მგონი, ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. მისი ოსური საკითხით გატაცება (სხვა სახელს ვერ დავარქმევ, იმიტომ, რომ ეს მართლა გატაცება იყო და არა უბრალოდ დაინტერესება) თითქმის ვერავინ გაიგო. ისიც ვიცი, რომ ზურგსუკან მოღალატეს და აგენტს ეძახდნენ. ეს სიტყვები მაშინ ძალიან პოპულარული იყო. თვითონ ასეთ რამეებზე მარტო ეცინებოდა და თავისი პოზიციების დასაბუთება არასოდეს ეზარებოდა. გაუთავებლად და თავდაუზოგავად კამათობდა. მე მისნაირი არც კამათი შემეძლო და არც მაგდენი „ბაგაჟი“ მქონდა. ამიტომ, რაკი სხვა არაფერი შემეძლო, თუკი სადმე თუნდაც რბილად ნათქვამ „მამაშენს ვერ ვეთანხმების“ გადავაწყდებოდი, მაშინვე ყელში ვეცემოდი ხოლმე. საერთოდ ასე ვიყავით – გულახდილი საუბარი თითქმის არასოდეს გამოგვსვლია, თუმცა გვიცდია კი. წესიერადაც არ გვიჩხუბია არასოდეს და, სხვათა შორის, მაგასაც ვნანობ, მაგრამ ზალიკოს პოზიციებს და მის ნაკეთებ საქმეებს რაც შეეხებოდა, ეგ ყოველთვის ძალიან ხელშეუხებელი რამე იყო ჩემთვის.

ერთხელ ერთმა ჩემმა ძალიან ახლობელმა და კარგმა ადამიანმა მთხოვა ცხინვალში გავყოლოდი. ეს ბიჭი ბიოლოგია, რაღაც ფრინველის პოპულაციას სწავლობდა, რომელიც მთის ხეობებში ბუდობს და როკის გვირაბამდე უნდოდა ასვლა, რომ ამ ფრინველის სავარაუდო ბუდობის ადგილები დაეთვალიერებინა. წავედით ამ ბიჭის მანქანით. ჩავედით ცხინვალში, მივაკითხეთ ალან ჯუსოევს – ჩემი თაობის ბიჭს, რომელსაც, რა თქმა უნდა, მამაჩემისგან ვიცნობდი, გადავსხედით ალანას მანქანაზე და ავედით როკამდე. ამ ჩემმა მეგობარმა და ალანამაც თითქოს გაუგეს ერთმანეთს, კარგად ილაპარაკეს აქეთობასაც და იქითობასაც. დავბრუნდით მერე ცხინვალში, ალანა თავისთან გვეპატიჟა, დარჩითო, მაგრამ არ დავრჩით და წამოვედით. მცხეთაში რესტორანში საჭმელად დავსხედით და ეს ჩემი ახლობელი მეუბნება: მამაშენს მაინც არ ვეთანხმები, რომ ამ ოსებს ამდენს ეფერებაო. მე ის ბიჭი ძალიან მიყვარს, მაგრამ მაშინ მაგრა მომეშალა ნერვები: კაციშვილს რომ შენთვის ხმა არ გაუცია იქ, რომ ჩახვედი და შენი საქმე გააკეთე, ხო კაი იყო? სხვანაირად ჩემს ფეხებს ახვიდოდი და დაათვალიერებდი იქაურობას მეთქი!

ის რომ ზალიკო თავისი წამოწყებების უმეტესობაში მარტოდმარტო იყო, მგონი, მას უფრო აძლიერებდა და უფრო მეტ სტიმულს მატებდა. მამაჩემი რომ ყოფილიყო რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ან რომელიმე სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი (მსგავს შემოთავაზებებზე ხშირად უთქვამს უარი) და გეგმაზომიერი, უცხოელი დონორების ან ქართული მთავრობების დაფინანსებული ჰუმანიტარული პროექტები განეხორციელებინა, დამიჯერეთ, რომ ამდენ საქმეს ვერაფრით გასწვდებოდა, ამდენ ხალხს ვერ გაუმართავდა ხელს და არც მის გაწეულ ქველმოქმედებებსა და სხვა სახის დახმარებებს ექნებოდა ის მარილი და მადლი, რომელიც მას ახასიათებდა. ის მარტოდმარტო მოძრაობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჯერ თავის ვილისით, შემდეგ კი დანჯღრეული „ფოლქსვაგენით“ და ეს ბევრისთვის უცნაური და ახირებული კაცი მართლა იმედი იყო სვანისთვის, ხევსურისთვის, ოსისთვის, ჯავახელი სომხისთვის, გუდამაყრელისთვის თუ რომელი ერთი ვთქვა.

სიმართლეა და უნდა ითქვას, რომ გარკვეულ ხალხში ზალიკოს მეორე სახელიც გაუჩნდა – იატაქქვეშა მილიონრისა, რომელიც დანჯღრეული მანქანებით მხოლოდ ახირების გამო დადიოდა და ალბათ იმავე ახირების გამო ცხოვრობდა ნახევრადდანგრეულ სახლში (ამასწინათ სოფელ ართანაში, სადაც მამაჩემმა სახლი იყიდა, ერთმა მთვრალმა მეზობელმა მითხრა: მე შენი მილიონები სულ არ მაინტერესებს, ისე ვიძმაკაცოთო). სხვანაირად ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ ფული, რომელსაც ის არიგებდა და ანდა რომლითაც საჭირო პროდუქტსა თუ მედიკამენტს ყიდულობდა, შეიძლებოდა მისთვის და მისი ოჯახისთვის უკანასკნელი იყო.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21