ESC 2019

ოთო ნემსაძემ საქართველო 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში წარადგინა, სიმღერით „სულ წინ იარე“.

საქართველოს წარმომადგენელი პირველ ნახევარფინალში 14 მაისს გამოვიდა.

პირველი ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში 10 ქვეყნის მონაწილე გადავიდა, მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.

 

საკონკურსო სიმღერის „სულ წინ იარე” ვიდეორგოლის რეჟისორია – გიორგი ებრალიძე; კომპოზიტორი – რომა გიორგაძე, ტექსტი – დიანა გიორგაძე.

გადაღებები მალთაყვაში, ენგურის ხიდსა და თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა. კლიპში, ოთო ნემსაძესთან ერთად, მონაწილეობენ ანსამბლ „შავნაბადას“ წევრები და სპეციალურად ვიდეორგოლისთვის შერჩეული 50-ზე მეტი ადამიანი. 

    

 

 

ოთო ნემსაძე „საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებულია 

პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.

ფინალური შოუსთვის შემოვიდა ხმათა რეკორდული რაოდენობა – 234 383 ხმა, რომლის 44,13 პროცენტი ოთო ნემსაძემ მიიღო.