ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო“ ოთო ნემსაძის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო“ ოთო ნემსაძის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო“ ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, ოთო ნემსაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

​გამოცემა ვრცლად მიმოიხილავს ოთო ნემსაძის კარიერას და დასძენს, რომ მომღერალმა ევროვიზიის საგზური „საქართველოს ვარსკვლავში“ გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

„მარტის დასაწყისში ოთო ნემსაძემ „საქართველოს ხმის“ ფინალში გაიმარჯვა და მიეცა საშუალება, თავისი ქვეყანა ევროვიზიაზე წარმოადგინოს. 29 წლის ქართველმა მომღერალმა უკვე გამოიჩინა თავი 2010 წელს ტალანტების შოუში, კერძოდ, „ჯეოსტარის“ მეხუთე სეზონში. 2013 წელს კი მეორე ადგილი დაიკავა „უკრაინის ხმაში“, – წერს „ლე ფიგარო“.

ფრანგული ​გამოცემა ოთო ნემსაძის სიმღერას შემდეგნაირად აღწერს: „​ეს არის მოწოდება, სიმღერით გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები; ყველამ ერთად, მთელი გულით ვიმღეროთ“.

„ლე ფიგარო“ ვრცლად ეხება ევროვიზიაზე საქართველოს მონაწილეობის ისტორიასაც.

„ქართველები ოთხჯერ ვერ გავიდნენ ფინალში, მათ შორის, შარშან ლისაბონში, სადაც ჯგუფი „ირიაო“ ასრულებდა სიმღერას „შენი გულისთვის“. 2009 წელს საქართველოდან წარდგენილი სიმღერა – We Don’t Want To Put In არ დაუშვეს კონკურსზე, რომელიც პოლიტიკურ მესიჯს შეიცავდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. სიმღერას სტეფანე და 3G ასრულებდა“, – წერს „ლე ფიგარო“.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. ოთო ნემსაძე 14 მაისს, პირველ ნახევარფინალურ ტურში მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.