იმ წელს ჭაუხში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. მერაბმა და სანდრო კობაიძემ მწვერვალ აღმაშენებელზე ლუკაშვილის მარშრუტი გაიარეს და ჩემპიონებიც გახდნენ. ძალიან ცუდი ამინდები იყო და რამდენიმე დღე იყვნენ მარშრუტზე. ამასობაში ჭაუხში ალპინიადაც ამოვიდა – გაჩნდნენ გოგოები და ჩვენც გავიხარეთ. მერაბი და სანდრო კი ისევ მარშრუტზე იყვნენ. დღეში რამდენჯერმე, დათქმულ დროს რაცია გამოგვქონდა და: „სანდრო და მერაბ, სანდრო და მერაბ! გესმით ჩვენი…“ მაგრამ არ ესმოდათ. გოგოებსაც ძალიან აინტერესებდათ ამ მითიური სანდროსა და მერაბის ნახვა. ერთ დილასაც ერთ-ერთი გოგო კარვიდან გამოდის და იქვე ჩამომჯდარ ფეხზე გახდილ ორ წვერიან და გადაქანცულ კაცს ხედავს. უცბად ვერც მიხვდა, თუ ვინ იყო ეს ორი უცხო ადამიანი, მერე ხელი გაიშვირა და ჰკითხა: „სანდრო და მერაბი?“

მერაბი აჭარაში სოფელ აჭყვისთავში არაჩვეულებრივ ოჯახში იყო დაბადებული. კარგად მახსოვს, როგორ მივაკითხე ერთხელ სამსახურში და იქ მისი ძმა რეზო გავიცანი. საქმე იმაშია, რომ მე და მერაბს ერთი საერთო დიდი გატაცება – ლათინოამერკული ლიტერატურა გვქონდა. ჩემს ბიბლიოთეკაში მისი ნაჩუქარი ლიოსას რამდენიმე რომანია. ამ თემაზე დიდხანს შეგვეძლო საუბარი. რეზო ძმასთან შედარებით ძალიან ჩვეულებრივი ჩანდა. მერაბი მაშინ უკვე ევერესტის დამპყრობელი იყო, რეზო კი  –  აჭარის რაიონული გამგეობის წვრილი ჩინოვნიკი, რომელიც გაცვეთილი პორთფელით ხელში თბილისში რაღაც ადმინისტრაციული საქმეების მოსაგვარებლად იყო ჩამოსული. უნდა გენახათ, როგორი „ტოპკები აგვიწია“ რეზომ, როდესაც ჩვენ საყვარელ მწერალზე დავიწყეთ საუბარი. როგორ გარდაისახა ეს კაცი და რა სასიამოვნო იყო ძმების სმენა. უკვე მერაბის სიკვდილის შემდეგ გავიგე, რომ რეზო უცოლშვილო იყო, რადგან მთელი ცხოვება თავისი გარდაცვლილი შუათანა ძმის შვილების აღზრდას შეალია. სამწუხაროდ, ერთხელაც არ გავყოლივარ მერაბს აჭარაში და აჭყვისთავში მხოლოდ მის გასვენებაში მოვხვდი. ეს არის არაჩვეულებრივი ადგილი, რომელიც ძალიან ჰგავს მერაბის და ჩემს საყვარელ ლათინოამერიკულ რომანებში აღწერილ ადგილებს, ხაბაზების სახლი კი მთელს სოფელს და დანისლულ, ნესტით დამძიმებული ჰაერის მიღმა მწვანეში ჩაძირულ აჭარის მთებს გაჰყურებს.

მერაბს არ უყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი. მის გასვენებაში მე კიდევ ერთი ამბავი შევიტყე, რომელსაც ახლა მოვყვები. მერაბის კოლეგა მათემატიკოსებმა გამოსათხოვარ სიყვაში თქვეს, რომ მათი კურსელი ყოფილა მერაბ კოსტავას ვაჟი, რომლის დაღუპვის შემდეგ თურმე ყველას ეშინოდა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და თითქმის უპატრონოდ დარჩენილი გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის გასვენების ორგანიზება. ეს თავის თავზე მერაბმა აიღო თურმე. გავოცდით, აჭარიდან ჩამოსულ ამ ბიჭს, როგორ არ შეეშინდაო. მერე ჩვენც გავთამამდით, გვერდში ამოვუდექით და ყველაფერი წესის მიხედვით ჩატარდაო.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21