ეს ინგლისელი კი თავის შვილსა და მშვენიერ სარძლოს, ცოლს, ზალიკოს და მე მთელ ამ ამბებს გვიყვება და ჩემს გასაოცრად ზალიკო არ აწყვეტინებს. ვხვდები რომ რაღაც ბომბა აქვს გამზადებული. მორჩა ეს კაცი ლაპარაკს და ზალიკო ამბობს, თავისი ქართულაქცენტიანი, განუმეორებელი ინგლისურით: სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ცხოველთა ის ნახატები პირველი სევტუოლას არ უნახავსო. აბა, ვისო? – ეს კაცი გაოცდა. – გამოქვაბულში რომ შევიდა, ხელში ნავთის ლამფა ეჭირა, მხრებზე კი მცირეწლოვანი შვილი ეჯდა. ხოდა, პირველად იმ შვილმა აიხედა ზევით და დაიძახა: მამა, შეხედე აქ ხარები ხატიაო. სევტუოლას შვილის რეპლიკა ზალიკომ ესპანურად წარმოთქვა – პაპა, მირა ა ლოსს ტოროს (დაახლოებით ასეთი ჟღერადობა მახსოვს). ჰოოო, იქ ჩამოვარდა სიჩუმე. მერე პირველი, რაც იმ კაცმა მამაჩემს ჰკითხა: ნამყოფი ხარ იქო? არა, საიდანო, – ზალიკო მხრებს იჩეჩავს კმაყოფილი და მეორე შეკითხვა – ესპანური იციო? არა, საიდანო. მერე ისევ ხანგრძლივი სიჩუმე და ყველაფერი თავის ადგილას დგება. გზას ვაგრძელებთ, დევდორაკზე ავდივართ და უკვე ის კაცი უსვამს შეკითხვებს არქეოლოგიაზე და ზალიკოც პასუხობს. ინგლისელი ყურადღებით უსმენს. მერე მეგობრები ხდებიან.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ იყო. მამაჩემს ჰყავდა ისეთი უცხოელი მეგობრებიც, პირველი ახლა ფილიპ კოლი მახსენდება, რომლებიც მისთვის ავტორიტეტები იყვნენ, რომლებთან ურთიერთობითაც უბრალოდ ტკბებოდა და რომლებიც ძალიან ეამაყებოდა.

ზალიკომ ძალიან ბევრი ამბავი იცოდა, ბევრი გადახდენოდა თავს და ამ ყველაფრის არაჩვეულებრივი მთხრობელი იყო. მე ძალიან მომწონდა მისი მოყოლილი ამბები და ხშირად მომდომებია, რომელიმე მათგანის მოთხრობად ქცევა. ეს არასოდეს გამომივიდა, რადგან გავიხედავდი და იმ ამბავს, რომელიც ასე მომწონს და რომელიც მაფორიაქებს, დაუნანებლად უყვება ვიღაც უცხოელს – ერთს, მეორეს, მესამეს… მეჩვენებოდა, რომ ამბები, რომლებიც ნამდვილად ვიცოდი, რომ მისთვის ძვირფასი იყო, ამით უფასურდებოდა. ეგოისტურად ვფიქრობდი, რომ არ შეიძლებოდა ამ გამზადებული სიუჟეტების პირველი შემხვედრისთვის მოყოლა, იმიტომ, რომ ისინი ჩემთვის მაშინვე კარგავდნენ იმ ჯადოსნურ მიმზიდველობას, რომელიც მანამდე ჰქონდათ. ვთვლიდი, რომ რაღაცა თავისთვისაც (იქნებ ჩემთვისაც) უნდა შემოენახა. მეგონა, რომ დასავლელი, სხვა კულტურის კაცი, ამ ამბებს მაინც ვერ ჩასწვდებოდა და მამაჩემი ტყუილად იხარჯებოდა. მინდა ვიფიქრო, და მგონი ამის დასტურად ეს წიგნიც იკმარებს, რომ ვიღაცეები მაინც ჩასწვდნენ, ვიღაცები უკეთესისკენ შეცვალა მთაში მასთან ერთად გატარებულმა დღეებმა. ამ პროცესს თვითონაც ხომ „გაადამიანურებას“ უწოდებდა. მგონი, ეს „გაადამიანურების“ საუკეთესო მაგალითი არ არის, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ერთმა ინგლისელმა გოგომ ზალიკოს მონათხრობი ამბების მიხედვით დიდი წიგნიც დაწერა, ოღონდაც ინამუსა და წიგნს დაარქვა „ისტორიები, რომლებიც მოვიპარე“…

ზალიკოს თავისთვის მართლა არაფერი შემოუნახავს. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. ყველაფერი გასცა, დაიტოვა მხოლოდ მთები, ის სივრცე, სადაც ვეღარავინ დაუგებდა ინტრიგანულ ხაფანგებს, რომელებშიც მთელი ცხოვრება საკუთარი სურვლითა და დიდი ენთუზიაზმით ებმებოდა. ებმებოდა კი არა და პირდაპირ მიდიოდა კონფლიქტებზე, რის შედეგადაც თავის საყვარელ საქმეს – არქეოლოგიას ჩამოშორდა. ამაზე არასოდეს უწუწუნია, მაგრამ ყველამ ვიცით როგორ აკლდა არქეოლოგია – საქმე, რომელიც არამარტო საუკეთესოდ იცოდა – სიგიჟემდეც უყვარდა. მაგრამ მისი და საყვარელი საქმის განშორება გარდუვალი იყო იმიტომ, რომ ცხოვრებაში პრინციპული, თავის საქმეში, რომელშიც ყველაზე კვალიფიციური იყო, მთლად ზეპრინციპული ხდებოდა. ამას კი, როგორც ერთხელ დედაჩემმა თქვა, არავინ გპატიობს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21