ოთო ნემსაძემ ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში იმღერა [ვიდეო]

ოთო ნემსაძე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში წარდგა მსმენელის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა „სულ წინ იარე“ შეასრულა.

პირველი ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში 10 ქვეყნის მონაწილე გადავიდა, მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს თელ-ავივში გაიმართა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველმა არხმა შემოგთავაზათ. ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი 16 მაისს, ფინალი 18 მაისს გაიმართება, პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

კონკურსის პირველი ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა. ესენი არიან: საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან-მარინო, სლოვენია.

კიდევ ათი ფინალისტი მეორე ნახევარფინალში გამოვლინდება.

ევროვიზიის ფინალზე ამ 20 ფინალისტთან ერთად გამარჯვებისთვის „დიდი ხუთეულის” ქვეყნები  – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი იბრძოლებენ. ფინალურ ეტაპზე ნახევარფინალური ეტაპის გარეშე გადავიდა ასევე კონკურსის მასპინძელი ქვეყანა – ისრაელი.

საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2007 წლიდან მონაწილეობს.