პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს და დაამტკიცებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს. ცოტა ხნის წინ იურიდიულმა კომიტეტმა ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, მას 20-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება მონაწილეობას იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, ეს ფაქტი პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით. საკითხის ირგვლივ შეფასებები კეთდება პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივა „ქართული ოცნების“ ავტოკრატიული რეჟიმის გაძლიერებას ემსახურება. მმართველი გუნდი კი აღნიშნული ინიციატივის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.