიკო აღარ ეკიდებოდა ხოლმე ყოველ სიტყვაზე როგორც ადრე და შედარებით მშვიდად იყვნენ. ისე კი ამათ ჩხუბებში ყველაზე მეტად ქალები ზარალდებოდნენ – დედაჩემი და მანამდე კიდევ, ალბათ, ბებიაჩემი.

როდესაც ჩვენს სახლში ქეიფი და სტურმრიანობა იყო და ბაბუაჩემიც იჯდა სუფრასთან, ზალიკო მის სადღეგრძელოს სულ ასე ამბობდა: „მამი, იმდენი ჯანი გქონდეს, რომ ჩემი გალახვა ყოველთვის შესძლოო!“ – და თან იცინოდა. მე მგონი ასეთი სადღეგრძელო ქუჩუკისაც ძალიან სიამოვნებდა.

მიუხედავად მუდმივი აზრთა სხვადასხვაობისა, კინკლაობისა და ბაბუაჩემის ძალაუფლების მოყვარული ხასიათისა, ზალიკომ მტკიცედ იცოდა, რომ მამამისი იყო პატიოსანი ადამიანი, ამ პატიოსნებით იომა ოთხი წელი სამამულო ომში (მახსოვს მისი მონაყოლი, როგორ გადაამტვრია თავზე ტაბურეტი რუს ჯარისკაცს, რომელიც გერმანელი ქალის გაუპატიურებას ცდილობდა) და ამავე პატიოსნებით მსახურობდა მერეც. ზალიკოს მოუყოლია, ლენინგრადში ცხოვრების დროს, როგორ მოხვდა რუს დისიდენტებში, რომლებთანაც ურთიერთობას მანამდე ძალიან ეშურებოდა და აინტერესებდა, როგორ გაატარა მათთან ერთად ერთი საღამო და ამ ერთი საღამოს მანძილზე იმდენი სიბინძურე დაინახა მათ შიდა ურთიერთობებში, რომ ბოლოს უთხრა: მამაჩემს კედელზე სტალინის სურათი უკიდია, მაგრამ თქვენ მაინც ყველას გჯობიათო და წამოვიდა. სხვათა შორის, სტალინის ეგ სურათი ბუნდოვნად მეც მახსოვს, მგონი, ჩიბუხს უკიდებდა…

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21