ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“

სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის დანაშაულში ჩაბმა დამამძიმებელი გარემოება იქნება. ცვლილებებით დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, ჩადენილი დანაშაულისთვის „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, სულ მცირე, ერთი წლით უნდა აღემატებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია – ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის ვადა არ უნდა იყოს „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე, ერთი წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.