მამაჩემმა რომ პირველად ულვაში გაიპარსა, ეს თურმე პაპაჩემის, ქუჩუკის დაუკითხავად გააკეთა. პაპაჩემი სახლში მოსულა, შეუხედავს და მაშინვე სილა გაურტყამს. ზალიკო გაქანებულა და ფანჯრიდან გადამხტარა. მეორე დილას ამომაკითხა ქუჩუკამ კარსანში, მიხვდა რომ იქ ვიქნებოდი და უხმოდ წამომიყვანაო. ამ ამბავს რომ ყვებოდა, სულ ამბობდა: რომ გამოვქანდი, ფანჯრის რაფას ფეხი არც დავარტყი, ისე გადავხტი მეორე სართულიდან ქუჩაშიო. მე პატარა ვიყავი და შენ ეხლაც ვერ იზამ მაგასო. ეს ერთმანეთთან შეჯიბრის ამბავი სულ გვქონდა, ერთი ხანობა სულ ვჭიდაობდით, თუკი სადმე მინდორზე ან გაშლილ ადგილზე მოვხვდებოდით. მერე როგორც გაირკვა, დედაჩემი თურმე ძალიან წუხდა ამაზე და როცა მამაჩემის სიკვდილის შემდეგ მისმა ამერიკელმა ძმაკაცმა და კოლეგამ ფილიპ კოლმაც ეს ჩვენი ჭიდაობები გამახსენა და რას ნიშნავდა ეს ყველაფერიო, მკითხა, მივხვდი, რომ გარშემომყოფებისთვის ეტყობა ზედმეტად სერიოზულადაც ვჭიდაობდით, თუმცა ამას შეიძლება მაშინ ვერც ერთი ვერ ვხვდებოდით. ისე კი ვიტყვი, რომ მაშინაც კი, როდესაც ბევრად უფრო მსუბუქი და ახალგაზრდა ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ, ფეხის დაუკარებლად ნამდვილად ვერ გავხტებოდი ჩვენი მთაწმინდის სახლის ფანჯრიდან და ალბათ, მე კი არა, ბევრი სპორტსმენი ვერ გადახტება კისერის მოუტეხავად.

ზალიკო ძალიან სპორტული იყო და ბოლომდე ასეთად დარჩა. უკვე მერე მითხრა მამიდაჩემმა რუსუდანმა: სახე თავის ასაკზე უფროსისაც ჰქონდა და ტანი კიდევ ისევ პატარა ბიჭისო. მამაჩემი კარგად ცურავდა, ცეკვავდა და იყო მაგარი მხედარი. როდესაც პირველად და უკანასკნელად მოხვდა უცხოეთში (ეგვიპტეში) საბჭოთა ტურისტის სტატუსით (ამ სტატუსს ყოველთვის ხაზს უსვამდა, როდესაც ეგვიპტეში მოგზაურობაზე ყვებოდა), გადახურდავებული ფულის უმეტესი ნაწილი ცხენით ჯირითში დახარჯა. არაბული ცხენი ვიქირავე და პირამიდებში ვაჭენეო. მაშინ ზალიკოს ეგვიპტეში ყველაფერი ჰქონდა წაღებული, როგორც დაარიგეს და რაც თურმე საბჭოთა ტურისტის ამუნიციაში შედიოდა – გასაყიდ რაღაცეებს ვგულისხმობ. ფოტოაპარატი „ზენიტი“ და კიდევ რაღაცეები წაუღია – ურჩიეს, ესო კარგად იყიდებაო. რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ გაყიდა და უკან ჩამოიტანა. ასევე გასაყიდად წაღებული ორი ბლოკი სიგარეტი კი თვითონ მოწია, ისე უმძიმდა იქ ქართველი საბჭოთა ტურისტების გამათხოვრებულ-გასპეკულიანტებული ყოფის ყურება. ასე დაიწყო მამაჩემა სიგარეტის მოწევა 28 წლის ასაკში. დაიწყო და თავი აღარასოდეს დაუნებებია.

ეგვიპტიდან კიდევ ჩამოიტანა არაბული სამოსი, რომელსაც ზაფხულობით სახლში ან ექსპედიციებში იცვამდა და ორი პატარა ბიუსტი კბილებდაკრეჭილი არაბებისა, რომლებისაც ჩემს დას, მარიამს, რომელიც მაშინ ალბათ, ორი წლისა იყო, ისე ეშინოდა, რომ ახლაც ახსოვს. ამიტომ ზალიკომ ბიუსტები მუზეუმში, თავის ოთახში ჩაიტანა და მერე რა ბედი ეწიათ – აღარ ვიცი.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21