მეც გადავწყვიტე, რომ ჩემი მოგონება, ზალიკო პაპას იმ „მაგრობით“ დავასრულო, რომელიც ჩემს შვილებს ყველაზე მეტად უყვართ და რომლის მოთხრობასაც ყველაზე ხშირად მთხოვენ. რასაც ახლა მოვყვები, ჩემი თვალით არ მინახავს. დედაჩემმა ნახა და ბავშვს მიამბო. ეტყობა, მაშინ ჩემზეც ისევე იმოქმედა, როგორც მოგვიანებით ჩემს შვილებზე.

ჯავახეთში დაზვერვითი ექსპედიციის დროს ზალიკო, მარინა და რამდენიმე არქეოლოგი მანქანით მიადგნენ ცხვრის ფარას, რომელსაც ეს-ეს იყო მგელი დასხმოდა. ფარა დაფანტული იყო, ხოლო ყელგამოღადრული ცხვრები მინდორზე ეყარა. მწყემსები საგონებელში ჩავარდნილიყვნენ – რამდენიმე ცხვარი შიშისგან მიუვალ კლდეზე იყო ასული და უკან ვერ ჩამოდიოდა. შიშმა დააფეთა და გამბედაობა მისცა, ახლა კი კლდეზე გაჭედილები ბღაოდნენ…

სანამ მარინა მის გაჩერებას მოასწრებდა, ზალიკო უკვე კლდეზე მიცოცავდა. მერე სათითაოდ, ზურგით ჩამოჰყავდა იქიდან ცხვრები და ამ სურათს ყველა გაოგნებული, აღტაცებული უცქერდა. მე შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი სახე ექნებოდა მაშინ მამაჩემს. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ, „მაგრობების“ ჩადენის დროს ჰქონდა ხოლმე – თვალებდახრილი, ცოტა დამორცხვებული და ცოტა კმაყოფილი. მე ამ სურათს ძალიან კარგად ვხედავ – მხარზე ცხვარმოკიდებულ ზალიკოს – მოულოდნელად გამოჩენილ მაშველსა და მხსნელს. ისინი, ვინც მას კარგად იცნობდა და, იმედი მაქვს, ვინც, ამ წერილს წაიკითხავს, ალბათ მიხვდება, მისი დასასრულისთვის რატომ ავირჩიე ეს ლამაზი, ჩემთვის ძვირფასი სურათი…

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21