სახალხო დამცველის განცხადება
სახალხო დამცველი კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება. ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი არ განიხილოს დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებებზე მსჯელობა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით. მისი განცხადების თანახმად, კანონპროექტის მიხედვით, დღეს დამკვიდრებული საქვეყნოობის პრინციპი არსებითად იცვლება და ღიაობის ნაცვლად, ძირითად წესად აკრძალვა მკვიდრდება.
ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სასამართლო სხდომების გაშუქება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და მოსამართლეთა მივლინების წესები, სასამართლო აქტების საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომისა და სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა არაერთი ფუნდამენტური საკითხი. მითითებული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა მასში სრულფასოვანი ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს.
სამწუხაროდ, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას.