JESC 2018

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო თამარ ედილაშვილმა წარადგინა, სიმღერით  „შენი ხმა“.

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი როქსანა ვეგიელი​ გახდა.

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ავტორი არის სოფო ტოროშელიძე, ხოლო ტექსტი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

თამარ ედილაშვილი დაიბადა 2005 წლის 11 მაისს თბილისში. 
ის სკოლა-ლიცეუმ NK-ის მე-VII კლასის მოსწავლეა. 
ამავდროულად, სწავლობს ევგენი მიქელაძის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, ვოკალის ფაკულტეტზე. 
2016 წლიდან შევიდა მუსიკალურ სტუდიაში „სახე” (ხელმძღვანელი – დავით ფორჩხიძე). ამავე სტუდიაში, 2017 წელს შეარჩიეს მეგაშოუ „X ფაქტორის” მონაწილედ, რომელშიც დიდი წარმატებით მივიდა ნახევარფინალამდე. 
2018 წელს საქართველოში ჩატარდა საბავშვო ევროვიზიისთვის შესარჩევი მუსიკალური კონკურსი „რანინა”, რომელშიც თამარმა გაიმარჯვა. ის 2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი გახდა.

თამარ ედილაშვილი პირველი არხის ორიგინალური საბავშვო მუსიკალური პროექტის „რანინას“ პირველი სეზონის გამარჯვებულია

„რანინას” კონკურსანტების შესარჩევად, 2017 წლის სექტემბერში გამოცხადდა კასტინგი, 8-დან 13 წლამდე ასაკის, სიმღერის ნიჭის მქონე ბავშვებისთვის. კონკურსში მონაწილეობის სურვილი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 500-მდე ბავშვმა გამოთქვა. შიდაშესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპზე 20 კონკურსანტი შეირჩა, საიდანაც ჟიურიმ „რანინას“ საუკეთესო ათული გამოავლინა, მათ შორის თამარ ედილაშვილი.

„რანინა“ პირველი არხის ეთერში 2018 წლის 2 მარტს გავიდა. „რანინას“ კონკურსანტებმა, სამი თვის განმავლობაში, გაიარეს ურთულესი გზა – იმღერეს სხვადასხვა ჟანრში, მოირგეს ყველანაირი მუსიკალური მოცემულობა და გადალახეს ისეთი ბარიერები, როგორიც ამ ასაკის ბავშვებს არცერთ მუსიკალურ კონკურსში გადაულახავთ.

შესრულდა დუეტები ცნობილ მომღერლებთან. პირველი ტური სალომე კორკოტაშვილისა და ნიაზ დიასამიძის მუსიკას დაეთმო. თამარ ედილაშვილმა პირველ ეპიზოდში, სწორედ სალომე კორკოტაშვილთან იმღერა დუეტში. შემდეგი იყო მსოფლიო მუსიკა და დიდ ორკესტრთან პატარა მუსიკოსების კოლაბორაცია. ამას მოჰყვა ყველაზე რთული მუსიკალური გამოცდა – ა კაპელა და კონკურსანტები The Quintessence-თან ერთად, სადაც ქართული რეპერტუარი შესრულდა. ძირითადი ტურების ბოლო ეტაპი კი ლეგენდარული პოლ მაკარტნის მუსიკას დაეთმო.

ყოველ ტურში კონკურსანტებს ჟიურის განსხვავებული შემადგენლობა აფასებდა. ისინი ქულებს ოთხ კატეგორიაში – ვოკალი, შესრულება, არტისტიზმი, კოლაბორაცია, 10-ბალიანი სისტემით წერდნენ. ოთხი ტურის შემდეგ „რანინას” ხუთმა მონაწილემ პროექტი დატოვა.

თამარ ედილაშვილი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა და გააგრძელა ბრძოლა გამარჯვებისთვის.

ნახევარფინალში შეფასების სისტემა შეიცვალა. აქ ჟიურის წევრები ადგენდნენ საკუთარ რეიტინგს და ორი ნახევარფინალის ჯამური რეიტინგით გამოვლინდა ფინალისტების სამეული, მათ შორის თამარ ედილაშვილი.

პირველ ნახევარფინალში კონკურსანტებმა ანსამბლ „ირიაოსთან“ ერთად იმღერეს. მეორე ნახევარფინალი კი The Jackson 5-ის სიმღერებს დაეთმო.

„რანინას” ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ – ანასტასია ტოგონიძე, ნიკოლოზ ვასაძე და თამარ ედილაშვილი. მათ ორკესტრთან, „ირიაოსთან“ და The Quintessence- თან ერთად ქართული ნაწარმოებები შეასრულეს.  ჟიურის ხმათა უმრავლესობით „რანინას“ პირველი სეზონის გამარჯვებული და საქართველოს ხმა 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე გახდა – თამარ ედილაშვილი.

 

„რანინა” – ტური I, ეპიზოდი I. თამარ ედილაშვილი – „ლალე”

„რანინა” ტური II, ეპიზოდი I. თამარ ედილაშვილი – Circle Of life (The Lion King)

„რანინა” – ტური III, ეპიზოდი I – თამარ ედილაშვილი & The Quintessence – „თათრის გოგონა”

„რანინა” – ტური IV, ეპიზოდი I – თამარ ედილაშვილი – The Fool On The Hill

„რანინა“ – მეორე ნახევარფინალი. თამარ ედილაშვილი – I Will Be There

„რანინა“ – პირველი ნახევარფინალი – თამარ ედილაშვილი & „ირიაო“ – „გზავნილი ყანჩელს“

„რანინა“ – ფინალი! თამარ ედილაშვილი – „მზეო, ლილეო”