მე დევისთან და მასთან ერთად ჯავახეთშიც ვყოფილვარ ნამდვილ ნადირობაზე და იქაც ვუყურებდი, როგორი ჟინიანი მონადირე იყო დევი. სულ ვახო შარიქაძეს ეჩხუბებოდა, რომელიც გაუთავებლად აცილებდა ბეკასებს, ან სროლასაც კი ვერ ასწრებდა.

9 წლის ლენინგრადში გავხდი-მეთქი და არქეოლოგმა ნინო ინაიშვილმა (იმ დროს ლენინგრადში მუშაობდა და იმავე საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა), მაჩუქა დიდი ინგლისური წიგნი Memals – ძუძუმწოვრები, რომელიც ახლაც მაქვს. წიგნი იყო დიდი და სულ ფერადი ფოტოებით გაფორმებული. მერე მე და მამაჩემი აღმოვჩნდით იმ მაღაზიაში, სადაც ეს წიგნი და ამ სერიის სხვა წიგნები იყიდებოდა. მე ბუნების შესახებ წიგნებზე და ალბომებზე ჭკუა მეკეტებოდა. თითო წიგნი ამ სერიიდან ღირდა 20 მანეთი და ზალიკომ მაშინ ვერ მიყიდა – უბრალოდ არ ჰქონდა ფული. ამ სერიიდან ორი წიგნის ყდა კარგად დამამახსოვრდა – სამხრეთ აღმოსავლეთი აზია (მარტორქა იწვა ტალახში) და ჩრდილო ამერიკა (ალიასკის ტბაში შესული ცხენირემი), მოკლედ, მაგრა ჩამრჩა გულში. მამაჩემის დაღუპვის შემდეგ ვიხსენებდი ისეთ რაღაცებს, რაზეც მრავალი წელია არ მიფიქრია, და რატომღაც ის წიგნებიც გამახსენდა. ზუსტად მეორე დღეს ვაკეში, ჭავჭავაძეზე ვიღაცის მომლოდინე, დროის გასაყვანად შევედი ბუკინისტის მაღაზიაში და ამ სერიის უკლებლივ ყველა წიგნი იქ ვნახე. მეორე დღესვე ყველა ვიყიდე პატარა ზალიკოსთვის. ცხოველები ამასაც ძალიან აინტერესებს.

მახსენდება მამაჩემთან ერთად პირველი წასვლები იმ ადგილებში, რომლებიც შემდეგ ჩემთვის ძალიან ძვირფასი გახდა. ძალიან მაგარი იყო პირველი ასეთი წასვლა ხევსურეთში, მართალია, სულ ერთდღიანი. უკვე გვიანი შემოდგომა იყო და დათვის ჯვრის უღელტეხილი ის-ის იყო უნდა დაკეტილიყო. მუზეუმის თანამშრომელს შოთა არაბულს შატილიდან ექსპედიციის ბარგი ჰქონდა წამოსაღები და წავედით მუზეუმის კამაზით, რომლის საჭესთანაც სერგო ილიადი იჯდა. მამაჩემმა არ ჩამსვა თბილ კაბინაში და მთელი გზა შატილამდე მასთან ერთად ძარაზე ვიმგზავრე, ფეხზე დამდგარმა და „ბორტზე“ ხელჩავლებულმა. გუდანის მერე უკვე თოვა დაიწყო, მაგრამ კაბინაში მაინც არ გადამიყვანა. ამოიღო თავისი ნაბადი, რომელიც მუდმივად თან დაჰქონდა ექსპედიციებში და ორივენი შიგ გავეხვით. მე ბავშვი ვიყავი და თავი უფრო დაბლა მქონდა გამოყოფილი. პირდაპირ სახეში გვათოვდა და ჩვენს ნაბადზე თოვლი იდო. ზალიკო კიდევ მიყვებოდა, რომ ეს იყო ბისო, ეს ხახმატი და თან ვაჟას პოემებიდან ამბობდა ნაწყვეტებს. ალბათ არასოდეს არ გაქვს მშობელთან ერთობის ისეთი განცდა, როგორც ბავშვობაში და ეს კიდევ განსაკუთრებული მომენტი იყო. შატილისკენ რომ დავეშვით, იქით აღარ თოვდა. ძალიან მაინტერესებდა, როგორები იყვნენ ხევსურები, რომლებზეც ამდენი გამეგონა. მაშინ შატილში მუშაობდა სასადილო და პირველი იქ ნანახი ხევსური იყო ბრიყვა (ნამდვილი სახელი დღესაც არ ვიცი) ზვიადაური – ჩხუბისთავი, რომელსაც რამდენიმე თითი აკლდა ხელზე და ამბობდა ლექსს, რომელსაც მას მერე მეც და მამაჩემიც სულ ვიმეორებდით: „ქალასა ვთხოვე არ მამცა, რუსულად მითხრა ნიატო…“ წლების მერე ბრიყვა სოფელ გამარჯვებაში მოსისხლეებმა მოკლეს.

მახსოვს, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა შატილმა. ზამთრისპირი იყო, ფოთოლი ხეებს თითქმის აღარ ჰქონდა და ძალიან პირქუში მეჩვენა. კიდევ მახსოვს, რომ ასკილის ბუჩქებს ესხა იმოდენა ასკილები, რამხელაც მანამდე არსად მენახა.

უკანა გზაზე კი ჩამსვეს კაბინაში. უღელტეხილს რომ გადმოვედით, უკვე დიდი თოვლი იდო და ალბათ იმ ღამეს ჩაიკეტა კიდეც. მერე დამეძინა და თბილისამდე მეძინა.

უფრო დიდი – 12 წლისა ვიყავი, როდესაც პირველად წამიყვანა ყაზბეგში და თითქმის მთელი ზაფხული თავისი მეგობრისა და ძმადნაფიცის, შალიკო ქირიკაშვილის ოჯახში დამტოვა. ეს ძალიან ბედნიერი ზაფხული იყო. იმის მერე გახდა ქირიკაშვილების ოჯახი ჩემი მეორე სახლი. მისი სამი ვაჟი – განსაკუთრებით კი ვახო, რომელიც ჩემზე მხოლოდ ერთი წლითაა უმცროსი, დღემდე ჩემი უახლოესი მეგობარია.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21