მამაჩემმა მერაბი ჩემზე ბევრად გვიან გაიცნო და მათი დამეგობრება ჩემთვის სასიხარულოც იყო და გასაოცარიც. როდესაც ჩემი შვილი ზალიკო გაჩნდა, რესტორანში სუფრა გავშალე და მამაჩემს დავურეკე, რამდენიმე შენი ძმაკაციც მოიყვანე, შენ ვინც გინდა-მეთქი. ჩემდა გასაოცრად, მერაბთან ერთად მოვიდა. მთლად განუყრელები გახდნენ. ერთმანეთს თან ჰგავდნენ და თანაც – არა. ზალიკო ხმაურიანი იყო, უყვარდა ლაპარაკი, კამათი. მერაბი მუდამ ჩუმი და ირონიული, მშვიდი და გაწონასწორებული, მაგრამ თვალებში მასაც იგივე ეშმაკები ჰქონდა, რაც მამაჩემს. თანამოაზრეებივით, ნამდვილი შეთქმულებივით იყვნენ და უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. ეხლა რომ ვფიქრობ, რაღაც გარდუვალობაც იყო ალბათ ამ ყველაფერში…

ახლა, როცა ამ ყველაფერს ვწერ, მახსენდება, თუ რატომ დავიწყე საერთოდ მამაჩემზე წერა. წიგნი თითქმის დამთავრებული იყო და უკმარისობის გრძნობა გამიჩნდა. ვიფიქრე, რომ რაღაცას მე სხვებზე უკეთ ვიტყოდი, მამაჩემზე, იმ წრეზე და დროზე, რომელშიც ვიზრდებოდი. ვწერე, ვწერე და აი, მივედი მერაბამდეც – მამაჩემის უკანასკნელ, შესანიშნავ მეგობრამდე… უკმარისობის გრძნობა კი არ გამქრალა… ერთი ვიცი, რომ ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი მონათხრობის უშბაზე დატრიალებული ამბით დამთავრებას. სხვა ამბავს მოვყვები – უფრო სწორად ორ ამბავს.

ამ ზაფხულს ივნისის ბოლოს წავედი ფშავში, იქიდან ხევსურეთში – მიღმახევში გადავედი, მერე თუშეთში და ბოლოს კახეთში – ართანაში, მამაჩემის ნაყიდ სახლში ამოვყავი თავი. ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა. თავიდან სამნი ვიყავით, მაგრამ ერთმა მეგობარმა ფეხი იტკინა, მიღმახევიდან შატილში ჩავიყვანეთ და ორმა გავაგრძელეთ გზა. შესანიშნავი პარტნიორი მყავდა – ჩემი ცოლის ბიძაშვილი მიშა მარგიშვილი სოფელ მეჯვრისხევიდან, ჩემი უფროსი მეგობარი, რომელიც მთელი ცხოვრება ოცნებობდა მთაში მოხვედრაზე და ბოლოს სურვილიც აუსრულდა, თანაც ისე გამოვიდა, რომ ლამის მთელი აღმოსავლეთ კავკასიონი მოვიარეთ ფეხით. მიშა ძალიან ინტერესიანი და ჯანმრთელი კაცია. მთასაც, იქაურ ხალხსაც და წესებსაც უცებ აუღო ალღო. ამ წასვლაზე ბევრი დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოვინახულე და ბევრიც კარგი ხალხი გავიცანი. რა თქმა უნდა, ზალიკოს სახელი ყველგან წინ გვხვდებოდა, განსაკუთრებით კი მიღმახევში – ამ ჩემთვის უსაყვარლეს და, სამწუხაროდ, თითქმის დაცლილ კუთხეში, სადაც სოფელ ხონეს ქვევით, იქ, სადაც ყინულივით ცივი და კამკამა ხონის წყალი ჰუროს წყალს ერთვის, შეთეკაურებმა და ზვიადაურებმა ზალიკო ქიქოძის წყარო ააგეს. ეს არის საუკეთესო ძეგლი, რაც კი შეიძლება მამაჩემისთვის წარმოვიდგინო, ძალიან სადა და მრავლისმთქმელი…

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21