ზალიკოს ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება ის იყო, რომ ძალიან უყვარდა ადამიანი და ძალიან სჯეროდა მისი შესაძლებლობებისა. სწამდა, რომ ადამიანს მრავალი რამის შეცვლა შეეძლო. ამ რწმენის ფონზე მისთვის ყველაზე მიუღებელი რამ თვითმკვლელობა იყო. მახსოვს, გოდერძი ჩოხელმა რომ თვითმკვლელობა სცადა, როგორ განიცადა და როგორი სინანულით ამბობდა: კაცმა ამდენი რამე ნახა, ცხოვრება ნახა, ამდენ რამეს მიხვდა და მაინც ამის გაკეთება გადაწყვიტაო…

ხშირად უთქვამს, განსაკუთრებით ნასვამი როცა იყო, რომ ადამიანმა თავი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიკლა და აუცილებლად სიცოცხლე უნდა გააგრძელოო. ერთი-ორჯერ მომეჩვენა, რომ ამას ჩემს გასაგონად ამბობდა იმიტომ, რომ საკმაოდ დეპრესიულ ტიპად მივაჩნდი და თან ჩემს გარშემოც, ჩემს თაობაში, ხშირად ხდებოდა ეგეთი რაღაცეები.

მას ჰქონდა კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი საქციელების კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ძალიან უყვარდა და აღფრთოვანების გარეშე ვერ ახსენებდა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი იყო დანიის მეფისა და დედოფლის მაგალითი, რომლებმაც ფაშისტური ოკუპაციის დროს პირველებმა გაიკეთეს დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი და ქუჩაში გავიდნენ, როდესაც ფაშისტებმა ყველა ებრაელს ამ ვარსკვლავის ტარება უბრძანეს. მეფეს და დედოფალს მიბაძა მთელმა დანიელმა ხალხმა და უკლებლივ ყველა ექვსქიმიანი ვარსკვლავით გამოვიდა თავის სახლიდან. დანიაში ებრაელთა გენოციდი ვერ შედგა. მამაჩემი ამ ამბავს აღელვების გარეშე ვერ ყვებოდა და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ასეთი გმირობების მაგალითებს მარტო უცხოელებში როდი ეძებდა. ასევე აღელვების გარეშე ვერასოდეს ახსენებდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელს და ზუსტად ასეთ მაგალითებს გულისხმობდა, როდესაც ამბობდა: „კაცობრიობას უამრავი ისეთი რამე აქვს ჩადენილი, რის გამოც უნდა გეზიზღებოდეს, მაგრამ აქვს ჩადენილი უამრავი ისეთიც, რის გამოც უნდა გიყვარდესო.“

მისი ეს რწმენა კონკრეტული ადამიანის შესაძლებლობისა და იმისა, რომ ერთი ინდივიდის საქციელს ბევრი რამის შეცვლა შეეძლო, განსაზღვრავდა მისი ცხოვრების წესს. ერთხელ, მახსოვს, ვიღაც უცხოელი ქალი ჰყავდა ცხინვალში წაყვანილი და უკანა გზაზე რესტორან „ვენეციაში“ ესადილათ. გვერდით ქეიფობდნენ ოსი და ქართველი პოლიციელები, რომლებიც თავიანთ საერთო საქმეებზე მოურიდებლად, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. სულ მოჭიდავეები იყვნენო ესენიც და ისინიც. გარეთ გადიოდნენ და კისრებზე წყალს ისხამდნენ, რომ ცოტა გაგრილებულიყვნენ. შემოდიოდნენ და ისევ განსხვავებულებსა სვამდნენო. ზალიკომ იცოდა ასე დაწვრილებით მოყოლა იმ ამბებისა, რომელიც მასზე განსაკუთრებით იმოქმედებდა. ამ შემთხვევაში კი იმან იმოქმედა, რომ საკუთარი თვალით ნახა ის, რაც ისედაც იცოდა, რომ ორი ხალხი ერთმანეთს გათიშული იყო, ხოლო ამ ორი ხალხის ყველაზე ხეპრე და შავბნელი წარმომადგენლები ხოშიანად გრძნობდნენ ერთად თავს, საქმესაც კარგად აგვარებდნენ და სადღეგრძელოებში იმას გაიძახოდნენ, რაც ისედაც ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო: ცუდი და კარგი ყველგან არის, ძმაო, და ჩვენ კიდევ ძმები ვართო!

მერე ზალიკო სულ ამბობდა და მგონი, ერთ-ერთ ინტერვიუშიც აქვს ნათქვამი, რომ თუკი ორი დაპირისპირებული მხარის პოლიციელები და კრიმინალები ახერხებენ ამ საზღვრების დარღვევას და გაერთიანებას, რატომ არ შეიძლება, რომ კეთილი ნების ადამიანებმაც დაარღვიონ ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები და კარგი საქმე აკეთონ ერთადო.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21