ESC 2015

ნინა სუბლატი, სიმღერით Warrior

 

ნინა სუბლატმა საქართველო 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა, სიმღერით Warrior, რომელიც თავად შექმნა. მომღერალმა კონკურსში მე-11 ადგილი დაიკავა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის მონაწილეები იყვნენ მიშა სულუხია, ნინა სუბლატი, ეთერ ბერიაშვილი, ჯგუფი „ნიუტონი” და ედვარდ მეისონი.

 

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ნინა სუბლატი გახდა.

ნინა სუბლატი – არტისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი.

დაიბადა 1995 წლის 31 იანვარს ქ. მოსკოვში.

2005 წელს დაამთავრა ხელოვნების სკოლა, რომელშიც ეუფლებოდა ხატვას, გრაფიკას, ქანდაკებას. მისმა ნამუშევრებმა რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა.

2008 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა, ფორტეპიანოს სპეციალობით. 2009 წელს შეთავაზება მიიღო სამოდელო სააგენტოდან, სადაც გააფორმა კონტრაქტი – როგორც მთავარმა მოდელმა და წლების განმავლობაში იმუშავა ცნობილ დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან.

2010 -2011 წლებში ნინა მოღვაწეობდა სხვადასხვა ბენდთან ერთად და ატარებდა კონცერტებს საქართველოს მასშტაბით.

2011 წელს ნინამ დაიწყო თანამშრომლობა Georgian Dream Studio-სთან, სადაც მუშაობდა მომღერალ ბერასთან, ასევე, ნიუ იორკიდან, ლოს ანჯელესიდან და ლონდონიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა და ქორეოგრაფებთან. აქ, ნინა უფრო საფუძვლიანად დაეუფლა მუსიკის ისტორიას, თეორიას, ვოკალის ტექნიკას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას და ა.შ.

2013 წელს ნინამ მონაწილეობა მიიღო პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი”, სადაც მუშაობდა „ბრავო ბენდთან” და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან. ნინა გახდა პროექტის გამარჯვებული და პრიზის სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან – ვოკალის კურსის უმაღლეს საფეხურზე.

2013 წელს ნინამ ჩააბარა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, ინტერიერის დიზაინის კურსზე.

2014 წელს ნინა მონაწილეობდა ქართულ მიუზიკლში „ლურჯი ფრინველი” (დამდგმელი რეჟისორი დავით დოიჯაშვილი).

2014 წელს ნინამ ითანამშრომლა Bravo Records-თან, სადაც ჩაწერა სადებიუტო ალბომი Dare To Be Nina Sublatti. ალბომი მაშინვე მოექცა ჩარტების სათავეებში, გახდა ყველაზე გაყიდვადი ქართული ალბომი; ამას მოჰყვა ტურნე საქართველოს მასშტაბით.

2014 წლიდან ნინა სწავლობს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე.

ნინა საკუთარ სტუდიაში მუშაობს მეორე ალბომზე. ალბომში შესული ყველა კომპოზიციის, მუსიკის, ტექსტისა და არანჟირების ავტორი თავად ნინა არის. ნინა სუბლატი არის „X – ფაქტორის” ჟიურის წევრი.