ოთო ნემსაძის სიმღერის - „სულ წინ იარე“ კლიპის გადაღებები დღეს მთავრდება [ფოტო]
ოთო ნემსაძის სიმღერის - „სულ წინ იარე“ კლიპის გადაღებები დღეს მთავრდება [ფოტო]

ევროვიზია 2019-ის ქართველი მონაწილის, ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერაზე „სულ წინ იარე“ ვიდეოკლიპის გადაღებას რეჟისორი გიორგი ებრალიძე შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დღეს დაამთავრებს. სოფელ მალთაყვასა და ენგურის ხიდის შემდეგ, გადაღებები თბილისში გაგრძელდა. ოთო ნემსაძემ ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად „ვარადა“ მავთულხლართების ფონზე შეასრულა.

„როგორც იმ რეგიონის წარმომადგენლისთვის, რომელიც დღეს მავთულხლართებშია გაბმული, მავთულხლართების დანახვა ჩემთვის არ არის მარტივი. ვფიქრობ, ეს ვიდეოკლიპი გულგრილს არავის დატოვებს. მთავარი გზავნილი ასეთია – საქართველოში არ არსებობს გაყოფილი კუთხეები, ადრე თუ გვიან მავთულები გაქრება და ჩვენ ყველანი ისევ ერთად ვიმღერებთ „ვარადასაც“, „ვარაიდასაც“ და სხვა სიმღერებსაც“, – აღნიშნა ოთო ნემსაძემ.

რეჟისორ გიორგი ებრალიძის თქმით, არცერთ ადამიანს არ უნდა, რომ მისი ქვეყანა იყოს გაყოფილი.

„ადამიანებს უნდათ ერთად ყოფნა, ჩვენ გვინდა ერთად ყოფნა და ადრე თუ გვიან, ეს ბარიერები დაინგრევა“, – განაცხადა გიორგი ებრალიძემ.

კლიპის პრეზენტაცია 8 აპრილს გაიმართება.
ოთო ნემსაძე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 14 მაისს მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.