საკონსტიტუციო სარჩელი

„არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე,“ – სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ამ ტერმინის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაიწყო მსჯელობა.

საქმეში, – სახელწოდებით, „გიორგი ბერუაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ,“ – გასაჩივრებული ნორმის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინი, „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“ არის ბუნდოვანი და იძლევა სხვადასხვა, მათ შორის, ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსით განმარტების შესაძლებლობას. აღნიშნული კი ქმნის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფრთხეს და არღვევს კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპს.

მოსარჩელის განცხადებით, სარჩელი საერთო სასამართლოების პრაქტიკიდან გამომდინარე მომზადდა.