ვენეციის კომისიის დასკვნა

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს, – ამის შესახებ საუბარია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ერთობლივ რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა 2020 წლის დეკემბერში, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია მოუწოდებენ საქართველოს, გადახედოს საარჩევნო კოდექსში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან რამდენიმე ცვლილებას.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არღვევს პოლიტიკური პარტიების უფლებას, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, ართმევს რა მას უფასო საეთერო დროს, თუ პარტია არ იღებს სახელმწიფო დაფინანსებას. ამ პარტიებისთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმა არის „არაპროპორციული და უსაფუძვლო“, რადგან სწორედ ამ პარტიებს, რომლებსაც მცირე რესურსი აქვთ, დასჭირდებათ უფასო საეთერო დროსთან წვდომა, რათა გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და წარუდგინონ პროგრამა ელექტორატს.

ვენეციის კომისია ასევე შეშფოთებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გამო, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ეტყვიან პარტიებს ან საარჩევნო ბლოკებს, რომლებიც პარლამენტში მოპოვებული მანდატების სულ მცირე ნახევარს მაინც არ აიღებენ და ჩამოართმევს უფლებას პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, თუ რომელიმე პარტიის ან ბლოკის დეპუტატების ნახევარი, მისაღები მიზეზის გარეშე, არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

კიდევ ერთ რეკომენდაციაში, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მოუწოდებენ საქართველოს, „გადახედონ საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის განახლებული ვერსიის მიღებას, რომელიც ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ასრულებენ პარტიის ლიდერის ფუნქციებს საარჩევნო კამპანიის პერიოდში“.​