ვართ ამ საქმეში და თან მორის ქუმსიშვილი (მუსა) გვიამბობს, თუ როგორ მოხდა ყველაფერი. პილოტს ხალხისთვის უარი ვერ უთქვამს და ვეტმფრენიც გადაჭედილა. დათო ხუციშვილი ბოლო წამს შეახტა ზედ და ხელი დაგვიქნიაო. დაბლიდან უცქერდნენ, როგორ მძიმე-მძიმედ აიღო ვეტმფრენმა სიმაღლე და სულ ცოტა დააკლდა ქედს გადასულიყო, კლდის ქიმს წამოედო. შუაზე გადატყდა და დაღვრილი ბენზინი ცეცხლის ალად მოედო მთელს ფერდობსო. მაშინვე წამოსულან ზევით მორისი, მამაჩემი და კიდევ მესამე კაცი, რომელიც აღარ მახსოვს, ვინ იყო. ამოვედით და ერთი ქალი ვიპოვეთ ცოცხალიო. ღამით კარავში შუაში ჩაუწვენიათ, რომ როგორმე გაეთბოთ და ქალი დილისკენ მომკვდარა, ისე რომ გონზეც ვერ მოსულა – მარტო ბოდავდაო. ჰოდა, ვართ ესე, კარავში ვწევართ, შუაში მომაკვდავი ქალი გვიწევს და ზალიკო გვეუბნება, მე რაღაცა მაქვს ისეთი, რომ გაგიხარდებათო. ზურგჩანთიდან ერთი ბოთლი „ჯეკ დენიელსი“ დააძროო. იმ ღამეს დაულევიათ ის ერთი ბოთლი ვისკი. აი, ეგეთი რაღაცეები იცოდა მამაჩემმა. ან იმ ვისკის იქ წაღება რამ მოაფიქრა, ან მერე იქ ატანა. მაგრამ ის საშინელი ღამე კი იმ „ჯეკ დენიელსით“ გადაიტანეს.

მოგვიანებით თბილისში მორისმა ისიც მომიყვა, მარადიორები როგორ უპირებდნენ მას და ზალიკოს დახვრეტას, იმიტომ, რომ მამაჩემი რაღაცაზე არ დაემორჩილა. კედელთან მიგვაყენეს ორივე და ზალიკოს უთხრეს: მაგ წითელ ჯვარს ზურგზე რომ გახატია, ეხლა ავტომატით დაგახატავთ ზედო… ეგეთი შემთხვევები ბევრი იყო.

მაგ წასვლიდან კიდევ რა დამამახსოვრდა და ვეტმფრენიდან დანახული ხალხის უწყვეტი ნაკადი და სრული კატასტროფის შეგრძნება, რომელიც თბილისში საერთოდ გაუთვითცნობიერებელი მქონდა.

მერე კოპიტნარში ჩამოვფრინდით და ღამე იქ გავატარეთ. ვეტმფრენებს ლტოლვილები ჩამოჰყავდა. იყვნენ მებრძოლებიც და სუყველა აბსოლუტურად განადგურებული იყო. ერთადერთი მებრძოლი ვნახე, რომელიც ძალიან მხნედ გამოიყურებოდა და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით იქ, ეგ არაფერიაო, – ღიმილით ამბობდა. სხვებთან შედარებით ეს იმხელა კონტრასტი იყო, რომ კარგად დამამახსოვრდა იმ ბიჭის სახე. სადმე რომ შემხვდეს, ახლაც ვიცნობ.

მიცვალებულები რომ დავაბინავეთ, იმ ღამეს კოპიტნარში გვეძინა აფი გიგანის ოთახში (აფი ახლაც კოპიტნარის აეროპორტში მუშაობს და ჩემი და მამაჩემის ეს მეგობარიც მაშინ გავიცანი). ლაპარაკი იყო, რომ ლოთი ქობალია ათ კილომეტრშია მოსული და დილით შეიძლება აქ იყოსო. ქობალიას რაზმთან შეხვედრა არავის არ გვინდოდა, მაგრამ ღამე რამდენიმე თვითმფრინავი დაფრინდა კოპიტნარში მხედრიონის ხალხით და ქობალია შეაჩერეს. ღამით მახსოვს, ნიკა ერქომაიშვილი ბოდავდა: „აქეთ დააწყვეთო!“ – ისევ იმ მიცვალებულებს ეზიდებოდა.

დილით ჩვენ თბილისისკენ მომავალ ვეტმფრენს გამოვყევით. მაგრამ მანამდე უკან, სვანეთში მიმავალი ვეტმფრენი გამოჩნდა. ბიძინამ თქვა: მე ამას უნდა გავყვე, იქ ვარ საჭიროო. მერაბ ხაბაზმა როგორც იცოდა, უხმოდ, ულაპარაკოდ მოიკიდა ზურგჩანთა და ბიძინას აჰყვა ვეტმფრენში. ბიძინა მერაბისთვის ავტორიტეტი იყო – ალპინიზმშიც და ისედაც. ახლა ძალიან ვნანობ, რომ მეც არ გავყევი და იმ დიდ ეპოპეაში მონაწილეობა არ მივიღე. 21 წლისა ვიყავი და სრულიად იდიოტური მიზეზის გამო წამოვედი თბილისში – შეყვარებული ვიყავი და ამ მთელი ნანახი უბედურების მიუხედავად, მეცხრე ცაზე დავფრინავდი. ძალიან ვნანობ, რომ არ წავედი. თანაც იმ საქმიდანაც არაფერი გამოვიდა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21