ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში

პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე დაჩქარებული წესით მსჯელობს. იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, იკრძალება მოსამართლესთან კომუნიკაცია ზეწოლის მიზნით, მარტივდება რაიონული სასამართლოს მოსამართლის დაწინაურების პროცედურა.

ასევე კრიტიკის საფუძველია ცვლილებების ის ნაწილიც, რომელიც სასამართლოში მედიის მუშაობას ეხება. კანონპროექტით, სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება, გარდა იმ შემთხვევის, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. პროექტში ნათქვამია, რომ სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.