მაგრამ აი, რა მახსოვს ამ ამბებიდან ყველაზე კარგად. როდესაც ყველაფერი დამთავრდა და დიდი პაუზის შემდეგ მამაჩემმა შაბათ დღეს ისევ შეგვკრიბა ბავშვები, გვითხრა ასეთი რამ: ეს ხალხი იყო არა მარტო კარგი სპორტსმენი და ადამიანი, არამედ თავისი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქე (ეს სიტყვა კარგად დამამახსოვრდა, იმიტომ რომ მაშინ ძალიან უცხო ჟღერადობა ჰქონდა და მარტო კინოში თუ გამეგონა) და ავდგეთ და წუთიერი დუმილით პატივი ვცეთო! უნდა ვთქვა, რომ ამ შაბათის გაკვეთილებზე მამაჩემს სულ ვურევდი, ვიჭყანებოდი, ხშირად ოთახიდანაც მაძევებდა. ეს რომ თქვა და ფეხზე ავდექით, რაღაცნაირად დავიბენი, იმიტომ, რომ სიტუაცია თან კომიკური მეჩვენა (წუთიერი დუმილიც მარტო კინოში მენახა), მაგრამ თან ვიგრძენი, რომ რაღაც სერიოზულში, ნამდვილში ვიღებდი მონაწილეობას, შეიძლება, პირველად ცხოვრებაში. იმის თქმა მინდა, რომ სხვა იქ მყოფებისა არ ვიცი (ბევრი მათგანი დღემდე ახლო მეგობარია ჩემი), მაგრამ მე ის წუთიერი დუმილი მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა.

დევის სიკვდილის შემდეგ სულ ჩაკვდა ჩვენი სახლი. მართალია, მისვლა-მოსვლა არ შეწყვეტილა. ახალი ხალხიც კი გამოჩნდა – ისევ დევის ძმაკაცები, რომლებიც ახლა ჩემი მშობლების მეგობრები გახდნენ, მაგრამ ისეთი დროსტარებები აღარასოდეს ყოფილა. მე კი დედაჩემი ერთ რამეს მთხოვდა, რომ ფიზიკაში (დევი ფიზიკოსი იყო) ოთხი გამომყოლოდა. ხუთიანი რომ არ უნდა მოეთხოვა, მაგდენს ხვდებოდა, მაგრამ ეს ოთხიც თითქმის შეუძლებელი რამ იყო იმიტომ, რომ ამ ფიზიკისა მართლა ვერაფერი გავიგე, თუმცა სკოლაში ძალიან კარგი მასწავლებელი დათო კუხალეიშვილი მასწავლიდა, რომელიც თავის მხრივ დარწმუნებული იყო, რომ მე ფიზიკაში ძალიან მაგარი ვიყავი და უბრალოდ ვზარმაცობდი. გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი, რომ ფიზიკის მართლა ვერაფერი, ვერცერთი კანონი ვერ გავიგე და საერთოდ ვერ მივხვდი მაგ საგნის არსს, მაგრამ დათოს კეთილგანწყობის წყალობით, ხანდახან ოთხი მყვებოდა და მაშინ ნორმალურად იყო საქმე. აი, სამზე კი დედაჩემი ძალიან ნაღვლობდა. სხვა საგნების სამიანებზე არ მეჩხუბებოდა, მაგრამ ფიზიკა ძალიან ტკენდა გულს.

 

ახლა გამახსენდა სამეგრელოში გატარებული ზაფხულის ერთი თვე. ჩვენ (ზალიკო, დედაჩემი, ჩემი და მარიამი და მე) ვიმყოფებოდით მაშინდელი გეგეჭკორის (ეხლანდელი მარტვილი) რაიონის სოფელ ლეფოჩხუეში, ელგუჯა (კუმა) გოგიძის ექსპედიციაში. ლეფოჩხუეში მხოლოდ ფოჩხუები ცხოვრობდნენ და ჩვენც ფოჩხუების ოჯახში გვედო ბინა. იქვე ახლოს ჩამოდიოდა მდინარე აბაშა, რომელზეც ძალიან კარგი საბანაო და სათევზაო ადგილები იყო, მაგრამ მამაჩემს იქ იშვიათად დავყავდით. ამინდები არეული იყო, თითქმის სულ წვიმდა და ველზეც ვერ მუშაობდნენ. ზალიკო მთელი დღეებით იკარგებოდა და საღამოს შაქარზე დაყენებული ღვინით მთვრალი რამდენიმე კაცს მოჰყავდა. საერთოდ დალევა კი უყვარდა, მაგრამ ბევრს ვერ სვამდა. ბოლო წლებში უფრო მეტის ატანა შეეძლო. მაშინ კი სამეგრელოში, ისეთი მთვრალი მოჰყავდათ, რომ ეგეთი მამის ნახვას მიუჩვეველი მარიამი სულ ტიროდა. ასე გაგრძელდა მთელი ექსპედიცია. რამდენიმე წლის წინ გამახსენდა ეს ამბავი და ვკითხე, რა იყო, მაშინ რა გჭირდა-მეთქი და მითხრა, შენ არ გახსოვს, ეგ ხომ ის წელი იყო, ბიჭები რომ დაიღუპნენო.     „ბიჭების დაღუპვას“ როცა ახსენებდა, ესე იგი ზამთრის უშბაზე დაღუპულ ბიჭებს გულისხმობდა. საერთოდ კი ამაზე ბევრს არასოდეს ლაპარაკობდა.

ერთ რამესაც ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო ოპერაციებში ხშირად უხდებოდა სიკვდილის ნახვა, არასოდეს გამხდარა ცივსისხლიანი და ამას არასოდეს შეგუებია. სიკვდილთან ძალიან მოკრძალებული დამოკიდებულება ჰქონდა. ისე მოხდა, რომ მეც არაერთი მეგობარი დავკარგე და არ მახსოვს, რომ ზალიკო რომელმეს პანაშვიდზე ან გასვენებაში ოთახში შემოსულიყო. ძალიან უმძიმდა ეგეთი რამეები. შიგნით მყოფს ფანჯრიდან გამიხედავს და გარეთ ეზოში ან ქუჩაში ხალხში დამინახავს. იდგებოდა, იდგებოდა და წავიდოდა…

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21