ჩვენ, დანარჩენ გიდებს, ამგვარი იარაღები არ გაგვაჩნდა, არც მასავით ლმობიერები ვიყავით და განსაკუთრებით აუტანელი კლიენტების დასამიწებლად ხშირად ბევრად ცუდ მეთოდებს მივმართავდით. ერთხელ დაახლოებით შვიდ-რვა კაციანი ჯგუფი გაგვაყოლა მყინვარწვერზე ლოვა სარქისოვს, აფი გიგანს და მე. ჯგუფი ეთნიკურად ჭრელი იყო და მასში იყო ერთი ჰოლანდილი კაცი, რომელიც თბილისშივე არ მომივიდა თვალში. შეხვედრის ადგილზე საათნახევრით დაიგვიანა და არც მიზეზი აუხსნია. ყაზბეგში საკუთარი მანქანით მოდიოდა და თან მოჰყავდა დაახლოებით ცხრამეტი წლის ვაჟი, რომელიც მამასთან არდადაგებზე იყო ჩამოსული. ყაზბეგიდან მეტესადგურისკენ მიმავალ აღმართზე სულ წინ გარბოდა, ბევრ სისულელეს აკეთებდა, ქალებს ეპრანჭებოდა და ძალიან მაგარ ფიზიკურ კონდიციაში ვარო, იძახდა. ნერვები აფისაც მოეშალა და ერთი თქვა: ეს „კაზიოლი“, ესა, ამას ნახე რა ვუყოო. მაშინვე მივხვდი, რომ კლიენტი განწირული იყო, თუმცა თვითონ ჯერ ვერაფერს ხვდებოდა. ორი დღის (და ეს ორი დღეც უგუნურმა ტრაბახში გაატარა) მერე, როდესაც მეტეოდან მწვერვალზე ასვლა დავიწყეთ, აფიმ ეს კაცი პერსონალურად ჩაიბა და ისეთი ტემპით დაიძრა, რომ ჩემს გვერდით მომავალმა არშაკოვიჩმა მხოლოდ ფილოსოფიურად ჩაიქნია ხელი და თქვა: «Все, У Афи рога выросли». ის კაცი ავიდა მწვერვალზე, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში, რომ ცოტა კიდეც შემრცხვა, ქალებმა და საკუთარმა შვილმა ასეთ დღეში რომ ნახეს.

ეგეთ რამეს ზალიკო არასოდეს აკეთებდა – პირიქით, უცხოელებს ყოველგვარ ფიზიკურ ტანჯვას უმსუბუქებდა და შეიძლება რამდენიმე კაცის ბარგიც ეთრია, მაგრამ ენით, კამათით „დამიწება“ მაინც ძალიან უყვარდა.

ერთხელ ყაზბეგში წავიყვანეთ ახალგაზრდა ინგლისელი წყვილი, რომელიც თბილისში მუშაობდა და მალე დაქორწინებას აპირებდა, მათთან ერთად კი – სარძლოს გასაცნობად და საქართველოს სანახავად ჩამოსული ბიჭის მშობლები. ეს უფროსი თაობის ხალხი ძალიან სიმპატიური იყო. აღმოჩნდა, რომ კაცი ქვის ხანის არქეოლოგიით იყო მოყვარულის დონეზე გატაცებული და მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი ჰქონდა ნანახი. მამაჩემს ნანახი თითქმის არაფერი ჰქონდა (აუხდენელ ოცნებად დარჩა აფრიკის ქვის ხანის ძეგლების მონახულება და იქ მუშაობა), მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდა. ავდივართ დევდორაკის ხეობის უმშვენიერეს კლდეში ნაკვეთ ბილიკზე და ეს კაცი ამბობს: წელს ესპანეთში ვიყავი და ალტამირა სევტუოლას მღვიმე მოვინახულე. გაგიგია ეგეთიო? ზალიკომ – გამიგიაო. არადა, ზალიკოს კი არა, მეც გამიგია – ჩვენი ბავშვობის საკვირაო სკოლიდან მახსოვს ეგ ამბავი. ეს სევტუოლა მხატვარი იყო და შემთხვევით აღმოაჩინა პირველყოფილ ადამიანთა მიერ მოხატული მღვიმე, რომელსაც დღეს მისი სახელი ჰქვია. ოღონდ მაშინ არავინ დაუჯერა და დააბრალეს, შენ თვითონ მოხატეო. ისე მოკვდა, ყველას აფერისტი ეგონა და მერეღა აღიარეს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21