აქვე აუცილებლად მინდა ვახსენო ერთი ადამიანი, რომელსაც ზალიკოს ცხოვრების ბოლო წლებში მის მიერ გაწეულ სამუშაოებში და ხალხის დახმარებაში პირდაპირი წვლილი მიუძღვის. ეს არის შესანიშნავი შვეიცარიელი ქალბატონი, პროფესორი ბრიგიტა ამანი, რომელიც ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან მამაჩემის საბანკო ანგარიშზე საკმაო თანხას რიცხავდა. ზალიკოს და ბრიგიტას ურთიერთობა დამყარებული იყო სრულ ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ქველმოქმედების სურვილზე და ადამიანის სიყვარულზე. ვინ იცის რამდენ ადამიანს მოემართა ხელი ამ ქალბატონის გადმორიცხული ფულით – გაუკეთდა ოპერაცია, დაპურდა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ბრიგიტა ყოველთვის ჩრდილში იყო, და ვინ იცის, იქნებ ასე სჯობდეს კიდეც, მინდა ახლა ვუთხრა მადლობა საქართველოში მცხოვრები ყველა იმ უბრალო ადამიანის სახელით, ვისაც ბრიგიტა ამანის დახმარება მამაჩემის ხელით მიუვიდა.

ახლა ქრონოლოგიურად ცოტა უკან წავალ და ზალიკოს მაშველობაზე დავწერ ცოტას.

იყო სამაშველო სამსახური „სანთელი“, რომელშიც ძალიან ბევრი კარგი ადამიანი იყო გაერთიანებული. მათი უმეტესობა ის ხალხია, რომლებიც სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ ალპიური კლუბიდან გაემგზავრნენ სომხეთში. მოგვიანებით ისინი „სანთელში“ გაერთიანდნენ. ამათგან უმრავლესობას ჰქონდა მთაში სიარულის მეტ-ნაკლები გამოცდილება, ზოგი უფრო ახალგაზრდა იყო, ზოგი – ასაკოვანი, სხვადასხვა იყო მათი ფიზიკური მომზადებაც. თითქმის არ ჰქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა და იღებდნენ სიმბოლურ ხელფასს (მეც ვმუშაობდი სანთელში და კარგად მახსოვს, რომ იმ კუპონების გროვით, რომელსაც ხელფასად ვიღებდი, ერთხელ თუ შეხვიდოდი სახინკლეში). ამ ყველაფრის მიუხედავად, „სანთელი“ და მასთან ერთად ზალიკო ქიქოძეც დიდხანს ემახსოვრებათ ლტოლვილებს, რომლებმაც 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჭუბერის უღელტეხილი გადმოიარეს, ანდა 1994 თებერვალში გალიდან გამოიქცნენ. მე თვითონ ჭუბერშის უღელტეხილზე არ ვყოფილვარ და ესეც მამაჩემის ახირება იყო. არაფრით წამიყვანა თან. მამა და შვილი ერთ ვეტმფრენში არ უნდა ისხდნენო. მანამდეც ასე თქვა, 92-ში რაჭის მიწისძვრის დროს, როდესაც სხვადასხვა ვერტმფრენებში აღმოვჩნდით. ამიტომ ვერ ვნახე ის მაშველობის უმაღლესი პილოტაჟი, რომლითაც აღტაცებული დარჩა იმავე ვეტმფრენში მჯდომი წითელი ჯვრის ამერიკელი წარმომადგენელი (ჭიათურის მთებში მიწისძვრის მერე საბაგირო გზის ვაგონი იყო ცაში, შუა გზაზე გაჭედილი. მასში უკვე ერთი დღე-ღამე იმყოფებოდა ორი კაცი, მგონი, მამა და შვილი. „სანთელის“ ვერტმფრენი ცაში დაეკიდა. ზალიკო „ლებიოდკაზე“ გამობმული თოკით ჩაუშვეს. ვაგონში შევიდა. სათითაოდ ჩააბა ორივეს თოკი და ვერტმფრენზე აუშვა. თანაც ერთ-ერთის გარეთ გამოგდება ძალით მოუწია). ასე რომ, მამაჩემი პირველივე დღიდან უღელტეხილზე იმყოფებოდა, მე კი თბილისში დავრჩი. ერთი დღით მაინც მომიწია აფხაზეთ-სვანეთში ყოფნა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც საკენის თავზე მთებში ლტოლვილებით გადატვირთული ვეტმფრენი დაიღუპა. როდესაც მე გავფრინდი, გვქონდა ეჭვი, რომ ვეტმფრენში შეიძლება ზალიკოც მჯდარიყო. ის დღე და ის სამუშაო კარგად ჩამებეჭდა გონებაში ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი შემიძლია გავიხსენო, ვისთან ერთადაც იმ დღეს ვიფრინე და მიცვალებულები ქუთაისში ჩამოვასვენეთ. ესენი იყვნენ: ზურა ასტახიშვილი, ბიძინა გუჯაბიძე, ნიკა ერქომაიშვილი, მერაბ ხაბაზი, ლევან კარიჭაშვილი (კარო), გოჩა ღვინიაშვილი, დათიკო ჩანტლაძე, დათო რაქვიაშვილი და კიდევ ჭუბერში ვეტმფრენში მორის ქუმსიშვილი ამოვიდა, რომელიც პირველივე დღიდან იქ იყო. მისგან გავიგე, რომ მამაჩემი ცოცხალი იყო, მაგრამ ვეტმფრენის ეკიპაჟთან და ლტოლვილებთან ერთად დაღუპულიყო „სანთელის“ წევრი დათო ხუციშვილი, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ყველას ძალიან უყვარდა.

რაც ჩვენ იქ ვნახეთ საშინელება იყო. დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. სულ დამწვრები და დასახიჩრებულები. მერე თბილისში კარგა ხანს დამწვრის საშინელი სუნი დამყვებოდა თან. მიცვალებულებს ცელოფნებში ვახვევდით და თოვლზე დაბლა მივასრიალებდით იმ ადგილამდე, სადაც ვეტმფრენი მოახერხებდა დაჯდომას. მერე აღმოჩნდა, რომ მე კარგად ვიმუშავე. გუჯაბიძემ შემაქო და მითხრა, რამდენიმე ჩვენგანმა ხელიც კი ვერ მოკიდა მიცვალებულებსო. ეს მე არ შემიმჩნევია. მაგრამ ჩემი და ბიძინას დამეგობრება იმ დღიდან დაიწყო და დაგვირგვინება ის იყო, რომ ბიძინას უმცროსი შვილის, ალექსანდრეს, ნათლია გავხდი.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21