სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება – გამოხმაურება
„ქართული ოცნების“ ინიციატივას, სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატების შესახებ, შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მუხლი თავის დროზე კოდექსიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს მუხლი, რომელიც სახელს დაარქმევს იმ დანაშაულებს, რომელიც შესაბამისი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული თავით არის განსაზღვრული. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ინიციატივის მთავარი მიზანი რეპრესიებია და თუ ვინმე ახლა ამ მუხლით არის გასასამართლებელი, ეს სწორედ „ქართული ოცნებაა.“