არეულობის დრო იყო და ამ ჩვენ ძროხებსაც ხანდახან გვპარავდენენ. იყო ხოლმე გამოკიდება და ერთი ამბავი. ხან ვიჭერდით, უფრო ხშირად კი – ვერა. ერთხელ ოთხმა მთვრალმა გვარდიელმა ავტომატებით დახვრიტა სოფლის საქონლის ნაწილი – ისე, ტყუილად. ბედი იყო, რომ ბაბუაჩემი არ შეხვდათ, თორემ ისეთი ხასიათის კაცი იყო, ნამდვილად თავს შეაკლავდა.

როგორც მამაჩემს დაუთვალა ერთმა შვეიცარიელმა ქალმა, კარსნის ძროხები და მათზე დახარჯული ენერგია და ფული არარენტაბელური იყო, მაგრამ როგორც თვითონ ზალიკო ამბობდა, ძროხებმა იმ არეულობის წლებში დააკავეს და რაღაც ხელმოსაჭიდი გაუჩინეს. მე კი ერთი რამე მახსოვს კარგად: თბილისში ახალი გათიშულია გაზი და შუქი, ყველა გაყინულია, ყველასთან ბნელა და ა.შ. ჩვენ კი მანამდეც, კარგ დროშიც, შეშით ვთბებოდით. შეშას კარსანში ვიმარაგებდით ზამთრისთვის. ერთადერთი, რაც იმ დღეებში შეიცვალა – თუნუქის ღუმელი დავდგით დიდ ოთახში და საკვამური ბუხარში შევაყოფინეთ. მთელი მეზობლები ჩვენთან აკეთებდნენ საჭმელს, ერთ-ერთი მეზობლის ჩვილი ბავშვისთვის კი ღუმელზე ჩვენი კარსნის რძე დუღდებოდა.

 

8 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემს ლენინგრადში ჩავაკითხე. თბილისიდან მარტოკა გავფრინდი და სამლიტრიანი ქილით ხაში ჩავუტანე. მაშინ ლენინგრადის აეროპორტში პირველად ვნახე მამაჩემი წვერით. იმის მერე არც გაუპარსავს. მხოლოდ ერთხელ, როდესაც გორის სატელევიზიო ანძას ღებავდნენ (ასეთ სამუშაოებს სულ ალპინისტები ასრულებდნენ და იმ დროისთვის კარგადაც უხდიდნენ, თუმცა ძალიან მძიმე შრომა იყო. თბილისის სატელევიზიო ანძა ზალიკოს და მის მეგობრებს ორჯერ აქვთ შეღებილი), საღებავი ჩაუვიდა წვერში, მაშინ გაიპარსა და ძალიან უჩვეულოდ გვეჩვენებოდა უწვერო. მე რომ მკითხო, წვერი ბევრად უხდებოდა.

ლენინგრადში მასთან ერთად ვცხოვრობდი საერთო საცხოვრებელში და მგონი, პირველად ვიყავი ეგეთი დამოუკიდებელი. მთელი დღეებითაც დავრჩენილვარ მარტო, მაგრამ ზალიკოს ხათრით მთელი საერთო საცხოვრებლის ქალები: ბულგარელები, თურქმენები, რუსები, თავს მევლებოდნენ. 9 წლისა იქ გავხდი. მგონი, თვეზე მეტი ვიყავი ლენინგრადში. ერმიტაჟში დავყავდი და იქ ბიბლიოთეკაში მომუშავე ქალები ძალიან ძვირფას და ძველ წიგნებს მათვალიერებინებდნენ შუა საუკუნეების კოსტიუმებზე და ა.შ.

ლენინგრადში ძალიან დიდი სამეგობრო ჰყავდა. რამდენჯერმე წამიყვანა თავის ახლობელ ოჯახში. ეს მამაჩემის მეგობარი კაცი, ჟენია ფურმაკოვი, გამომგონებელი იყო. კაკადუ კორელა ჰყავდა სახლში. მაშინ თბილისში ეგეთი თუთიყუშები არ იშოვებოდა. ჰოდა, სწორედ ამ კაცის სახლში ვნახე პირველად „კუბიკ-რუბიკი“. ესო, ერთი უნგრელი ძმაკაცი მყავს გამომგონებელი და იმან გამომიგზავნაო. მთელი საღამო იმ „კუბიკ-რუბიკს“ ვაწყობდი, ამიტომ კარგად დამამახსოვრდა. გავიდა რამდენიმე წელი და თბილისში და მთელ მსოფლიოში ამ კუბიკების ბუმი ატყდა, მე კიდევ დიდი ხნით ადრე მეჭირა ხელში, ფაქტობრივად, მესამე ხელი ვიყავი.

ერთხელ შემიყვანა რაღაც სასტუმროს ფოიეში, სადაც 15-კაპიკიანი სათამაშო ავტომატები იდგა. ერთ-ერთი თამაში იყო ნადირობა. იხვები და როჭოები მოფრინავდნენ და იმათთვის უნდა ესროლა ორ კაცს ერთდროულად – ორი თოფი იყო და ორივე მსროლელი ქულებს აგროვებდა. დღევანდელ სათამაში ავტომატებთან შედარებით ძალიან კუსტარული რამე იყო, მაგრამ მაშინ ძალიან მაგარი მომეჩვენა. სანამ მე ჩავიდოდი, დევი თარხნიშვილი და თამრიკო ბილიხოძე ყოფილან საქორწინო მოგზაურობაში და თურმე დევი და ზალიკო ამ თხუთმეტკაპიკიან ავტომატზე ეჯიბრებოდნენ სულ ერთმანეთს, ვინ უკეთ ინადირებდა. სულ დევი უგებდა, მაგრამ გამგზავრების წინა დღეს ძალიან მაგრა მოვუგე და გაგიჟდაო. ზალიკო ძალიან კმაყოფილი იყო, რომ დევი დაამარცხა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21