დღეს პირველის მოსმენით სესიაზე გადის „სისხლის სამართლის კოდექსში“ „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატების თაობაზე ცვლილებები. აღნიშნული ინიციატივა გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ინიციატივის თანახმად, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული რომელიმე ისეთი ქმედების ჩადენა, როგორებიც არის ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა; ასევე, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ოპოზიციური სპექტრი განმარტავს რომ „ქართული ოცნება“ მორიგი შემზღუდავი და რეპრესიული კანონების მიღებას განაგრძობს, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაა. მმართველ გუნდში კი „სისხლის სამართლის კოდექსში“ აღნიშნული მუხლის დამატების მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს.