ერთხელ სამსახურიდან მომიწია სკანდალით წამოსვლა. რაზეც ზალიკო მეჩხუბა, ცოტა ხანში კიდევ მეუბნება: რაღაც უნდა შევცვალოთ. რაღაც არასწორად ვცხოვრობთ… მე ჩემს დირექტორს ვაგინე – წამოვედი, ზურამ (ბიძაჩემმა) თავის დირექტორს აგინა – წამოვიდა, ახლა შენც გინებით წამოხვედი. ასე არ შეიძლებაო. ამას ამბობს და ვატყობ, რომ ჩემზე საერთოდ არ ბრაზობს და შეიძლება ოდნავ, გულის სიღრმეში, კმაყოფილიცაა, რომ ტრადიციას არ ვუღალატე. მაგრამ განსხვავება მაინც დიდი იყო. მე არასამთავრობო ორგანიზაციის მენეჯმენტის ეფემერული მწვრთნელის თანამდებობა დავკარგე, მან და ზურამ კი საქმეები, რომლებიც მთელი მათი ცხოვრება იყო.

დაახლოებით 1998 წელს ზალიკო მთებს დაუბრუნდა. აღადგინა ძველი კონტაქტები, ახალი მეგობრები შეიძინა და, როგორც იცოდა, ძალიან ბევრ ადამიანზე აიღო პასუხისმგებლობა. ხშირად ისეთ რაღაცეებსაც პირდებოდა, რასაც ვერასოდეს შეასრულებდა. ჩვენთვის, ოჯახის წევრებისთვის, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ვიცოდით, რომ ჰპირდებოდა ისეთ რამეს, რისი გაკეთებაც გულით უნდოდა და ამ მომენტში არასოდეს ფიქრობდა, ძალუძდა თუ არა დანაპირების შესრულება. ეს მისი დამახასიათებელი თვისება იყო. სინამდვილეში კი უამრავი რამ გააკეთა და უამრავ ხალხს გაუმართა ხელი. ვერ ვიტყვი, რომ ეს უმძიმდა. რასაც აკეთებდა, ამისგან დიდ სიამოვნებას იღებდა, მაგრამ ძალიან, უზომოდ დაიხარჯა, თანაც ასეთ ცხოვრებას შეეჩვია, პატარა ბიჭივით გახდა და სულ მთისკენ, სულ გაქცევაზე ეჭირა თვალი. მამაჩემის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე რატომღაც ვიფიქრე, ნეტავ მოხუცებული როგორი იქნება-მეთქი და ვერაფრით წარმოვიდგინე…

მთებმა დაამეგობრეს ის და მერაბ ხაბაზი, ერთ-ერთი შესანიშნავი და გამორჩეული კაცი, რომელსაც ოდესმე ვიცნობდი. ეს უჩვეულო მეგობრობა იყო – ასე უცბად და გატაცებით მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა კაცები მეგობრდებიან ხოლმე. მერაბს მე 1990 წლიდან ვიცნობდი, როდესაც მთამსვლელთა მაშინდელ სკა-ს გუნდს ყაბარდო-ბალყარეთში ელბრუსის სამთო ბანაკში ზამთრის შეკრებაზე გავყევი. მერაბი ჩემზე 12 წლით უფროსი და მამაჩემზე ამდენივეთი უმცროსი იყო. მე არ მახსოვს მერაბის ნათქვამი ხმამაღალი სიტყვა, ეს იყო ჩუმი, წესიერი, უზომოდ განათლებული კაცი, ძალიან ძლიერი ალპინისტი და ბრწყინვალე მათემატიკოსი.

მახსნდება 1993 წლის ზაფხული, რომელიც ყაზბეგის რაიონში ჭაუხებში გავატარე. ბანაკში გვქონდა გიტარა, რომელზეც ხან ვინ ვწვალობდით და ხან ვინ. მეც კი მქონდა ამ ინსტრუმენტის ათვისების სამარცხვინო მცდელობები. ისე, ბანაკში ერთი ნამდვილი მაესტროც გვყავდა – დათო რაქვიაშვილი. იმას რომ დაკვრა მობეზრდებოდა, მერე ჩვენ ვხლაფორთობდით რაღაცას და დაწოლის დრო რომ მოდიოდა, გიტარა საბოლოოდ იყო ხოლმე აშლილი. მაგრამ დილით გიტარა ისევ აწყობილი გვხვდებოდა. მივხვდით, რომ ღამით მერაბი აწყობდა და შეიძლება უკრავდა კიდეც. როცა ვუთხარით, მარტო გაეცინა და არაფერი თქვა. არც იმის მერე მინახავს როდესმე გიტარით ხელში.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21