რადგან ქიქოძეების ოჯახის აღწერა დავიწყე, არ შეიძლება რომ კარსანი არ ვახსენო. მცხეთის თავზე ამ პატარა სოფლის სახელი წლების მანძილზე ჩვენს ოჯახთან იყო დაკავშირებული და თუკი ვინმე იცნობდა იქაურობას და უყვარდა, ქიქოძეებისგან უყვარდა, იქნებოდა ეს ქუჩუკის, ზურას, ზალიკოს, უშანგის თუ ჩემი სტუმარი ან მეგობარი. აქ მარტო კაცი ქიქოძეები ჩამოვთვალე იმიტომ, რომ ქიქოძე ქალებს და ქიქოძეების ცოლებს კარსანი დიდად არასოდეს ეხატებოდათ გულზე – იქ იყო წყალი ჭირდა, ორი ადგილობრივი ოჯახის გარდა არ იყო სხვა მეზობელი და ბოლოს პირველივე მოსახერხებელ შემთხვევაში ქიქოძის კაცები კარსანში გარბოდნენ. რაც მთავარია, კარსანში არ გვქონდა წესიერი სახლი და ეხლაც არ გვაქვს. ბაბუაჩემმა უზარმაზარ კვადრატული ფორმის სახლს მაშინ ჩაუყარა საძირკველი, როცა ზალიკო 10 წლის იყო და სახლი დღესაც დაუმთავრებელია – მხოლოდ ერთი ოთახია საცხოვრებლად ვარგისი. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბაბუაჩემის მიერ შეძენილი ეს ადგილი პირადად ჩემთვის ალბათ ყველაზე ძვირფასია საქართველოში. ჩემი მამის და ბიძების ხასიათების (თუმცა ეს ხასიათები სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან) ჩამოყალიბებაშიც მგონი, იქაურობამ ითამაშა დიდი როლი. კარსნის თავზე არის წმინდა ნინოს სახელობის პატარა საყდარი, რომელსაც გარს საყდარზე ძველი გალავნის ნანგრევები აკრავს. ეს სიმაღლე ადრე კარგად გამაგრებული ყოფილა, ხოლო მამაჩემის ბავშვობაში მანდ არქეოლოგიური გათხრები მიდიოდა (თუ არ ვცდები სიმონ ჯანაშიას ხელმძღვანელობით). ყოველდღე პატარა ზალიკოს ვირით წყალი აჰქონდა მეცნიერებისთვის და მუშებისთვის და სწორედ მაშინ დაინტერესებულა არქეოლოგიით. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ამ ამბავს ასე ყვებოდა.

კარსანმა ჩვენ ყველა ბევრ რამეს მოგვარიდა, მგონი ყველა გაგვზარდა, ხოლო მამაჩემმა საკუთარი ქვეყნის შესწავლაც (რომლის, როგორც მისმა ერთმა ამერიკელმა მეგობარმა დაწერა, ყოველი გოჯიც ზეპირად იცოდა) და მის ხალხთან დაახლოებაც სწორედ კარსნიდან დაიწყო.

ერთხელ ღამით წამიყვანა ტყეში და ფანარი არ წავიღოთ, არ გვჭირდებაო – მითხრა. ეხლა ხომ უკვე მეც ზეპირად ვიცი კარსნის ტყე და სადაც ვიარეთ ისიც ვიცი – პატარა წრე დავარტყით სახლის გარშემო (ჩვენი ეზოდან პირდაპირ ტყე იწყება), მაგრამ მაშინ ეს ჩემთვის დიდი ამბავი იყო – ღამე და თანაც ფანრის გარეშე. მაშინ მითხრა: დაიხსომე, რომ ტყე საერთოდ არ არის საშიში არც დღისით და არც ღამით. ღამის ქალაქი ბევრად საშიშიაო. მართლა ასეა. დღემდე ტყეს ჯერ ჩემთვის სიხარულის მეტი არაფერი მოუტანია, ქალაქს კიდევ…

მერე უკვე გვიან, დაახლოებით 87 წელს, მამაჩემმა კარსანში ძროხები გაიჩინა. წავიდა და მთიულეთიდან, სეთურებიდან ჩამოიყვანა. თვითონ ამ ამბავს ასე უყვებოდა ხოლმე უცხოელებს: „პერესტროიკა“ რომ დაიწყო, მივხვდი, ცუდი, გაჭირვების დრო მოდიოდა და ჩემს ფერმაში ძროხები გავამრავლეო. ამ ძროხებთან ყველაზე ხშირად ბიძაჩემ ზურას უწევდა ყოფნა, ბაბუაჩემსაც, უფრო გვიან უშანგის, მაგრამ ყველამ ვისწავლეთ წველა, ყველის ამოყვანა და კარაქის შედღვება. ზურა ამ საქმეში ყველაზე მაგარი იყო და ყოველთვის გულით აკეთებდა (როგორც ყველაფერს, რასაც კი ხელს ჰკიდებს). მე არასოდეს მიყვარდა, მაგრამ ვაკეთებდი, თუ უჩემოდ არაფერი გამოდიოდა. მახსოვს, თბილისის ომი რომ დაიწყო, კარსანში ვიყავი და ძროხები ვერ დავტოვე. მგონი ნახევარი დღე ვისმენდი რადიოში ომის ამბებს და მერე რადიოც გაითიშა. არ ვიცოდი, რა ხდებოდა. რამდენიმე დღე ვიყავი ასე. ჩემს შესაცვლელადაც არავინ ამოვიდა – ერჩივნათ, იქ ვყოფილიყავი, უფრო წყნარად იქნებოდნენ. ბოლოს მცხეთიდან ამოვიდა ბიძაჩემი უშანგი და მე თბილისში გამოვიქეცი. რაღაც მანქანამ ჩამომიყვანა დიდუბემდე, მერე მეტროში ჩავედი და რუსთაველზე ჩვეულებრივად ამოვედი. რუსთაველის მეტროსთან ხალხი იდგა და პარლამენტის მხარეს იცქირებოდა, სროლას უგდებდა ყურს. ავედი გრიბოედოვზე და იქ უკვე წუოდნენ ტყვიები. გრიბოედოვიდან რომ ათარბეგოვზე ჩიხი ადის იმას შევაფარე თავი და იქ ესევე შეფარებული ორი კაცი ლაპარაკობდა, ქიქოძეების სახლი დაიწვაო. მაგრა შემეშინდა. აღმოჩნდა, რომ დაიწვა ნინო ქიქოძის და ზაზა გამცემლიძის სახლი, რომლის ჩასაქრობადაც ზურა და ზალიკო დაძრულან, მაგრამ ისეთ სროლაში მოხვედრილან რომ იქამდე ვეღარ მიუღწევიათ…

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21