საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღე

დღეს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 105 წელი გავიდა – დოკუმენტი, რომელმაც საქართველოს განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა, 1921 წლის 21 თებერვალს დამტკიცდა. პირველი რესპუბლიკის მიერ მიღებული კონსტიტუცია 17 თავსა და 149 მუხლს მოიცავდა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა. საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის პირველი შეკრება 1918 წლის 7 ივნისს გაიმართა.

დამფუძნებელი კრების არჩევის შემდეგ, 1919 წლის მარტში, შეიქმნა თხუთმეტი წევრისაგან შემდგარი ახალი საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც მანამდე არსებული კომისიის მასალები გადაიბარა და მუშაობა განაგრძო. კომისიის წევრთა შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. მას ჯერ რაჟდენ არსენიძე, ხოლო მოგვიანებით პავლე საყვარელიძე ხელმძღვანელობდა. პროექტის განხილვას კრების მრავალი სხდომა მიეძღვნა.

1921 წლის 21 თებერვალს კი, როცა ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა, დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო.