ძალიან მიყვარდა, როდესაც ჩვენთან ჩამოდიოდა არქეოლოგი ნაზიმა. ეს კაცი, რომლის გვარიც არ მახსოვს, ცხოვრობდა ჩრდილოეთ ოსეთში, მაშინდელ ორჯონიკიძეში, მაგრამ მამაჩემისგან ვიცოდი, რომ ძალიან დიდგვაროვანი სპარსული წარმოშობა ჰქონდა. სახეც ეგეთი ჰქონდა – ნამდვილი აღმოსავლური. თან ეს კაცი იყო მონადირე და ყვებოდა, ოსეთში ირემზე ნადირობის დროს როგორ შეხვდა რაღაც არსებას, რომელიც თოვლის კაცის კავკასიური ვარიანტი უნდა ყოფილიყო. მე ორჯერ მომისმენია ეს ამბავი და ნაზიმას ორივეჯერ ოფლმა დაასხა და გაფითრდა, როდესაც ამ შეხვედრას აღწერდა. ყვებოდა, თუ როგორ მონუსხა თუ დააგიპნოზა ამ უცნაურმა, დიდმა, მაიმუნივით არსებამ. მამაჩემი ამ ამბავზე მხოლოდ იცინოდა და როგორც სჩვეოდა, ეჭვის თვალით უყურებდა ნაზიმას მონაყოლს, დედაჩემი კი, რომელიც თავის პირდაპირ მოვალეობად თვლიდა, რომ ყველასთვის დაეჯერებინა, ამაზე ეჩხუბებოდა.

ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან ბედნიერი დრო იყო და ჩემთვის – ბავშვისთვის ძალიან საინტერესოც. ჩვენი სახლი სულ სტუმრებით იყო სავსე. ვერც ეტეოდნენ ხოლმე, მაგრამ რაღაცნაირი მაგარი და გულიანი მოლხენა იცოდნენ. ჩვენი ოთახი, სადაც ქეიფები მიდიოდა, ერთდროულად ჩვენი საძინებელიც იყო. ჩემს დას და მე სხვა ოთახში გვაძინებდნენ, უშანგის ლოგინზე, ან ზურას ტახტზე. გვიან ღამით, როდესაც სტუმრები წავიდოდნენ, ოთახს ანიავებდნენ და ხელით გადავყავდით ჩვენს ლოგინში. მერე კი 1984 წელს უშბაზე დევი თარხნიშვილი, გოგი ზუმბაძე, ირაკლი გელდიაშვილი და სამი სხვა ალპინისტი დაიღუპა და ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. თუმცა მანამდე იყო 1980 წელი და ვიქტორ რიბინსკის დაღუპვა პამირზე. ვიქტორიც ამ ალპინისტური სამეგობროს ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო. იმ წელს მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში უნდა წასულიყო საცხოვრებლად (ვიქტორი წარმოშობით გერმანელი იყო) და მოსკოვის ოლიმპიადამ შეუშალა ხელი. ოლიმპიადის დამთავრების მერე დაპირდნენ გაშვებას. როგორც ვიცი, რომელიღაც მწვერვალზე აკეთებდა „სოლო“ ასვლას. ფიქრობდა, რომ ეს „სოლო“ მერე გერმანიაში გამოადგებოდა იქაურ გუნდებში დასამკვიდრებლად და უგზოუკვლოდ დაიკარგა. ჩვენ მაშინ ექსპედიციაში ვიყავით ფარავნის ტბაზე. მამაჩემი „ჭიქიანის“ ქვის ხანის ძეგლს თხრიდა და თბილისიდან ჩასულმა ჩამოიტანა ეს ამბავი. დედაჩემი გვერდზე გაიყვანა და ისე უთხრა. მახსოვს, როგორ ტიროდა დედაჩემი. ეს იყო პირველი ასეთი დიდი უბედურება, მაგრამ ოთხ წელიწადში მომხდარმა ყველაფერი დაჩრდილა. გოგი ზუმბაძე ჩემი დის ნათლია იყო. ხოლო დევი რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ორივე ჩემი მშობლისთვის, ამას გვიან მივხვდი. საერთოდ, მგონი, მე ბევრ ჩემს თანატოლზე გვიან გავიზარდე, თუმცა ამას დიდად არ ვნანობ. გოგი ახალკაცი, რომლის მამაც, თემური, ასევე დევის უახლოესი მეგობარი იყო, სულ სხვანაირად განიცდის დევის დანაკლისს და უბრალოდ დევი კი არა, მისი პიროვნება ახსოვს. მე იგივეს ვერ ვიტყვი, თუმცა დევი მეც კარგად მახსოვს ლურჯ „პუხის“ ჟილეტში და ის ბოლო შეხვედრაც მახსოვს, როდესაც მამაჩემთან ერთად მის სახლში ბაქოს ქუჩაზე გავიარეთ. მაშინ ზუსტად უშბაზე იმ ზამთრის ასვლაზე მიდიოდნენ რამდენიმე დღეში და სამთო აღჭურვილობას ალაგებდა…

დევი იყო პირველი დაღუპული, რომლის პანაშვიდზე წასვლაც დედაჩემმა მომთხოვა და რომელ პანაშვიდზეც წავედი. არადა ძალიან არ მინდოდა – ეტყობა მეშინოდა. ისიც მახსოვს, დედაჩემმა მითხრა, რომ ნიკი იყო მოსული (ნიკი ბაქანიძე) და ტიროდა და შენ როგორ არ გრცხვენია, რომ არ წამოხვიდეო.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21