ESC 2025

საქართველოს ევროვიზია 2026-ზე ჯგუფმა „ბზიკებმა“ წარადგენა, საკონკურსო სიმღერით On Replay

მუსიკალურ ჯგუფ „ბზიკების“ წევრები არიან გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი. მათ პოპულარობა ბავშვობაში მოიპოვეს, როდესაც 2008 წელს საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვეს.

ჯგუფი 2008 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. მისი წევრები თავდაპირველად საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე ინდივიდუალურად წარდგნენ, თუმცა, ჟიურის გადაწყვეტილებით, ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ. იმ პერიოდში „ბზიკები“ კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები, 10 წლისანი იყვნენ.

„ბზიკებმა“ შიდაშესარჩევი ტური თბილისში დიდი უპირატესობით მოიგეს და 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში მე-6 ნომრად წარდგნენ. მათმა სიმღერამ ორიგინალურობითა და ენერგიით დიდი გამოხმაურება მოიპოვა და ჯგუფი კონკურსის გამარჯვებული გახდა. მათ, საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში, საქართველოს პირველი გამარჯვება მოუტანეს. საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვების შემდეგ ჯგუფმა გამოუშვა ალბომი „ზაბუზეი“, რომლის სიმღერებიც საქართველოში ბევრმა ბავშვმა იცის.

დაახლოებით 18-წლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ „ბზიკები“ სცენაზე დაბრუნდნენ უკვე ახალი მუსიკალური ხედვითა და შემოქმედებითი სტილით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, ჯგუფმა საქართველო ევროვიზია 2026-ზე წარადგინა.

 

მარიამ შენგელიამ საქართველოს 2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა, სიმღერით Freedom

საქართველოს წარმომადგენელმა მეორე ნახევარფინალში იმღერა. ევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართა.

 

ESC 2024

ნუცა ბუზალაძემ საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალურ შოუზე წარადგინა, სიმღერით Firefighter. 

ევროვიზიის სიმღერის კონკურსს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქი მალმე მასპინძლობდა. ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარია გახდა.

 

საქართველოს წარმომადგენელმა მეორე ნახევარფინალში იმღერა, ტური წარმატებით გადალახა და ფინალში გადავიდა.

ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი გამოსვლა ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში

 

Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლიდან მღეროდა ანსამბლ „მართვეში“, შემდეგ იყო საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი, ასევე უკრავდა გიტარაზე. 8 წლიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა.

წლების განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული 10-ზე მეტ კონკურსში და ბევრჯერ მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნუცა წარმატებით მონაწილეობდა ისეთ კონკურსებში, როგორებიცაა:

2011 წ. „ნიჭიერი“ (ნახევარფინალისტი)
2013 წ. „ერთი–ერთში“ (ფინალისტი)
2014 წ. „ახალი ტალღა“ (გამარჯვებული)
2015 წ. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ (ნახევარფინალისტი)
2017 წ. The Voice of Turkey (ნახევარფინალისტი)
2020 წ. „ყველა ერთად“ (ფინალისტი)
2021 წ. Kenga Magjike (გამარჯვებული)
2021 წ. „ყველა ერთად“ (ფინალისტი)
2023 წ. American Idol (ტოპ 12)

2019 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი Nutsa22, რომელიც აერთიანებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან სიმღერებს.

2023 წლამდე, პარალელურად, ლოს ანჯელესსა და დუბაიში მღეროდა თეატრში და მართავდა კონცერტებს.

2023 წელს ნუცამ მონაწილეობა მიიღო პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ შოუში – American Idol, სადაც top 12 მონაწილეში მოხვდა, ხოლო შოუს ფინალში შეასრულა დუეტი ავსტრალიელ პოპვარსკვლავ კაილი მინოუგთან ერთად.