ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერაზე ვიდეორგოლს რეჟისორი გიორგი ებრალიძე გადაიღებს
ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერაზე ვიდეორგოლს რეჟისორი გიორგი ებრალიძე გადაიღებს

ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღება იწყება. კლიპი მასშტაბური იქნება და მისი გადაღება საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია დაგეგმილი.

საკონკურსო სიმღერის კლიპში ანსამბლ „შავნაბადას“ მომღერლები და სპეციალურად შერჩეული 50-ზე მეტი ტიპაჟი მიიღებს მონაწილეობას. ვიდეორგოლზე რეჟისორი გიორგი ებრალიძე იმუშავებს.

გიორგი ებრალიძე სხვადასხვა ქართული და უცხოური საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მის ანგარიშზეა კომპანია მაგთის რეკლამა „ქვევრი“, რომელიც ევროპის საუკეთესო სარეკლამო რგოლების კატალოგშია შესული. გიორგი ასევე კიევის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალისა და რამდენიმე ქართული დაჯილდოების პრიზიორია.

გიორგი ებრალიძემ 1985 წელს ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. 1980-1985 წლებში საქართველოს ტელევიზიის სატელევიზიო თეატრის რეჟისორი გახლდათ.

1999 -2004 წლებში გიორგი საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის სოციალური პროექტებისა და პრომოუშენის რეჟისორი იყო. ის მეორე არხის ერთ-ერთი დამაარსებელი, კონცეფციისა და ფორმატის შემქმნელი, ასევე სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ.

1995 წელი – სტუდია „მაესტროს“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

2008 წლიდან – დღემდე საწარმოო სტუდია „რე-ანიმატორის“ არტდირექტორია.

საკონკურსო ვიდეორგოლის გადაღება რამდენიმე დღე გაგრძელდება და მისი პრემიერა აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი.