ერთ რაღაცა მინდა ვთქვა მთელ იმ ხალხზე, ვინც მაშინ მაშველებად იმუშავა. მამაჩემი შეიძლება მათში გამორჩეული იყო იმითაც, რომ მას ყოველთვის შეამჩნევდი. საკუთარი ქმედებების აფიშირებას დიდად არ ცდილობდა, მაგრამ ტიპი იყო ეგეთი – სულ ჩანდა. იქ იყო სხვა უამრავი ხალხი, რომელიც თავის უთქმელობის, ბუნებრივი თავმდაბლობის გამო მაინც საყოველთაო ყურადღების მიღმა დარჩა: თენგიზ ბერიშვილი, ვანო ყვავილაშვილი, სლავა მესხი, კოტე ციხისელი, შალვა ლეჟავა, ლოვა სარქისოვი (ჩვენთვის კი, ვინაც მისი მეშვეობით ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად მთას ვეზიარეთ, უბრალოდ „არშაკოვიჩი“), ვახო კოლხიდაშვილი და რომელი ერთი ვთქვა. უკვე მამაჩემის სიკვდილის მერე ოპერატორსა და რეჟისორს ბესო სოლომონაშვილს გამოვართვი კასეტა, რომელიც ჭუბერის ამბებიდან სულ რამდენიმე თვეში გალის რაიონში მომდარ მოვლენებს ასახავს. მაშინ თებერვალში აფხაზურმა მთავრობამ გალში მოახდინა ეთინიკური წმენდა და გადარჩენილი ხალხი პირდაპირ გალის დათოვლილ ტყეებსა და მთებში დაიფანტა. „სანთელი“ მაშინაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, ბესო სოლომონაშვილმა კი შესანიშნავი პატარა ფილმი გადაიღო, რომელმაც, მგონი, მერე ფესტივალზეც გაიმარჯვა. შესანიშნავი ეს ფილმი იმ ხალხით არის, რომელმაც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაში არ მიიღო, მაგრამ უფრო დიდი საქმე გააკეთა. მრავალი სიცოცხლე იხსნა და ამას აბსოლუტურად პათეტიკის გარეშე ვამბობ. ვუყურებ ამ ფილმს და ვანო ყვავილაშვილი პატარა ბიჭს გაყინულ ხელებს უსრესს, გუჯა ჯამრიშვილს ზურგჩანთაში ლამის თოთო ბავშვი უზის, ზალიკო და ბიძინა მოხუცს მოათრევენ. იმის თქმა მინდა, რომ მაგარი ხალხი იყო, არიან და კიდევ გააკეთებენ მაგარ საქმეებს, თუკი, ღმერთმა ნუ ქნას, ამის საჭიროება იქნება. ჩვეულებრივ, მდორე და ვითომ დალაგებულ ცხოვრებაში კი ეს ხალხი ძალიან შეუმჩნეველი და თავმდაბალია.

ეხლა კი კიდევ ერთხელ წავალ უკან და იმ დროს გავიხსენებ, როდესაც ლენინგრადიდან დაბრუნებულმა ზალიკომ ჩემი ასაკის თავისი ახლობლების შვილები შეკრიბა და საკვირაო სკოლა გააკეთა ჩვენს სახლში. საკვირაოს პირობითად ვამბობ, თორემ შაბათობით ვიკრიბებოდით, თუ არ მეშლება, საღამოს შვიდ საათზე და ზალიკო გველაპარაკებოდა. ამას ერქვა არქეოლოგიის გაკვეთილები, მაგრამ ყველაფერზე გველაპარაკებოდა, დავალებებს გვაძლევდა. ხანდახან კვირაობით ქალაქიდან გავყავდით, კოცონის დანთებას გვასწავლიდა და ეგეთ რაღაცეებს. თუკი ვინმე რუსი ცნობილი მეცნიერი ჩამოვიდოდა (მაშინ ჯერ უცხოელები არ იყვნენ), ჩვენთან მოყავდა და ეს ხალხი მთელი სერიოზულობით, ოღონდაც ბავშვისთვის გასაგებ ენაზე გველაპარაკებოდა თავისი პროფესიის და ცხოვრების შესახებ. ყველაზე ცნობილი ადამიანი ვინც ასე ჩვენთან სალაპარაკოდ მოვიდა, იყო რუსი ირანისტი ლუკონინი მსოფლიო დონის მეცნიერი. ხელზე ორი თითი აკლდა და ჩიბუხს ეწეოდა. მახსოვს, ისიც გვიამბო, რომ ინგლისში სუფთა სისხლის ინგლისური ცხენი ჰყავდა, რომელიც აჩუქეს და რომელის ჩამოყვანის უფლებას, რა თქმა უნდა, არ აძლევდნენ. მერე ჩვენი გაკვეთილი რომ მორჩა, მეორე ოთახში უკვე სუფრა იყო გაშლილი და ახლა იქ აქეიფეს ეს კაცი. გაიგო, რომ მე სკოლაში არაბულს მასწავლიდნენ და რვეულში არაბულად რაღაც აღმოსავლური სიბრძნე ჩამიწერა, მაგრამ ის რვეული სამწუხაროდ დავკარგე.

ასეთი საინტერესო ხალხით ყოველთვის სავსე იყო ჩვენი სახლი. ასეთ ხალხთან ურთიერთობას ძალიან ეძებდა მამაჩემი და თანაც ყველას ჩვენთან მოჰყავდა სტუმარი. ერთხელ მახსოვს, რუსი კოსმონავტიც მოიყვანა ვიღაცამ და სუფრასთან უწონადობაზე და კოსმოსში ფრენაზე ყვებოდა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21