რადგან ლეფოჩხუეში გატარებული ზაფხული გამახსენდა, იქ მომხდარ კიდევ ორ ამბავს გავიხსენებ. ჩვენს იქ ყოფნას დაემთხვა გახმაურებული თვითმფრინავის ბიჭების სასამართლო პროცესი, რომელსაც ტელევიზიით გადასცემდნენ და რომელსაც ჩვენ მასპინძელ ოჯახის წევრებთან ერთად ვუყურებდით ტელევიზორში. მახსოვს, როგორი შეცბუნებული იყო დედაჩემი ამ წესიერი და მშრომელი ხალხის რეაქციით, რომლებიც თითქმის სიხარულით შეხვდნენ სასიკვდილო განაჩენს და რომლებიც სულ ხაზს უსვამდნენ: „აი, პროფესორების შვილები და აკედემიკოსების შვილები“…

მეორე ამბავი რადიომიმღებთან არის დაკავშირებული. ჩვენი ექსპედიციის რომელიღაცა წევრს ჩართული რადიო დაეტოვებინა ოთახში და მე მეორე ოთახში მწოლიარე უნებურად ყურს ვუგდებდი გადაცემას. რადიო კი საქართველოს უკანასკნელ ეროვნულ გმირზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილზე ყვებოდა. მე არც ასეთი გმირი გამეგო და საერთოდაც მივხვდი, რომ რადიო რაღაც იმდენად უჩვეულოს გადმოსცემდა, რომ წამოვდექი და იმ ოთახში გავედი. თურმე ეს იყო რადიო „თავისუფლება“, ან სულაც „ამერიკის ხმა“ (ახლა აღარ მახსოვს), მაგრამ მთხრობელის ხმა ისე კარგად ისმოდა და მისი მონაყოლი იმდენად უჩვეულო იყო, რომ ცარიელ პატარა ოთახში ფანჯრიდან შემოსული დილის მზის შუქი და კედელთან იატაკზე დადგმული რადიომიმღებიც კი დამამახსოვრდა. მაშინვე დედაჩემთან წავედი, მოვუყევი, რაც მოვისმინე და მანაც საკმაოდ ფრთხილად ამიხსნა, თუ რაში იყო საქმე ან ვინ იყო ის უკანასკნელი ეროვნული გმირი.

იმის მერე ოცდაორი წელია გასული. თვითმფრინავის ბიჭებზე სპექტაკლიც დაიდგა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი (რომელსაც იმავე კომუნისტური პროპაგანდის მანქანის მუშაობის შედეგად ბევრი კახელი გლეხი დღესაც ბანდიტს ეძახის და ვერაფრით გადაარწმუნებ) სრულიად გროტესკულად მიაბარეს ქართულ მიწას ზარბაზნების ქუხილით და ისეთი სპექტაკლი დადგეს, რომ მრავალ ადამიანს, რომლებიც წლების მანძილზე ჩუმად ინახავდა, ვინ იცის, საიდან ნაშოვნ მის სურათს (და ასეთებსაც ვიცნობ) იქ წასვლის ყოველგვარი სურვილი დაუკარგეს. და საერთოდაც, ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა იმ „ლაიფ-შოუებს“ ემსგავსება, რომელშიც აღარაფერია დაფარული, ინტიმური, სათუთი და პირადული, რომელიც საშინლად არ მოგვწონს, მაგრამ მაინც ვუყურებთ, მაინც ინტერესი გვაქვს, მაინც ვაძლევთ ხმას და ცუდებში უკეთესს ვგულშემატკივრობთ. ეს ძალიან შემაწუხებელია და როდესაც განსაკუთრებით ვწუხდები, სწორედ მაშინ მაკლია ხოლმე მამაჩემის იმედიანი ნიჰილიზმი და მისი წამოსროლილი ფრაზები: „ესენიც იდიოტები არიან შვილო“ („შვილოს“ იშვიათ შემთხვევაში ამბობდა ხოლმე) ანდა „ჩვენ ასე ქვეყანას ვერ ავაშენებთ“… ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს უიმედო და ხანდახან ცინიკური ფრაზები ბევრად უფრო იმედიანად ჟღერდა და უფრო გამშვიდებდა, ვიდრე სხვათა ოპტიმიზმი და პოპულიზმი, იმიტომ, რომ ისეთი კაცის მიერ იყო ნათქვამი, რომელიც მყარად იდგა მიწაზე და ამ მიწასთან სხვისთვის უცხო, გაუგებარი და უხილავი კავშირები ჰქონდა…

ბიჭების დაღუპვის შემდეგ ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა, ეს იყო ტრანსკავკასიური რკინიგზის წინააღმდეგ მოძრაობა, რომელშიც ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ჩვენი სახლი გამოცოცხლდა და შტაბივით გახდა. სხვათა შორის, მოგზავნილი ხალხიც მოდიოდა, მაგრამ ყველამ იცოდა (ყოველგვარი ლუსტრაციის კანონის გარეშე) ვინ იყო ეს ხალხი და ვიზე მუშაობდა. იმათაც აქეიფებდნენ, უმასპინძლდებოდნენ, ოღონდ მათი თანდასწრებით საქმეზე არაფერს ამბობდნენ. რკინიგზაზე მე ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ გავიხსენებ, თუ რა დიდი სიხარული იყო, როდესაც მოსკოვურ გაზეთ „ტრუდში“ რკინიგზის საწინააღმდეგო სულ პატარა წერილი გაათრიეს. და კიდევ მახსოვს მანამდე შეხვედრა მწერალთა კავშირში, რომელსაც მე არ დავსწრებივარ (იმ დღეს მერვე კლასის გამოსაშვები გამოცდა მქონდა), სადაც ზალიკომ ძალიან მაგარი სიტყვა თქვა. თანაც მაშინდელი მწერალთა კავშირის თავჯდომარე, რომელიც მხოლოდ რკინიგზის მხარდამჭერებს აძლევდა სიტყვას, მოატყუა, თითქოს თვითონაც ასეთი იყო. იქიდან რომ დაბრუნდნენ, დედაჩემმა მითხრა, მგონი, მამაშენი ხელმეორედ მიყვარდებაო.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21